ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

2007 წლის 17ივლისის

დადგენილება N38

მაგისტრატურაში მიღების წესების დამტკიცების თაობაზე

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,

დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესები  ( დანართი N1).

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი


დანართი 1


მაგისტრატურაში მიღების წესები

 


1. სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება
1. სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯზე.
2. მაგისტრატურაში სწავლება ფასიანია. საფასურის ოდენობა განისაზღვრება თითოეული სასწავლო წლისათვის დადგენილი საუნივერსიტეტო ტარიფების შესაბამისად.
3. მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთაგან 10% მიიღებს სრულ საუნივერსიტეტო დაფინანსებას.
4. საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტთა წახალისების მიზნით იქმნება მაგისტრატურის სტუდენტთა სტიპენდიის ფონდი.

2. კონკურსზე დაშვება
2.1. თსუ მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე ბაკალავრები და ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტები, მაგისტრატურაში მიღების წესების 2.2.2-2.2.3 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.
2.2. მაგისტრატურაში სწავლების უფლება აქვს ბაკალავრს და მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს. უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობა (აღიარება) ხდება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.
2.3. მაგისტრატურის საკონკურსო გამოცდებზე კონკურსანტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დროულად გაიარა რეგისტრაცია მიმღებ კომისიაში და წარადგინა სათანადო საბუთები (იხ.§4).
2.4. უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სათანადო საკონკურსო ადგილების დასაკავებლად ყველა კონკურსანტი აბარებს ორ საკონკურსო გამოცდას: უცხო ენასა და სპეციალობაში. სამაგისტრო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია დამატებით ჩატარდეს ზეპირი გამოცდაც.

3. კონკურსი. ჩარიცხვა
3.1. მაგისტრატურაში ჩარიცხვა წარმოებს კონკურსის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ტარდება ორი გამოცდა: 1. წერითი გამოცდა სპეციალობაში და 2. გამოცდა უცხო ენაში.
3.2.

• სპეციალობაში საკონკურსო გამოცდა ტარდება წერითი სახით. საკონკურსო გამოცდის წერითი ნამუშევარი შეფასდება 100-ბალიანი სისტემით.
• გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას, ანუ მინიმუმ 61 ქულას.
• სპეციალობაში გამოცდას ატარებს საკონკურსო-საფაკულტეტო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია მაგისტრატურაში მისაღებ საკონკურსო გამოცდის შეფასებათა სიზუსტეზე.

3.3.

• უცხო ენის გამოცდა ჩატარდება გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენაში;
• უცხო ენაში გამოცდას ატარებს თსუ ენების ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია საკონკურსო გამოცდის შეფასებათა სიზუსტეზე.

3.4. მაგისტრატურაში საკონკურსო გამოცდების შედეგების შესაბამისად სამაგისტრო პროგრამაზე დაშვებულ ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხებიან ის კონკურსანტები, რომლებიც გამოცდებში მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს.
3.5. კონკურსანტები, რომლებიც სპეციალობაში მიიღებენ 61 ქულაზე ნაკლებს, მოიხსნებიან კონკურსიდან და არ ჩაირიცხებიან მაგისტრატურაში.
3.6. ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლის სემესტრულ საფასურს იხდიან რეგისტრაციის დროს.

4. საბუთები და მათი მიღება
4.1. მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

1. პირადი განცხადება რექტორის სახელზე, სამაგისტრო პროგრამის მითითებით (ფორმა #69 გაიცემა მიმღებ კომისიაში);
2. უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი) დანართითურთ და მათი შესაბამისი თითო ასლი;
3. მაგისტრატურის კონკურსანტის ანკეტა (ფორმა #39მ გაიცემა მიმღებ კომისიაში);
4. სამი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3სმ X 4სმ.;
5. მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
6. სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთი (სავალდებულოა ვაჟებისათვის).

4.2. კონკურსზე დაშვებული კონკურსანტები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ საკონკურსო გამოცდაზე დაუგვიანებლად და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე კონკურსანტის გამოცდაზე დაშვება არ მოხდება.

5. მისაღები გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფის პროცედურა
5.1. კონკურსის ჩატარების მიზნით იქმნება საფაკულტეტო დარგობრივი კომისია. თითოეული ფაკულტეტი წარმოადგენს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების კომისიის შემადგენლობას, რომელთა საფუძველზეც დგება ერთიანი საუნივერსიტეტო დარგობრივი კომისია. ამ კომიისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
5.2. კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება მეთვალყურეთა ჯგუფი.
5.3. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვის მიზნით, იქმნება საპრეტენზიო კომისია. საპრეტენზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ან საგამოცდო კომისიის წევრი.
5.4. საგამოცდო კომისიის მუშაობას ზედამხედველობას უწევს სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი. მონიტორინგის ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყვნენ საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიის წევრები.
5.5. მაგისტრატურაში მიღების მსურველთა რეგისტრაციისა და კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს.

სასწავლო დეპარტამენტი შეიმუშავებს შესაბამის ნორმატიულ აქტებს და კონკურსის ჩატარების გრაფიკს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 15 სექტემბრამდე.
საბუთების მიღება იწარმოებს 3-12 სექტემბერს.

საბუთების მიღება იწარმოებს თსუ სასწავლო დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილებაში.

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება 24-28 სექტემბერს.