2020-08-18

თსუ პროექტები CBHE 2020 (ERASMUS+ ) - ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

თსუ პროექტები CBHE 2020 (ERASMUS+ ) - ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

უნივერსიტეტების ჩართულობა საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, ახალი ინოვაციური პროგრამები და ტრენინგები აკადმიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და უნარების გასაუმჯობესებლად, სტუდენტთა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების შექმნა და სასწავლო კურსები გლობალურ ჯანმრთელობაში და გლობალური ჯანმრთელობის კვლევის  მეთოდებში - 2021 წლის იანვრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ERASMUS+ ინსტიტუციური თანამშრომლობის - CBHE 2020 პროექტების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული თსუ ოთხი პროექტის განხორციელებას იწყებს.  

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი პროექტს „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უსდ-ებში“ (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs (DITECH) - (DITECH)  განახორციელებს. იგი მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოს უსდ-ებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით. 

პროექტის ფარგლებში იგეგმება:

  • ახალი ონლაინ/შერეული კურსების შექმნა საქართველოს უსდ-ების საბაკალავრო და სამაგისგტრო პროგრამებისთვის; 
  • საქართველოს უსდ-ების პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითრებისა და ონლაინ ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსების/ტრენინგ მოდულების შემუშავება; ტრენინგების ჩატარება ონლაინ და/ან შერეული ფორმით; 
  • საქართველოს უსდ-ებისთვის საერთო პლატფორმის შექმნა ონლაინ სწავლება - სწავლისთვის; 
  • საუკეთესო პრაქტიკის დისემინაცია ინსტიტუციურ და ეროვნულ დონეზე ონლაინ პლატფორმის, მოქმედი მასწავლებლების ტრენინგებისა და ეროვნული კონფერენციის საშუალებით. 

ძირითად სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მომავალი/მოქმედი მასწავლებლები.  

გამარჯვებულ თსუ პროქეტებს შორისაა „სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“  (Establishment of Psychological Counseling Centers at Georgian HEIs for Students/E-PSY), რომელიც მიზნად ისახავს, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მომზადებას და ტრენინგს ფსიქოლოგიური კონსულტირების პრაქტიკულ საკითხებში. ასევე შემუშავდება ფსიქოლოგიური კონსულტაციის სტანდარტები და მარეგულირებელი დოკუმენტების პროექტი. შეიქმნება სატრენინგო მოდულები, სუპერვიზიის და ინტერვიზიის სისტემა; ადაპტირდება ფსიქოლოგიური ტესტების სტუდენტთა პროფილის განსაზღვრის მიზნით. 

ERASMUS+ -ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება როგორც სტუდენტების პოპულაციაში, ასევე ფართო საზოგადოებისთვის და შესაბამისად განხორციელდება მონაწილე უნივერსიტეტების მიერ დაგეგმილი საზოგადოებრივი კამპანია საჯარო შეხვედრების, მედიასივრცის გამოყენების, ჯგუფური შეხვედრების ფსიქოლოგებთან და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან. შექმნილი მასალები გამოიყენება ფსიქოლოგიის საბაკალვრო და სამაგისტრო კურიკულუმებში უკვე არსებული კურსების გასაძლიერებლად და სტუდენტთა პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ასევე შეიქმნება ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების ხელმძღვანელების ასოციაცია. პროექტს  განახორციელებს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინირებით განხორციელდება პროექტი „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (Strengthening the QUAlity and RElevance of the 3 rd mission in Georgian Universities (SQUARE). პროექტის მიზანია უნვიერსიტეტების მესამე მისიის ხარისხის და რელევანტურობის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტების როლის ზრდას საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. 

პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ, ასევე შემუშავდება მესამე მისიის სტრატეგია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაახლებს ხარისხის უზრუნვეყოფის სისტემას და მოახდენს აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას უნივერსიტეტების მესამე მისიის შესახებ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტის კონსორციუმის თითოეულ წევრ უნივერსიტეტში  მოხდება მესამე მისიის თითო პროექტის პილოტირება. 

თსუ მედიცინის ფაკულტეტი იქნება ჩართული ERASMUS+ ინსტიტუციური თანამშრომლობის - CBHE 2020 პროექტების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვებულ კიდევ ერთ თსუ პროექტში - „გლობალურ ჯანმრთელობაში აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (BACE)“.

პროექტი მიზნად ისახავს გლობალური ჯანმრთელობის მიმართულებით როგორც ტექნიკური, ისე აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. უშუალოდ, თსუ-ში შემუშავდება 6 თემატური კურსი გლობალურ ჯანმრთელობაში და 3 სასწავლო კურსი გლობალური ჯანმრთელობის ვლევის მეთოდებში.

ახალი სასწავლო კურსები იმპლემენტირებული და შეთავაზებული იქნება, როგორც პოსტდიპლომური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფილის (სამაგისტრო და სადოქტორო) პროგრამების სტუდენტებისათვის სავალდებულო და არჩევითი კურსების სახით, ისე ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამების სტუდენტებისათვის არჩევითი კურსების სახით. 

თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი გაივლის სპეციალურ ტრენინგს სწავლების მეთოდებში, ამავე დროს ჰაიდელბერგის და ტრომსოს უნივერსიტეტის პერსონალთან ერთად ისინი ერთობლივად იმუშავებენ ახალი სასწავლო კურსების შემუშავებაზე. 

თსუ მონაწილეობას მიიღებს რეგიონული გლობალური ჯანრთელობის ალიანსის ჩამოყალიბებაში დამფუძნებელი წევრის სახით და შემდგომ ალიანსის მიერ განხორციელებულ აქტივობებში, კერძოდ თსუ-ს წევრების მონაწილეობით 3 წლის განმავლობაში ჩატარდება 5 დღიანი ინტენსიური კურსი და სხვადასხვა კონფერენციები და ვორკშოპები პროფესიონალებისა და სტუდენტებისათვის. პროექტის განმახორციელებელი ძირითადი ერთეულია მედიცინის ფაკულტეტი.


Print

« იხ. ყველა სიახლე