2020-07-01

ვებინარი - უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია

ვებინარი  - უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვებინარი გამართა. ვებინარის "უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია კორონავირუსის კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდში" მომხსენებლები იყვნენ თსუ რექტორი, დოქტორი გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო უმაღლესი განათლების ცენტრის დირექტორი, ბოსტონის კოლეჯის პროფესორი ჰანს დე ვიტი, ლიდს ბექით უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი ელსპეფ ჯოუნსი და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს ხელმძღვანელი, დოქტორი ალექსანდერ ჰასგალი.

მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ კორონავირუსის პანდემიამ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე უარყოფითთან ერთად დადებითი გავლენაც მოახდინა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, უნივერსიტეტებმა სამ კვირაში გააკეთეს ის, რაც ბოლო 10 წელიწადში ვერ მოხერხდა. "პანდემიის პერიოდში ღია საგანმანათლებლო რესურსები შეიქმნა, უნივერსიტეტებმა საკუთარი ბიბლიოთეკები ფართო საზოგადოებისთვის გახსნეს. საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა ცვლილებები ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. მოხერხდა დისერტაციების დაცვა ონლაინ რეჟიმში," - განაცხადა თსუ რექტორმა.

ბოსტონის კოლეჯის საერთაშორისო უმაღლესი განათლების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ჰანს დე ვიტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა ცხადად გამოაჩინა თანამშრომლობის აუცილებლობა. "კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისამდე ინტერნაციონალიზაცია ფოკუსირებული იყო შეჯიბრებითობის პრინციპზე, შემოსავლის მიღებაზე, უნივერსიტეტის რეიტინგის გაზრდაზე და არა თანამშრომლობაზე. კრიზისის შემდეგ ნათელი გახდა, რომ არ არსებობს საზღვრები, პრობლემის გადასაჭრელად გლობალური საზოგადოება და თანამშრომლობაა საჭირო," - განაცხადა პროფესორმა ჰანს დე ვიტმა.

ვებინარის მონაწილეებმა განიხილეს ისეთ საკითხები, როგორიცაა: ინტერნაციონალიზაციის განმარტება და მისი მნიშვნელობა დღეს;  უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა საერთაშორისო გადაადგილების შეზღუდულ პირობებში; კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა ზოგადად და პანდემიის დროს; შედეგზე ორიენტირებულ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე გადასვლა;  ინტერნაციონალური სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და სტუდენტების დახმარება სწავლის შედეგების მიღწევაში; სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა; უნივერსიტეტის მიერ მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა.

ვებინარის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო, სადაც მომხსენებლებმა Zoom-სა და Facebook Live-ზე შემოსულ კითხვებს უპასუხეს.

Print

« იხ. ყველა სიახლე