2015-01-28

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური სიმბოლიკა აქვს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური სიმბოლიკა აქვს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური სიმბოლიკა აქვს. თსუ-ს დროშა და გერბი საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიწოდებული კრიტერიუმების საფუძველზე მოამზადა.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჯარო განხილვის მიზნით,  ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ მომზადებული  ვარიანტები გამოქვეყნდა გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტში“, თსუ-ს ვებგვერდზე და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო განთავსებუილი.

უნივერსიტეტის სიმბოლიკა თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა 29 დეკემბერს ერთხმად დაამტკიცეს.

როგორც თსუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორმა, პროფესორმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, უნივერსიტეტის სიმბოლიკა არ შეცვლილა, ის დაზუსტდა.

უნივერსიტეტის გერბს საფუძვლად დაედო დიმიტრი შევარდნაძის მიერ ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით შემუშავებული ბეჭედი, რომლის ესკიზიც 1918 წლის 5 თებერვალს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მე-4 სხდომამ დაამტკიცა. გერბი განთავსებული იყო უნივერსიტეტის გამოცემებზე, 1922 წლიდან მოყოლებული კი მისი გამოსახულებით დამშვენებულ სამკერდე ნიშნებს ატარებდნენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები.

უცვლელია  უნივერსიტეტის პირველ ბეჭედზე ამოტვიფრული ქართულ-ლათინური წარწერა: „ტფილისის უნივერსიტეტი – Universitas Tphilisensis“, თუმცა, დატანილია უნივერსიტეტის გახსნის თარიღი „1918“.





Print

« იხ. ყველა სიახლე