2018-11-27

ქართული მეცნიერების უპრეცედენტო აღიარება ევროპაში

ქართული მეცნიერების უპრეცედენტო აღიარება ევროპაში
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან პირველად საქართველოში, თსუ-ში გაიხსნება „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი. ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს „აკადემია ევროპეას“ მმართველი საბჭოს წევრებმა ბარსელონაში, ყოველწლიურ შეკრებაზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ „აკადემია ევროპეას“ პრეზიდენტმა, COST-ის (ევროპული კოოპერაცია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში) პრეზიდენტმა სიერდ ქლოეზინგმა და „აკადემია ევროპეას“  მმართველი საბჭოს წევრმა, ევროპული კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ევა კონდოროსმა ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე პირველი შეფასებები გააკეთეს.

თსუ რექტორი, „აკადემია ევროპეას“ ნამდვილი წევრი გიორგი შარვაშიძე: „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა - „ევროპის აკადემიამ“ მიიღო ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყანაში კვლევითი წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება. ამით ძალიან ბევრ ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს სხვადასხვა ევროპულ პროგრამაში.  მინდა აღვნიშნო ყველა თაობის ქართველი მეცნიერის ღვაწლი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. „აკადემია ევროპეას“ პირველი წევრი საქართველოდან გახდა  თამაზ გამყრელიძე, შემდგომი ყველა წევრი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქართულ მეცნიერებას სახელი გაუთქვას, უფრო მეტი კონტაქტი ჩამოუყალიბდეს ევროპულ მეცნიერებთან. ეს არის ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯი და ვულოცავ ყველას - აკადემიურ საზოგადოებას, მეცნიერებს ამ წარმატებას.“

„აკადემია ევროპეას“  მმართველი საბჭოს წევრი, ევროპული კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ევა კონდოროსი: „აკადემია ევროპეასთვის“  ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა რომ ვითანამშრომლოთ თქვენი ქვეყნის გამორჩეულ მეცნიერებთან. თქვენ მეცნიერების მრავალ დარგში გყავთ ნიჭიერი როგორც ასაკოვანი, ისე ახალგაზრდა მეცნიერები. საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა მნიშნველოვანი კონტრიბუცია შეიტანოს „აკადემია ევროპეას“ საქმიანობაში. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ საქართველოზე და, დარწმუნებული ვარ, საქართველო მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ევროპულ მეცნიერებას. ეს იქნება პირველი ჰაბი, რომელიც გაიხსნება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჰაბი გაერთიანებულ სამეფოშიც, რომელიც მალე აღარ იქნება ევროკავშირის წევრი, თუმცა, ისინი აუცილებლად შეინარჩუნებენ და გააგრძელებენ „აკადემია ევროპეასთან“ თანამშრომლობას.“

„აკადემია ევროპეას“ პრეზიდენტი, COST-ის (ევროპული კოოპერაცია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში) პრეზიდენტი სიერდ ქლოეზინგი: „დღეს მმართველმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დაფუძნდეს „აკადემია ევროპეას“ ჰაბი. ამასთან, მოვისმინეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის საინტერესო პრეზენტაცია გეგმებისა და სამომავლო აქტივობების თაობაზე. დიდი სიხარულით დაველოდებით თბილისში ჰაბის ოფიციალურ გახსნას მომავალი წლის აპრილში. ვთვლით, რომ საქართველო მნიშნველოვანი ქვეყანაა ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. მე ჩამოვედი საქართველოში, როცა ქვეყანამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იზეიმა და საქართველომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, საქართველოში ასევე ვიმყოფებოდი, როგორც ევროპის კვლევითი საბჭოსა და მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში ევროპული კოოპერაციის (COST)-ის ხელმძღვანელი და სწორედ ამიტომ, ვთვლი რომ ეს ჰაბი საქართველოსა და მის რეგიონს არა მხოლოდ „აკადემია ევროპეას“ არამედ ევროპულ კვლევით საბჭოსა და COST-ის კვლევებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. 





Print

« იხ. ყველა სიახლე