ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

25.06.07

დადგენილება N33

შეფასების რეიტინგული სისტემის შესახებ

 

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოღებულ იქნეს შეფასების რეიტინგული სისტემა:

1. 2007-2008 სასწავლო წლიდან სტუდენტთა სემესტრული აკადემიური მოსწრების დონე დადგინდეს ამ დადგენილების 2 - 6 პუნქტებში მოცემული შეფასების რეიტინგული სისტემით.

2. უნივერსიტეტში მოქმედი კრედიტების მინიჭების სისტემა უცვლელი დარჩეს.

3. საგანში თითოეული შეფასებისათვის განისაზღვროს შესაბამისი რიცხვითი ეკვივალენტი შემდეგი წესით:


ა) თუ სტუდენტმა სემესტრული შეფასებით მოაგროვა არანაკლებ 51 ქულა და საბოლოო ან განმეორებით გამოცდაში მიიღო მაქსიმალური შეფასების არანაკლებ 50 %, მაშინ შეფასებას “ფრიადი (A)” (ქულათა ჯამი 91 - 100) შეესაბამებოდეს რიცხვი 2; შეფასებას “ძალიან კარგი (B)” (ქულათა ჯამი 81 - 90) შეესაბამებოდეს რიცხვი 1,75; შეფასებას “კარგი (ჩ)” (ქულათა ჯამი 71 - 80) შეესაბამებოდეს რიცხვი 1,5; შეფასებას “დამაკმაყოფილებელი (D)” (ქულათა ჯამი 61 - 70) შეესაბამებოდეს რიცხვი 1,25 და შეფასებას “საკმარისი (E)” (ქულათა ჯამი 51 - 60) შეესაბამებოდეს რიცხვი - 1.

ბ) თუ სტუდენტმა სემესტრული შეფასებით მოაგროვა 41 ქულიდან 50 ქულამდე, ან მოაგროვა არანაკლებ 51 ქულა და საბოლოო ან განმეორებით გამოცდაში მიიღო მაქსიმალური შეფასების 50 % -ზე ნაკლები, მაშინ შეფასებას “ვერ ჩააბარა (FX)” შეესაბამებოდეს რიცხვი 0.

გ) თუ სტუდენტმა სემესტრული შეფასებით მოაგროვა 41 ქულაზე ნაკლები, მაშინ შეფასებას “ჩაიჭრა (F)” შეესაბამებოდეს რიცხვი 0.

4. თითოეულ საგანში გამოითვალოს სტუდენტის კრედიტქულა, რომელიც ტოლია ამ საგანში მიღებული შეფასების რიცხვითი ეკვივალენტი გამრავლებული საგნის კრედიტის რაოდენობაზე.

5. სტუდენტის სემესტრული საშუალო შეფასება განისაზღვროს შემდეგი წესით: სემესტრული საშუალო შეფასება ტოლია ამ სემესტრში სტუდენტის მიერ არჩეულ საგნებში მიღებული კრედიტქულების ჯამი გაყოფილი ამ საგნების კრედიტების ჯამზე.

6. სტუდენტის სემესტრული რეიტინგი განისაზღვროს სემესტრული საშუალო შეფასების შესაბამისი შუალედებით:
მაღალი 1,75 - 2 , საშუალო 1,25 - 1,74 , დაბალი 1 - 1,24 ,
ცუდი 0 - 0,99.

7. სემესტრის დასრულების შემდეგ იმ სტუდენტს, რომლის

ა) სემესტრული რეიტინგი არის “ცუდი”,
ან
ბ) სამ საგანში ვერ მიიღო კრედიტი,
ან
გ) ორჯერ მოისმინა ერთიდაიგივე საგანი და ვერ მიიღო კრედიტი,
მიეცეს სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის შესაძლებლობა ან შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი. სტუდენტის სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა და აღდგენა წესრიგდება თსუ-ში დადგენილი წესების შესაბამისად.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი