2015-02-02

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება
მისასალმებელია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური სიმბოლიკის - დროშისა და გერბის მიღებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თსუ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მხოლოდ უმაღლესი სასწავლებელი არ არის, გარკვეულწილად იგი არის სიმბოლო ქართული სახელმწიფოებრიობის, საზოგადოებრივი ცხოვრების ტონის მიმცემი. ამიტომაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსახორციელებელი ნებისმიერი აქტივობა სერიოზულ განსჯას საჭიროებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღემდე არ ჰქონდა ოფიციალურად დამტკიცებული სიმბოლიკა - დროშა და გერბი. პრაქტიკაში გამოიყენებოდა დიმიტრი შევარდნაძის მიერ შესრულებული ირმისა და ნუკრის გამოსახულება, რომელიც თავდაპირველად უნივერსიტეტის ბეჭედზე იყო წარმოადგენილი. ამ სიცარიელის შესავსებად თსუ-მ თხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, რომელმაც უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიწოდებული კრიტერიუმების საფუძველზე სიმბოლიკის რამდენიმე ესკიზი შეიმუშავა.  2014 წლის ივლისში ესკიზები განსახილველად გამოქვეყნდა თსუ-ს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი,“ ვებგვერდზე და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. ცხადია, ჩვენ ვაცნობიერებდით იმას, რომ  ყველას მოსაწონ დროშასა და გერბს ვერ შევიმუშვებდით, ამიტომაც გვსურდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გამოეთქვა საკუთრი აზრი, შენიშვნები და რეკომენდაციები. გულწრფელად ველოდით, რომ განხილვაში მხოლოდ საუნივერსიტეტო საზოგადოება არ ჩაერთვებოდა. უნივერსიტეტელების მოსაზრებები გამოხატული იყო საგაზეთო დისკუსიებში.

თსუ წესდების თანახმად, უნივერსიტეტის დროშას, გერბსა და ჰიმნს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ამტკიცებს. წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეიქმნა უნივერსიტეტის გერბისა და დროშის ესკიზების შესარჩევი დროებითი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: პროფესორები ნინო აბესაძე, მანანა შამილიშვილი, ლია მაჭავარიანი, კახაბერ ლორია, აპოლონ თაბუაშვილი, პაატა იმნაძე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ გაიპარაშვილი, სტუდენტები ბექა დადეშქელიანი, ირაკლი კუპრაძე, ბახვა კვირიკაშვილი, ლაშა სამხარაძე, ლევან ლორთქიფანიძე და შალვა საბაური.
29 დეკემბერს სამუშაო ჯგუფმა თსუ წარმომადგენლობით საბჭოს დროშისა და გერბის ესკიზები წარუდგინა. მსჯელობისა და განხილვის შემდეგ  სენატმა ერთხმად დაამტკიცა წარმოდგენილი სიმბოლიკიდან თითო-თითო ესკიზი.

უნივერსიტეტის გერბს საფუძვლად დაედო დიმიტრი შევარდნაძის მიერ ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით შემუშავებული ბეჭედი, რომლის ესკიზიც 1918 წლის 5 თებერვალს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მე-4 სხდომამ დაამტკიცა. გერბი განთავსებული იყო უნივერსიტეტის გამოცემებზე, 1922 წლიდან მოყოლებული კი მისი გამოსახულებით დამშვენებულ სამკერდე ნიშნებს ატარებდნენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები.

უცვლელია  უნივერსიტეტის პირველ ბეჭედზე ამოტვიფრული ქართულ-ლათინური წარწერა: „ტფილისის უნივერსიტეტი – Universitas Tphilisensis“, თუმცა, დატანილია უნივერსიტეტის გახსნის თარიღი „1918“.

თსუ ოფიციალური სიმბოლიკა გამოქვეყნდა ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე. აქვე განვმარტავთ, რომ გერბის ცვლილება არ ასახულა უნივერსიტეტის სახელწოდებაზე. უცვლელი რჩება მისი სრული სახელწოდება- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე მოკლე აბრევიატურა თსუ.




Print

« იხ. ყველა სიახლე