დადგენილება №13
23 იანვარი, 2007


საბაკალავრო, სამაგისტო და სადოქტორო პროგრამების აკადემიური
ექსპერტიზის პროცედურის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს საბაკალავრო, სამაგისტო და სადოქტორო პროგრამების აკადემიური ექსპერტიზის პროცედურა (დანართი №1).


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი


დანართი  №1

საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების აკადემიური ექსპერტიზა

თსუ-ში პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, თვითშეფასების მომზადების პროცესში სისტემატურად უნდა მოხდეს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შეფასება და სრულყოფა, რაც უნდა უზრუნველყოფს შიდა და გარე აკადემიურმა ექსპერტიზამ.

პროგრამების შიდა აკადემიურ ექსპერტიზას ახორციელებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინირებით.

გარე აკადემიური ექსპერტიზის ორგანიზებას ახდენს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სრული ვერსია, მათი თეორიული დასაბუთება და ყველა სასწავლო კურსის სილაბუსი საექსპერტოდ შეიძლება გადაეცეს:

ა) თსუ-ს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ამავე ან მომიჯნავე დარგის სრულ ან ასოცირებულ პროფესორს (კონტრაქტით მოწვეულ პირს), რომელიც არ არის ჩართული აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში.

ბ) საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, ინსტიტუტების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ამავე ან მომიჯნავე დარგის მკვლევარს, თუ იგი არ არის ჩართული აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში.

გ) საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ამავე ან მომიჯნავე დარგის სრულ ან ასოცირებულ პროფესორს, თუ იგი არ არის ჩართული აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში.

დ) შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ამავე ან მომიჯნავე დარგის უცხოელ ექსპერტს, მკვლევარს ან პროფესორს თუ იგი არ არის ჩართული აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში.

ე) თსუ-ს პარტნიორ რომელიმე უცხოურ უნივერსიტეტს, რომელთან გაფორმებული ხელშეკრულებაც ითვალისწინებს ამ ტიპის თანამშრომლობას.

საერთაშორისო ექსპერტიზისათვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სრული ვერსია, მათი თეორიული დასაბუთება და ყველა სასწავლო კურსის სილაბუსი უნდა ითარგმნოს შესაბამის უცხო ენაზე პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალის მიერ.

ექსპერტების შერჩევის დროს უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი.

ექსპერტის ვინაობა, ისევე როგორც მისი დასკვნა კონფიდენციალურია, რაც ექსპერტმა წინასწარ უნდა დაადასტუროს წერილობით.

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის გარდა, ექსპერტიზის დასკვნა ეცნობება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელსა და შესაბამისი კვალიფიკაციის წევრს, პროგრამის ხელმძღვანელსა და შესაბამის აკადემიურ პერსონალს.

როგორც შიდა, ისე გარე ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, აკადემიურ პერსონალთან კონსულტაციების საფუძველზე, ფაკულტეტის და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა შეიმუშავოს სათანადო რეკომენდაციები, რომლებსაც წარუდგენს საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელს / კოორდინატორს.

აღნიშნული რეკომენდაციები განხილულ უნდა იქნას ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი და ა. შ.), ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) სხდომაზე.
მისაღები და გასაზიარებელი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებულ უნდა იქნას, რაც პროგრამების შემდგომ სრულყოფას, სწავლების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. თითოეული შენიშვნისა თუ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა უნდა დასაბუთდეს სათანადო არგუმენტებით.

ფაკულტეტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რეკომენდაციით, ფაკულტეტის საბჭომ უნდა განიხილოს აკადემიური ექსპერტიზის შედეგად პროგრამაში შესატანი ცვლილებები, რაც შემდგომ უნდა დაამტკიცოს აკადემიურმა საბჭომ.

თსუ-ში ამჟამად მოქმედი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკადემიური ექსპერტიზის ვადები:

პროგრამის შიდა მონიტორინგი: 15-31 იანვარი
პროგრამის გარე აკადემიური ექსპერტიზა: 1-28 თებერვალი
აკადემიური ექსპერტიზის შედეგების ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება, პროგრამაში ცვლილებების შეტანა: 1-30 მარტი
გაუმჯობესებული პროგრამების წარდგენა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში: 2 აპრილი
პროგრამების მონიტორინგი ფაკულტეტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ: 2-30 აპრილი
პროგრამაში შესატანი ცვლილებების განხილვა და დამტკიცება ფაკულტეტის და აკადემიური საბჭოს მიერ: 1-15 მაისი