ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

30.09.2014, №98/2014 დადგენილებით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

2007 წლის 17ივლისის

დადგენილება N39

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,

დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულება ( დანართი N1).

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი


დანართი 1

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ


თავი I. დოქტორანტურა

მუხლი 1. დოქტორანტურა

1.1. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, დოქტორანტურა არის უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
1.2. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს.

მუხლი 2. სადოქტორო პროგრამა

2.1. სადოქტორო პროგრამის შემუშავება ხდება:
2.1.1. ფაკულტეტის ერთი ან ერთზე მეტი პროფესორის მიერ;
2.1..2. უნივერსიტეტის სხვა ერთ ან რამდენიმე ფაკულტეტთან, პარტნიორ-უნივერსიტეტთან, სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულებასთან ერთობლივად – უნივერსიტეტსა და ამ დაწესებულებას შორის დადებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.
2.2. სადისერტაციო თემის აქტუალობასა და სიახლეს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი ასაბუთებს წერილობით.
2.3. სადოქტორო პროგრამას განიხილავს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ფაკულტეტის საბჭო. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სადოქტორო პროგრამა წარედგინება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.
2.4. სადოქტორო პროგრამის ამოქმედების აუცილებელი პირობაა მისი ფინანსური უზრუნველყოფა.
2.5. თუ დამტკიცებულ სადოქტორო პროგრამაში დოქტორანტის სათანადო კანდიდატურის შერჩევა ვერ მოხერხდა, მომდევნო წელს პროგრამა ხელახლა გადის წინამდებარე მუხლის 2.3. პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას.
2.6. სადოქტორო პროგრამას ხელმძღვანელობს (თანახელმძღვანელობს) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი. ხელმძღვანელად შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ პირი, რომელსაც სათანადო სპეციალობით (საერთაშორისო კლასიფიკატო-რით) გამოქვეყნებული აქვს ერთი ნაშრომი მაინც დადებითი “იმპაქტ-ფაქტორის” მქონე ჟურნალში.
2.7. სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს:
2.7.1. უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი;
2.7.2. პარტნიორი სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების მეცნიერი;
2.7.3 სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეული სპეციალისტი.
2.8. სადოქტორო პროგრამის დაფინანსება ხორციელდება:
2.8.1. სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, სპეციალური სახელმწიფო პროგრამით – სახელმწიფო დაფინანსება;
2.8.2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სადოქტორო პროგრამების კონკურსის საფუძველზე – საუნივერსიტეტო დაფინანსება;
2.8.3. იურიდიული თუ ფიზიკური პირის მიერ, მაგრამ ამ მომენტისათვის არსებული სადოქტორო პროგრამებიდან ერთი ან ერთზე მეტის პროგრამის არჩევის პირობით – მიზნობრივი დაფინანსება;
2.8.4. დოქტორანტის მიერ – თვითდაფინანსება;
2.8.5. ქველმოქმედების საფუძველზე.
2.8.6. სხვა ისეთი სახის დაფინანსება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
2.9. სადოქტორო პროგრამის ბიუჯეტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის საბჭოს რეკომენდაციით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
2.10. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე; სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე შესაძლებელია დოქტორანტის მოწვევა ლაბორატორიული, სასემინარო თუ პრაქტიკული მეცადინეობის ჩასატარებლად, საათობრივი ანაზღაურების წესით.

მუხლი 3. დოქტორანტურაში სწავლის უფლება

3.1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
3.2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიეცეს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ” 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 4. დოქტორანტურაში ჩარიცხვის წესი

4.1. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება მხოლოდ დამტკიცებული სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.
4.2. დოქტორანტობის კანდიდატი გადის გასაუბრებას ფაკულტეტის სადისერ-ტაციო საბჭოს დარგობრივ სექციაზე.
4.3. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობაა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის (თანახელმძღვანელთა) დასაბუთებული შუამდგომლობა.
4.4. დოქტორანტს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს სამეცნიერო ხელმძღვანელი.
4.5. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ ბ2 დონეზე ცოდნა.
დოქტორანტობის იმ კანდიდატს, რომლის მშობლიური ენა ქართული არ არის და რომელსაც სურს ქართულენოვანი პროგრამით სწავლა, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
4.6. დოქტორანტურაში ჩარიცხვის განაცხადი სადოქტორო პროგრამის მითითებით იწერება ფაკულტეტის დეკანის სახელზე. განცხადებას თან ერთვის:
4.6.1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ („ჩV“);
4.6.2. სათანადო აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
4.6.3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
4.6.4. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით;
4.6.5. განმცხადებლის წერილობითი დასტური იმისა, რომ ის არ ირიცხება სხვა სამეცნიერო-კვლევითი თუ სასწავლო დაწესებულების დოქტო-რანტურაში.
4.7. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტურაში კანდიდატის დოქტორანტად ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტს.
4.8. უნივერსიტეტი, დოქტორანტი, პროგრამის ხელმძღვანელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ჩარიცხვიდან მაქსიმუმ ორ თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.

მუხლი 5. სამეცნიერო ხელმძღვანელი

5.1. სამეცნიერო ხელმძღვანელის სალექციო და სამეცნიერო დატვირთვიდან გამომდინარეობს, თუ რამდენ დოქტორანტს შეუძლია უხელმძღვანელოს.
5.2. დისერტაციის ხელმძღვანელი კონტროლს უწევს ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
5.3. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს ხელმძღვანელობაზე, ამის შესახებ სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განცხადება უნდა წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს.

მუხლი 6. დოქტორანტურაში სწავლა

6.1. დოქტორანტურა მოიცავს 180 ECTS კრედიტის შესაბამის შემდეგ კომპონენტებს:
6.1.1. სასწავლო კომპონენტი – 60 ECTS კრედიტი;
6.1.2. კვლევითი კომპონენტი – სადისერტაციო ნაშრომის მომზადება და დაცვა – 120 ECTS კრედიტი.
6.2. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი.
6.3. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისთვის.

მუხლი 7. დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა

7.1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება, დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:
7.1.1 პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;
7.1.2 უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას;
7.1.3 ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 8. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი

8.1. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას.
8.2. სადოქტორო პროგრამის სასწავლო გეგმას განიხილავს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს.
სასწავლო გეგმაში აუცილებლად შედის:

  • სპეციფიკური დარგობრივი კურსებისგან შემდგარი მოდული;
  • ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელი საფაკულტეტო მოდული ან ცალკეული კურსები (კვლევის მეთოდები და ხერხები);
  • სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსი, რომელსაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში.

8.3. დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მითითებულ უნდა იქნეს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულებისა და კვლევის ჩატარების სავარაუდო გრაფიკი.

მუხლი 9. დოქტორანტების კოლოკვიუმი

9.1. დოქტორანტურაში სწავლის აუცილებელი ნაწილია დოქტორანტების კოლოკვიუმი. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დისკუსია, ახალი სამეცნიერო ლიტერატურის, მიღწევებისა და პრობლემების განხილვა.
9.2. დოქტორანტი მოვალეა წელიწადში ორჯერ მაინც წარდგეს სემინარზე მოხსენებით.

თავი II. სადისერტაციო ნაშრომის მომზადება და დაცვა

მუხლი 10. სადისერტაციო ნაშრომი

10.1. დისერტაცია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული (ემპირიული) კვლევის მეცნიერულად დასაბუთებულ ახალ შედეგებს, რომელსაც წვლილი შეაქვს დარგის განვითარებაში.
თუ დოქტორანტი კვლევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი.
10.2 დისერტაცია შესრულებულ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
ნაშრომის უცხო ენაზე შესრულების შემთხვევაში სადისერტაციო კვლევის ძირითადი შედეგები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
10.3. სადისერტაციო ნაშრომის მოცულობას, ფორმატსა და სტილს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
10.4. დაცვის შემდეგ დისერტაცია უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. გამოქვეყნების ვადებსა და მექანიზმს განსაზღვრავს ფაკულტეტი სადისერტაციო საბჭო.

მუხლი 11. სადისერტაციო ნაშრომის წარდგენა

11.1. სადისერტაციო ნაშრომი საბჭოს გადაეცემა ოთხ აკინძულ და ერთ ელექტრონულ პირად.
11.2. სადისერტაციო ნაშრომთან ერთად დოქტორანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
11.3.1. სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული 60 Eჩთშ სასწავლო კრედიტის დაგროვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
11.3.2. გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ამონაბეჭდი ან დასაბეჭდად მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
11.3.3. სამეცნიერო სემინარებისა და ფორუმების ნუსხა, სადაც მოხსენებულ იქნა სადისერტაციო ნაშრომის დებულებები თუ შედეგები.
11.3.4. სადისერტაციო თემასთან დაკავშირებული გამოგონების (თუ ასეთი არსებობს) დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.
11.4. დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა იმის შესახებ, რომ ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვისათვის წარსადგენად.
11.5. სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულ უნდა იქნეს სულ მცირე სამი სამეცნიერო ნაშრომის სახით _ რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალებში, რომელთაგან ერთი მაინც დადებითი “იმპაქტ-ფაქტორის” (ISI Thomson Web of Knowledge კლასიფიკატორის მიხედვით) მქონეა, ხოლო ერთს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება
დოქტორანტს ნაშრომი გამოქვეყნებულად ეთვლება მაშინაც, როცა ის მიღებულია დასაბეჭდად, რაც დასტურდება ჟურნალის რედაქციის მიერ გაცემული ცნობით ან გამოცემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით.


მუხლი 12. სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი შეფასება

12.1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის მიერ შეთავაზებული და სადისერტაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული სულ მცირე ორი შემფასებელი წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს შესაბამის სექციას სადისერტაციო ნაშრომის წერილობით შეფასებას (რეცენზიას).
12.2. შემფასებლად (რეცენზენტად) ინიშნება პირი, რომელსაც სადისერტაციო ნაშრომის სპეციალობით (საერთაშორისო კლასიფიკატორით) გამოქვეყნებული აქვს სულ მცირე სამი ნაშრომი რეცენზირებად ჟურნალებში, მათ შორის ერთი ნაშრომი მაინც დადებითი “იმპაქტ-ფაქტორის” მქონე ჟურნალში.
შემფასებელი არ შეიძლება იყოს დისერტანტის მიერ შესრულებულ ნაშრომთა თანაავტორი, იმ სამეცნიერო ჯგუფის წევრი, სადაც შესრულდა სადოქტორო პროგრამა, აგრეთვე იმ ქვედანაყოფის წევრი, სადაც მუშაობს დისერტანტი ან დისერტანტზე თანამდებობრივად დამოკიდებული პირი.
12.3. დაუშვებელია, რომ შემფასებლები იყვნენ ერთი ორგანიზაციის ერთი და იგივე ქვედანაყოფის თანამშრომლები.
12.4 სადისერტაციო ნაშრომის წერილობითი შეფასებას შემფასებლები სადისერტაციო საბჭოს შესაბამის სექციას წარუდგენენ ნაშრომის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
12.6. რეცენზია სადისერტაციო ნაშრომის შეფასებასთან ერთად უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკომენდაციას ნაშრომის დაცვაზე დაშვების, ან შესასწორებლად დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების, ანდა დაცვაზე უარის თქმის შესახებ.
12.7. თუ შემფასებელთა ნახევარზე მეტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, დისერტაცია დაცვაზე დაშვებული არ იქნება.
12.8. თუ დისერტაცია არ იქნება დაშვებული დაცვაზე, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს უფლება ეძლევა დამატებით იმუშაოს დისერტაციაზე. შესწორებული ნაშრომის ისევ უარყოფითად შეფასების შემთხვევაში დოქტორანტის ნაშრომი არ მიიღება დასაცავად.
12.9. დაცვაზე უარის მიღების შემთხვევაში სასწავლო კომპონენტის მოქმედების ვადა არის 7 წელი პირველი კრედიტის მოპოვების დღიდან.
12.10. სადისერტაციო საბჭო გადასცემს დოქტორანტს შემფასებლების დასკვნებს, ხოლო დაცვაზე დაშვების შემთხვევაში ატყობინებს დაცვის თარიღსაც. დოქტორანტს უნდა მიეცეს სულ მცირე 1 თვის ვადა დაცვისათვის მოსამზადებლად.
12.11. დაცვაზე დაშვების უარის თქმის შემთხვევაში უარყოფილი სადისერტაციო ნაშრომის ერთი პირი და რეცენზენტების წერილობითი დასკვნები ინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დანარჩენი დოკუმენტები უბრუნდება დოქტორანტს.

მუხლი 13. სადისერტაციო კომისია.

13.1. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე შესაბამისი დარგობრივი სექციის წარდგინებით სადისერტაციო ნაშრომის დასაცავად ქმნის სადისერტაციო კომისიას.
13.2. სადისერტაციო კომისია იქმნება სულ მცირე ხუთი პირის შემადგენლობით. კომისიის წევრად არჩეულ უნდა იქნეს შესაბამისი დარგის (საერთაშორისო კლასიფიკატორით) სპეციალისტი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი. ხელმძღვანელს და შემფასებლებს აქვთ კომისიაში სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება.
13.3. სადისერტაციო კომისიას ხელმძღვანელობს სექციის მიერ არჩეული თავმჯდომარე, რომელიც უნდა იყოს უნივერსიტეტის სრული ან საპატიო პროფესორი. თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი ან შემფასებელი.
13.4. საბჭოს დარგობრივი სექციის ხელმძღვანელი ავტომატურად შედის სადისერტაციო კომისიაში, თუ სადისერტაციო ნაშრომი მომზადებულია მეცნიერების იმ მიმართულებით (საერთაშორისო კლასიფიკატორით), რომლის წარმომადგენელიც ის არის.
13.5. სადისერტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილად ითვლება, თუ მის მუშაობაში მონაწილეობს კომისიის შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

მუხლი 14. დისერტაციის დაცვა

14.1. დისერტაციის დაცვა არის საჯარო, ქართულ ენაზე. დაცვის მსვლელობა და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე და სექციის თავმჯდომარე.
14.2. დისერტაციის დაცვა შედგება შემდეგი პროცედურებისაგან:
14.2.1. დოქტორანტის მოხსენება (არა უმეტეს 30 წუთისა);
14.2.2. რეცენზიების საჯაროდ წაკითხვა;
14.2.3. სამეცნიერო დისკუსია;
14.2.4. კომისიის დახურული სხდომა – სადისერტაციო ნაშრომის შესაფასებლად;
14.2.5. სადისერტაციო ნაშრომის შეფასების გამოცხადება.
14.3. კომისიის ერთ სხდომაზე შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ერთი დისერტაციის დაცვა.
14.4. სადისერტაციო ნაშრომის დაცვა უნდა მოხდეს ნაშრომის სადისერტაციო საბჭოში წარდგენის დღიდან 6 თვის განმავლობაში.

მუხლი 15. სადისერტაციო ნაშრომის საბოლოო შეფასება

15.1. სამეცნიერო დისკუსიის დასრულების შემდეგ სადისერტაციო კომისია დახურულ სხდომაზე აფასებს სადისერტაციო ნაშრომს შემდეგი სისტემის მიხედვით:

  • “ფრიადი” – „სუმმა ცუმ ლაუდე”;
  • “ძალიან კარგი” – „მაგნა ცუმ ლაუდე”;
  • “კარგი” – “ცუმ ლაუდე”;
  • “საშუალო” – “ბენე”;
  • “დამაკმაყოფილებელი” – “რიტე”;
  • “არადამაკმაყოფილებელი” - “ინსუფფიციენტერ”;
  • “სრულიად არადამაკმაყოფილებელი” - “სუბ ომნი ცანონე”.

ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო კოლეგიის თავმჯდომარის ხმას.
15.2. დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუ საბოლოო შეფასება იქნება “არადამაკმაყოფილებელი” ან “სრულიად არადამაკმაყოფილებელი”. დადებითი შეფასების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭებება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის) დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მუხლი 16. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა

16.1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის) დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ადასტურებს მოწმობა.
16.2. მოწმობა გაიცემა არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში დისერტაციის დაცვის შემდეგ. მოწმობის გაცემამდე დოქტორანტს ეძლევა შესაბამისი ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ.
16.3. მოწმობაში აღნიშნულია სადისერტაციო საბჭოს დასახელება, დაცვის თარიღი, საერთო შეფასება და სპეციალობის დასახელება (საერთაშორისო კლასიფიკატორით).
16.4. დიპლომი (მოწმობა) გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ. დიპლომს ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, დარგობრივი სექციის ხელმძღვანელი. მოწმობა დასტურდება უნივერსიტეტის ბეჭდით.
16.5. მოწმობის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.

მუხლი 17. დისერტაციის გამოქვეყნება

დოქტორანტი მოვალეა დისერტაციის დაცვის შემდეგ ფაკულტეტის მიერ დადგენილ ვადაში გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი არ გაიცემა.

მუხლი 18. დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა

დოქტორის აკადემიური ხარისხი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორს ჩამოერთმევა აკადემიური პატიოსნების ნორმების (სადისერტაციო ნაშრომში გაყალბებული მონაცემების გამოყენება ან პლაგიატი) დარღვევის შემთხვევაში.

თავი III. სადისერტაციო საბჭო

მუხლი 19. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება

19.1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის აკადემიურ ხარისხს (მათემატიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, გეოლოგიაში) ანიჭებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.

1. მუხლი 20. სადისერტაციო საბჭო

20.1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც შექმნილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
20.2. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.
20.3. სადისერტაციო საბჭო შედგება 7 დარგობრივი (მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის) სექციისაგან, რომელშიც ერთიანდება შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
20.4. სადისერტაციო საბჭო ირჩევს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან 2 წლის ვადით, წევრთა საერთო რაოდენობის უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. თავმჯდომარის არჩევამდე საბჭოს პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი.
20.5. სადისერტაციო საბჭოს მდივანს (საბჭოს შემადგენლობიდან) წარადგენს თავმჯდომარე და ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო, 2 წლის ვადით.
20.6. დარგობრივი სექციის წევრები ირჩევენ ხელმძღვანელს თავისი შემადგენლობიდან 2 წლის ვადით. დარგობრივი სექციის ხელმძღვანელს ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო. ერთი და იგივე პირი ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
20.7. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის მდივანს (სექციის შემადგენლობიდან) ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით.

მუხლი 21. სადისერტაციო საბჭოს მუშაობის წესი

21.1. სადისერტაციო საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის საბჭოს მიერ შემუშავებული და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე დებულების შესაბამისად.
21.2. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტი და შესაბამისი დარგობრივი სექციის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების სულ მცირე 2/3-თ.
21.3. სადისერტაციო საბჭოს სხდომის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
21.4. სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება დოქტორანტს უნდა ეცნობოს წერილობით.

მუხლი 22. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის მუშაობის წესი

22.1. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის საქმიანობა წარიმართება ფაკულტეტის საბჭოს მიერ შემუშავებული და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე დებულების შესაბამისად.
22.2. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექცია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების სულ მცირე 2/3-თ.
22.3. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის სხდომის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სექციის ხელმძღვანელი და მდივანი.
22.4. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის ნებისმიერი გადაწყვეტილება დოქტორანტს უნდა ეცნობოს წერილობით.
მუხლი 23. სადისერტაციო საბჭოს და დარგობრივი სექციის უფლებამოსილება

23.1. სადისერტაციო საბჭო:
23.1.1. ირჩევს და ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარეს;
23.1.2. ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს მდივანს;
23.1.3. ამტკიცებს დარგობრივი სექციის ხელმძღვანელსა და მდივანს;
23.1.4. ამტკიცებს სადისერტაციო ნაშრომის თემას;
23.1.5. ამტკიცებს სადისერტაციო ნაშრომის შემფასებლებს;
23.1.6. ამტკიცებს სადისერტაციო კომისიის შემადგენლობას;
23.1.7. ამტკიცებს დაცვის თარიღს;
23.2. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექცია:
23.2.1. ირჩევს დარგობრივი სექციის ხელმძღვანელს;
23.2.2. განიხილავს სადისერტაციო ნაშრომის თემას და დასამტკიცებლად წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს;
23.2.3. განიხილავს სადისერტაციო ნაშრომის შემფასებლების კანდიდატურებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს;
23.2.4. განსაზღვრავს სადისერტაციო კომისიის შემადგენლობასა და დაცვის სავარაუდო თარიღს და წარუდგენს დასამტკიცებლად სადისერტაციო საბჭოს.

მუხლი 24. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარისა და დარგობრივი სექციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება

24.1. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე საჭიროებისამებრ იწვევს საბჭოს სხდომებს.
24.2. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით უზრუნველყოფს დოქტორანტისათვის სავალდებულო კოლოკვიუმების ორგანიზებას.
24.3. დარგობრივი სექციის ხელმძღვანელი საჭიროებისამებრ იწვევს დარგობრივი სექციის სხდომებს.

მუხლი 25. სადისერტაციო საბჭოსა და დარგობრივი სექციის მდივნის უფლებამოსილება

25.1. სადისერტაციო საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას.
25.2. დარგობრივი სექციის მდივანი უზრუნველყოფს შესაბამისი დარგობრივი სექციის ორგანიზაციულ საქმიანობას.


თავი IV. გარდამავალი პერიოდი

26. გარდამავალი დებულებები

26.1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში მინიმალური სტანდარტით განსაზღვრული წესით.
26.2. თსუ დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საკანდიდატო მინიმუმის საგნები ან/და აქვთ გავლილი აპრობაცია, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისგან. ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება წინამდებარე დებულების მე-2 მუხლის 2.4 პუნქტით გათვალისწინებული პირობა სადოქტორო პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით. გამოქვეყნებული სამი ნაშრომიდან ერთი მაინც გამოქვეყნებული უნდა იყოს დადებითი “იმპაქტ-ფაქტორის” მქონე ჟურნალში, ხოლო ერთ გამოქვეყნებულ ნაშრომს უნივერსიტეტი აგზავნის საერთაშორისო ექსპერტიზაზე (თუ იგი არ არის საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში გამოქვეყნებული).
26.4. თსუ-ს ის ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არა აქვთ ჩაბარებული საკანდიდატო მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
26.5. იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც თსუ-ს დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად.

I. თავი V. დასკვნითი დებულებები

მუხლი 27. დებულების მოქმედების სფერო

27.1. წინამდებარე დებულება, შემუშავებულია 2004 წლის 21 დეკემბრის საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ” შესაბამისად, აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის მოქმედების პრინციპებსა და წესს.
27.2. წინამდებარე დებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ წინადადების დასმის უფლება აქვს სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერ წევრს. დასაბუთებულ წინადადებას განიხილავს სადისერტაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე და დადებითი გადაწყვეტილბის შემთხვევაში განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. დებულებაში შეტანილ ყველა დამატებასა და ცვლილებას ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
27.3. წინამდებარე დებულება ძალაში შედის დამტკიცების დღიდან.