2018-10-09

საქართველოს ატლასი ფრანკფურტის ფესტივალზე

საქართველოს ატლასი ფრანკფურტის ფესტივალზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სხვა ღირსშესანიშნავ და საიუბილეო გამოცემებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ატლასის პირველ ინგლისურენოვან გამოცემას წარადგენს. გამოცემა თსუ-ს 100 წლისთავს ეძღვნება და მისი პრეზენტაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გისენის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ჯობრატო  მუქერჯის მოხსენების ფარგლებში მოხდება, რომელიც ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ურთიერთობებს ეძღვნება. 

საქართველოს ეროვნული ატლასი მოიცავს 100-ზე მეტ რუკას,  გრაფიკებსა და ფოტოებს. იგი წარმოადგენს 2012 წელს გამოცემული ქართულენოვანი ატლასის გადამუშავებულ და განახლებულ ვერსიას. მასში საზოგადოებრივი გეოგრაფიის თემატური რუკები მთლიანადაა განახლებული, რომელთა შედგენაშიც  ახალი აღწერის მასალებია გამოყენებული.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განმარტებით, გერმანიაში გამოცემული ატლასი, სადაც საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია წარმოდგენილი, იქნება მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო რესურსი ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ყველა სტუდენტისა და მეცნიერისთვის.

გამოცემა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და გერმანიის იუსტუს ლიბიხის სახელობის გისენის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის მიერ მომზადდა. საქართველოს ეროვნული ატლასი გერმანული მხარის თანადაფინანსებით გამოიცა.

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე თსუ 50-ზე მეტ სამეცნიერო წიგნს, თარგმანს და სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალს წარადგენს.


Print

« იხ. ყველა სიახლე