ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

2007 წლის 17ივლისის

დადგენილება N40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,

დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება ( დანართი N1).

საფუძველი: ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი


დანართი 1


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება

 

თავი I. ზოგადი დებულებები

1. მიზანი
1.1. ეს დებულება აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის აუცილებელ პროცედურას `უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ დადგენილების შესაბამისად.
1.2. დოქტორანტურის მიზანია: სადოქტორო პროგრამების საფუძველზე დოქტორანტის ინტელექტუალური ზრდა, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოება, სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, დოქტორანტის ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში.

თავი II. დოქტორანტურა


2.1. "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ტ" ქვეპუნქტის თანახმად, დოქტორანტურა არის უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
2.2. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს.
2.3. დოქტორანტი არის პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში.
2.4. დოქტორი უმაღლესი აკადემიური ხარისხია, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის კურსდამთავრებულს ენიჭება დისერტაციის დაცვის შემდეგ შემდეგი მიმართულებით:

  • ფილოსოფია
  • ფილოლოგია
  • ისტორია
  • ხელოვნებათმცოდნეობა
  • განათლების მეცნიერებები

თავი III. დოქტორანტურაში მიღების წესი

3. დოქტორანტურაში სწავლის უფლება

3.1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
3.2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიეცეს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, საქართველოს კანონის `უმაღლესი განათლების შესახებ” 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. დოქტორანტურაში მიღების პირობები

4.1. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება მხოლოდ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.
4.2. დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებას დარგობრივ მიმღებ კომისისათან.
4.3. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობაა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის (თანახელმძღვანელთა) დასაბუთებული შუამდგომლობა.
4.4. დოქტორანტს უფლება აქვს აირჩიოს სამეცნიერო ხელმძღვანელი.
4.5. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) არანაკლებ B 2 დონეზე ცოდნა.
4.6. დოქტორანტობის კანდიდატი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული და რომელსაც სურს ქართულენოვან პროგრამაზე სწავლა, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (B 2 დონე)

5. დოქტორანტურაში ჩარიცხვა

5.1. დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველს წერილობითი განაცხადი შეაქვს ფაკულტეტის დეკანის სახელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სადოქტორო პროგრამა. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
• განმცხადებლის ავტობიოგრაფია, („CV“);
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით;
• სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ასლთან ერთად ან უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხო ენის გამოცდის დამადასტურებელი მოწმობა ასლთან ერთად;
• ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.
5.2. ფაკულტეტის მიმღები კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი დეკანის წარდგინებით გამოსცემს დოქტორანტურაში კანდიდატის დოქტორანტად ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტს.
5.3. უნივერსიტეტი, დოქტორანტი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ჩარიცხვიდან მაქსიმუმ ორ თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.
6. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი
6.1 ფაკულტეტი უზრუნველყოფს დოქტორანტს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად.
6.2. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი შეიძლება იყოს სადისერტაციო საბჭოს წევრი, სადოქტორო პროგრამაში ჩართული სრული ან ასოცირებული პროფესორი. დისერტაციის თანახელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხვა წევრი ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც არ არის სადისერტაციო საბჭოს წევრი.
6.3. დოქტორანტობის კანდიდატს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს სამეცნიერო ხელმძღვანელი.
6.4. სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
6.5. სამეცნიერო ხელმძღვანელი კონტროლს უწევს დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
6.6. ერთი პროფესორი ერთდროულად შეიძლება იყოს არაუმეტეს სამი დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
6.7. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს ხელმძღვანელობაზე, ამის შესახებ მან სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განცხადება უნდა წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს.
6.8. სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ თსუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის დატოვება არ იწვევს დოქტორანტის ხელმძღვანელობაზე უარის თქმას, თუ თანამდებობის დატოვების შემდეგ ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში მისი მოწვევის შესახებ. ამ შემთხვევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, დოქტორანტის ხელმძღვანელსა და დოქტორანტს შორის ხელი მოეწერება ახალ ხელშრეკრულებას, რომლითაც მხარეების ვალდებულების გარდა, განისაზღვრება ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურების პირობები.

თავი IV. სადოქტორო პროგრამა

7.1. სადოქტორო პროგრამის შემუშავება ხდება:

• ფაკულტეტის ერთი ან რამდენიმე პროფესორის მიერ;
• უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტთან ან ფაკულტეტებთან ერთად;
• პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად;
• სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულებასთან ერთად – უნივერსიტეტსა და ამ დაწესებულებას შორის დადებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.

7.2. სადოქტორო პროგრამას ხელმძღვანელობს (თანახელმძღვანელობს) თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი.
7.3. სადოქტორო პროგრამას განიხილავენ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ფაკულტეტის საბჭო. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სადოქტორო პროგრამა დასამტკიცებლად წარედგინება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.
7.4. სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს:

• უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი;
• პარტნიორი სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების მეცნიერი;
• სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეული სპეციალისტი.

თავი V. დოქტორანტურაში სწავლა

8. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა


8.1. თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი.
9. დოქტორანტურაში ჩაბარების ვადები
9.1. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისთვის.
10. დოქტორანტურის კომპონენტები
10.1. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს:
10.2. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას და მასში შედის:

• სპეციფიკური დარგობრივი კურსებისაგან შემდგარი მოდული, რომელიც გულისხმობს სადისერტაციო თემიდან გამომდინარე სპეციალური და მომიჯნავე საგნის გაღრმავებულ შესწავლას.
• ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელი საფაკულტეტო მოდული, რომელიც გულისხმობს კვლევის მეთოდოლოგიისა და მეთოდების შესწავლასსწავლების თანამედროვე მეთოდების კურსი, რასაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში (პროფესორის ხელმძღვანელობით ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება). ამ კომპონენტის დასრულების შემდეგ დოქტორანტი ფასდება იმ პროფესორის მიერ, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა წარმოდგენილ კურსს;
• დოქტორანტი თვითონ ირჩევს იმ სასწავლო კურსებს, რომლებიც მოცემულია სადოქტორო პროგრამაში;

10.3. დოქტორანტურის კვლევითი კომპონენტი მოიცავს:

• დისერტაციის ანუ სამეცნიერო ნაშრომის შესრულებას, ასევე, სამეცნიერო სტატიების პუბლიკაციას, რომელიც უნდა ასახავდეს თეორიულ ან/და ემპირიული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს.
• დისერტაციის დაცვას ანუ თემის საჯარო პრეზენტაციას.

10.4. დოქტორანტურა მოიცავს 180 ECTS კრედიტს, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად: სასწავ ლო კომპონენტი – 60 ECTS კრედიტი; კვლევითი კომპონენტი – 120 ECTS კრედიტი.
10.5. სადოქტორო პროგრამის კურიკულუმს განიხილავს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

11. დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა
11.1. დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს სამეცნიერო ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მითითებული უნდა იქნეს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულებისა და კვლევის ჩატარების სავარაუდო გრაფიკი.

12. დოქტორანტის კოლოკვიუმი
12.1დოქტორანტურაში სწავლის აუცილებელი ნაწილია დოქტორანტის კოლოკვიუმი. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, იმართება დისკუსია, დოქტორანტის საქმიანობის სფეროში ახალი სამეცნიერო მიღწევების, პრობლემების, ლიტერატურის შეფასება-განხილვას, რასაც მოჰყვება სამეცნიერო დისკუსია. კოლოკვიუმის შეფასების წესს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
12.2. დოქტორანტი მოვალეა, წელიწადში ორჯერ მაინც წარდგეს კოლოკვიუმზე მოხსენებით.

13. დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა
13.1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება, დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:
• პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;
• უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას;

II. თავი VI. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

14.1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც შექმნილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
14..2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.
14.3. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები, უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით.
15. სადისერტაციო საბჭოს მუშაობის წესი

15.1. სადისერტაციო საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის საბჭოს მიერ შემუშავებული და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე დებულების შესაბამისად.
15.2. სადისერტაციო საბჭო შედგება 5 დარგობრივი (ფილოსოფიის, ფილოლოგიის, ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის, განათლების მეცნიერებების) სექციისაგან, რომელშიც ერთიანდებიან საბჭოს წევრი შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
15.3. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე, სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტი. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა ხმების, სულ მცირე, 2/3. გადაწყვეტილებები მიიღება ფარული კენჭისყრით.
15.4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით 2 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. თავმჯდომარის არჩევამდე საბჭოს პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი.
15.5. სადისერტაციო საბჭო თავმჯდომარის წარდგინებით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს (საბჭოს შემადგენლობიდან) 2 წლის ვადით.
15.6. სადისერტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში საბჭოს უძღვება თავმჯდომარის მოადგილე.
15.7. საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.
15.8. სადისერტაციო საბჭოს სხდომის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
15.9. სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება დოქტორანტს უნდა ეცნობოს წერილობით.

16. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციები
16.1. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს აქვს 5 დარგობრივი სექცია: ფილოსოფიის, ფილოლოგიის, ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის და განათლების მეცნიერებების, რომლებშიც ერთიანდებიან საბჭოს წევრი შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
16.2. დარგობრივი სექციის წევრები ირჩევენ ხელმძღვანელს თავისი შემადგენლობიდან 2 წლის ვადით. დარგობრივი სექციის ხელმძღვანელს ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო. ერთი და იგივე პირი დარგობრივი სექციის ხელმძღვანლად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
16.3. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის მდივანს (სექციის შემადგენლობიდან) სექციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით.

17. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის მუშაობის წესი

17.1. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის საქმიანობა წარიმართება ფაკულტეტის საბჭოს მიერ შემუშავებული და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე დებულების შესაბამისად.
17.2. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექცია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა ხმების, სულ მცირე, 2/3.
17.3. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის სხდომის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სექციის ხელმძღვანელი და მდივანი.

18. სადისერტაციო საბჭოს და დარგობრივი სექციის უფლებამოსილება
18.1. სადისერტაციო საბჭო:
18.1.1. ირჩევს და ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარეს;
18.1.2. ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს მდივანს;
18.1.3. ამტკიცებს დარგობრივი სექციის ხელმძღვანელსა და მდივანს;
18.1.4. ამტკიცებს სადისერტაციო ნაშრომის თემას;
18.1.5. განსაზღვრავს სადისერტაციო ნაშრომის ზღვრულ მოცულობას, სავარაუდო ფორმატს და სხვა ტექნუკურ მონაცემებს
18.1.6. ნიშნავს სადისერტაციო ნაშრომის შემფასებლებს (რეცენზენტებს);
18.1.7. ამტკიცებს სადისერტაციო კომისიის შემადგენლობას;
18.1.8. ამტკიცებს დაცვის თარიღს;
18.1.9. სადისერტაციო კომისიის დასკვნის საფუძვრელზე ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს.

18.2. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექცია:
18.2.1. ირჩევს დარგობრივი სექციის ხელმძღვანელს და მდივანს;
18.2.2. განიხილავს სადისერტაციო ნაშრომის შემფასებლების (რეცენზენტის) კანდიდატურებს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან და თემის ხელმძღვანელთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს;

19. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარისა და დარგობრივი სექციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება

19.1. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე საჭიროებისამებრ იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს.

19.2. დარგობრივი სექციის ხელმძღვანელი საჭიროებისამებრ იწვევს დარგობრივი სექციის სხდომებს.

20. სადისერტაციო საბჭოსა და დარგობრივი სექციის მდივნის უფლებამოსილება
20.1. სადისერტაციო საბჭოს მდივანს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.
20.2. სადისერტაციო საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას:

• აწარმოებს სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმებს უნივერსიტეტში საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
• ეხმარება თავმჯდომარეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;
• ხელმძღვანელობს საბჭოს არქივსა და საქმის წარმოებას;
• უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

20.3. დარგობრივი სექციის მდივანი უზრუნველყოფს შესაბამისი დარგობრივი სექციის ორგანიზაციულ საქმიანობას.
20.4. კონსულტაციას უწევს და ეხმარება დოქტორანტებს დისერტაციის დაცვამდე და დაცვის შემდეგ სათანადო დოკუმენტაციის მომზადებაში.

თავი VII. სადისერტაციო ნაშრომის მომზადება და დაცვა

21. სადისერტაციო ნაშრომი

21.1. დისერტაცია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ემპირიული კვლევის მეცნიერულად დასაბუთებულ ახალ შედეგებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ დარგის განვითარებაში.
21.2. თუ დოქტორანტი კვლევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი.
21.3 დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. მას უნდა ახლდეს დისერტაციის ძირითადი დებულებების ამსახველი მოკლე ვერსია ერთ-ერთ ევროპულ (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ენაზე (არაუმეტეს 60 ათასი ნიშნისა).
21.4. განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
21.5. ნაშრომის უცხო ენაზე შესრულების შემთხვევაში კვლევის ძირითადი შედეგები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე (არაუმეტეს 60 ათასი ნიშნისა)
21.6. სადისერტაციო ნაშრომის მოცულობას, ფორმატსა და სხვა ტექნიკურ მონაცემებს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო სათანადო დებულებით.
სადისერტაციო ნაშრომის ზღვრული მოცულობაა – 150-250 გვერდი (არაუმეტეს 400 000 ასო-ნიშნისა). საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია დანართი (ინდექსი, ტექსტები და ა. შ). ფურცლის ზომა A4, შრიფტი სახეობა - AcadNusx-ი, შრიფტის ზომა – 12. სტრიქონებს შორის მანძილი 1,5; გვერდის საზღვრები მარცხნიდან 3სმ; მარჯვნიდან 1,5სმ; ზემოდან და ქვემოდან 2,5 სმ. ნაშრომს უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი (ციტირება და ლიტერატურის მითითება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის პუბლიკაციების სტილით იხ. დანართი #2)

22. სადისერტაციო ნაშრომის წარდგენა
22.1. სადისერტაციო ნაშრომი საბჭოს გადაეცემა ოთხ აკინძულ და ერთ ელექტრონულ ეგზემპლარად.
22.2. სადისერტაციო ნაშრომთან ერთად დოქტორანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

• სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული 60 ECTS სასწავლო კრედიტის დაგროვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ამონაბეჭდი;
• სამეცნიერო სემინარებისა და ფორუმების ნუსხა, სადაც მოხსენებულ იქნა სადისერტაციო ნაშრომის დებულებები თუ შედეგები.

22.3. დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა იმის შესახებ, რომ ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად.
22.4. სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულ უნდა იქნეს დაცვამდე, სულ მცირე, სამი სამეცნიერო ნაშრომის სახით რეცენზირებად ჟურნალებში. რეცენზირებადი ჟურნალების ნუსხას ადგენს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. ნაშრომთაგან ორმა მაინც უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება. სტატიების საერთაშორისო რეცენზირებას უზრუნველყოფს თსუ სტატიის წარდგენიდან მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ რეცენზიის (დადებითის ან უარყოფითის) მიუღებლობა არ ჩაითვლება დისერტაციის დაცვის პროცედურის შემაფერხებელ გარემოებად.
22.5. დისერტაციის წარდგენა დასაშვებია საერთაშორისო რეცენზირებისთვის სტატიების წარმოდგენამდე ან წარმოდგენილ სტატიებზე საერთაშორისო რეცენზიის მიღებამდე.
22.6. თუ დისერტაციის შემფასებელთაგან (რეცენზენტთაგან) ერთი დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელი მეცნიერია, მაშინ დოქტორანტს მოეთხოვება ორი ნაშრომის პუბლიკაცია რეცენზირებად ჟურნალებში და ამ შემთხვევაში მათგან მხოლოდ ერთმა უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება.
22.7 დისერტაციას თან უნდა დაერთოს დოქტორანტის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ ნაშრომი მის მიერ არის შესრულებული და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული ( დანართი # 3 )

23. სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი შეფასება

23.1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ სადისერტაციო საბჭო გამოყოფს სულ მცირე, ორ შემფასებელს (რეცენზენტს), რომლებიც წარუდგენენ სადისერტაციო საბჭოს სადისერტაციო ნაშრომის წერილობით შეფასებას (რეცენზიას) ნაშრომის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.

23.2. შემფასებლად (რეცენზენტად) ინიშნება პირი, რომელსაც სადისერტაციო ნაშრომის სპეციალობით აქვს პუბლიკაციები.
23.3. შემფასებელი არ შეიძლება იყოს დისერტანტის მიერ შესრულებულ ნაშრომთა თანაავტორი, აგრეთვე, დისერტანტზე თანამდებობრივად დამოკიდებული პირი.
23.4. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის მოთხოვნით ერთი შემფასებელი შეიძლება იყოს უცხოეთის რომელიმე სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების მოქმედი ან გადამდგარი დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
23.5. რეცენზია სადისერტაციო ნაშრომის შეფასებასთან ერთად უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკომენდაციას ნაშრომის დაცვაზე დაშვების, ან შესასწორებლად დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების, ანდა დაცვაზე უარის თქმის შესახებ
23.6. დისერტაციის შეფასება წარმოებს შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე. თუ შემფასებელთა ნახევარზე მეტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, დისერტაციის დაცვა არ გაიმართება
23.7. ორი შემფასებლიდან ერთის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სადისერტაციო საბჭო 10 დღის ვადაში გამოყოფს მესამე შემფასებელს.
23.8. შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 თვისა. მესამე შემფასებლის დანიშვნის შემთხვევაში მას ნაშრომის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე.
23.9. დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის დაბრუნების ან დაცვაზე უარის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების პირობით.
23.10. თუ დისერტაცია არ იქნება დაშვებული დაცვაზე, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორანტს უფლება ეძლევა დამატებით იმუშაოს დისერტაციაზე და ხელახლა წარუდგინოს საბჭოს 1 წლის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე აღარ დაიშვება.
23.11. შესწორებული ნაშრომის ისევ უარყოფითად შეფასების შემთხვევაში დოქტორანტის ნაშრომი არ მიიღება დასაცავად.
23.12. დაცვაზე უარის მიღების შემთხვევაში სასწავლო კომპონენტის მოქმედების ვადა არის 5 წელი პირველი კრედიტის მოპოვების დღიდან.
23.13. სადისერტაციო საბჭო გადასცემს დოქტორანტს შემფასებლების დასკვნებს, ხოლო დაცვაზე დაშვების შემთხვევაში ატყობინებს დაცვის თარიღსაც. დოქტორანტს უნდა მიეცეს, სულ მცირე, 1 თვის ვადა დაცვისათვის მოსამზადებლად.
23.14. თუ დოქტორანტს უარი ეთქვა დაცვაზე, უარყოფილი სადისერტაციო ნაშრომის ერთი პირი და რეცენზენტების წერილობითი დასკვნები შესანახად გადაეცემა სადისერტაციო საბჭოს არქივს. დოქტორანტი უფლებამოსილია გაეცნოს ამ დოკუმენტებს. დანარჩენი დოკუმენტები დაუბრუნდება დოქტორანტს.

24. სადისერტაციო კომისია

24.1. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე შესაბამისი დარგობრივი სექციის ხელმძღვანელთან და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან კონსულტაციით სადისერტაციო ნაშრომის დასაცავად ქმნის სადისერტაციო კომისიას.
24..2. სადისერტაციო კომისია იქმნება, სულ მცირე, ხუთი პირის შემადგენლობით (ზოგადად, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კენტი რიცხვით), რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
24.3. კომისიის წევრად არჩეული უნდა იქნეს შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი. ხელმძღვანელს და შემფასებლებს (რეცენზენტებს) აქვთ კომისიაში სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება.. სადისერტაციო კომისიის Seმადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე დარგის სპეციალისტებიც, რომლების არ არიან ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. სადისერტაციო კომისიის შემადგენლობის ნახევარი მაინც უნდა დაკომპლექტდეს სადისერტაციო საბჭოს წევრებით.
24.4. სადისერტაციო კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის მიერ არჩეული თავმჯდომარე, რომელიც უნდა იყოს უნივერსიტეტის სრული, ასოცირებული ან საპატიო პროფესორი. თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი ან შემფასებელი (რეცენზენტი).
24.5. სადისერტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილად ითვლება, თუ მის მუშაობაში მონაწილეობს კომისიის შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.
24.6. სადისერტაციო კომისია უფლებამოსილია გაეცნოს დისერტაციასთან დაკავშირებით შემოსულ წერილობით გამოხმაურებებს.

25. დისერტაციის დაცვა

25.1. დისერტაციის დაცვა არის საჯარო.
25.2. დაცვის ენა არის ქართული.
25.3. დაცვის მსვლელობა და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
25.4. დისერტაციის დაცვა შედგება შემდეგი პროცედურებისაგან:

  • დოქტორანტის მოხსენება (არა უმეტეს 30 წუთისა);
  • რეცენზიების საჯაროდ წაკითხვა;
  • სამეცნიერო დისკუსია;
  • კომისიის დახურული სხდომა – სადისერტაციო ნაშრომის შესაფასებლად;
  • სადისერტაციო ნაშრომის შეფასების გამოცხადება.

25.5. კომისიის ერთ სხდომაზე შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ერთი დისერტაციის დაცვა.
25.6. სადისერტაციო ნაშრომის დაცვა უნდა მოხდეს ნაშრომის სადისერტაციო საბჭოში წარდგენის დღიდან 6 თვის განმავლობაში.

26. სადისერტაციო ნაშრომის საბოლოო შეფასება
26.1. დისერტაციის შეფასების კრიტერიუმებია:

• საკვლევი თემის აქტუალობა და სიახლე.
• კვლევის მეთოდების გამოყენების სათანადო დონე; კვლევის საგანთან და ობიექტთან მათი შესაბამისობა.
• მეცნიერების მოცემული დარგის განვითარებაში დისერტანტის მიერ შეტანილი წვლილი.

26.2. სამეცნიერო დისკუსიის დასრულების შემდეგ სადისერტაციო კომისია დახურულ სხდომაზე აფასებს სადისერტაციო ნაშრომს ფარული კენჭის ყრით, რაზეც დგება ოქმი.
26.3. საბოლოო შეფასება ხდება შემდეგი სისტემის მიხედვით:

  • ფრიადი – სუმმა ცუმ ლაუდე;
  • ძალიან კარგი – მაგნა ცუმ ლაუდე;
  • კარგი – ცუმ ლაუდე;
  • საშუალო – ბენე;
  • დამაკმაყოფილებელი – რიტე;
  • არადამაკმაყოფილებელი - ინსუფფიციენტერ;
  • სრულიად არადამაკმაყოფილებელი - სუბ ომნი ცანონე.

26.4. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარის ხმას.
26.5. სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე დოქტორანტს კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას აცნობს ზეპირად.
26.6. დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუ საბოლოო შეფასება იქნება `არადამაკმაყოფილებელი” ან `სრულიად არადამაკმაყოფილებელი”. დადებითი შეფასების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის (PH.D.) აკადემიური ხარისხი (ფილოლოგიაში, ისტორიაში, ფილოსოფიაში, ხელოვნებათმცოდნეობში, განათლების მეცნიერებებში)
26.7. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ სადისერტაციო საბჭოს წარედგინება შედეგის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში.

27. დისერტაციის გამოქვეყნება
დოქტორანტი ვალდებულია დისერტაციის დაცვის შემდეგ, 6 თვის ვადაში, გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (მოწმობა) არ გაიცემა.

28. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება

28.1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის (Pჰ.D.) აკადემიურ ხარისხს (ფილოლოგიაში, ისტორიაში, ფილოსოფიაში, ხელოვნებათმცოდნეობაში, განათლების მეცნიერებში) ანიჭებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.

29. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი

29.1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ადასტურებს დიპლომი (მოწმობა).
29.2. დიპლომი გაიცემა არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში დისერტაციის დაცვის შემდეგ. დიპლომის გაცემამდე დოქტორანტს ეძლევა შესაბამისი ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ.
29.3. დიპლომში აღნიშნულია სადისერტაციო საბჭოს დასახელება, დაცვის თარიღი, საერთო შეფასება და სპეციალობის დასახელება
29.4. დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ. დიპლომს ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. დიპლომი დასტურდება უნივერსიტეტის ბეჭდით.
29.5. დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ, არაუგვიანეს ერთი თვისა.
29.6. დიპლომის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.

30. დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა
დოქტორის აკადემიური ხარისხი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორს ჩამოერთმევა აკადემიური პატიოსნების ნორმების (სადისერტაციო ნაშრომში გაყალბებული მონაცემების გამოყენება ან პლაგიატი) დარღვევის შემთხვევაში.

თავი VIII. დოქტორანტურა პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით

31. შეთანხმება სადოქტორო პროგრამის განხორციელებაზე
სადოქტორო პროგრამის განხორციელება პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით წესრიგდება ამ უნივერსიტეტთან დადებული შეთანხმებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტორანტურის შესახებ. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფორმებია:

  • ერთობლივი სწავლების ორგანიზება;
  • დოქტორანტის თანახელმძღვანელობა;
  • ერთობლივი ხარისხის მინიჭება

32. განცხადება დოქტორანტურაში დაშვების შესახებ
32.1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ორივე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წინაპირობებს.
33.2. განცხადებას ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის თანხმობა თემის თანახელმძღვანელობაზე.

33. დოქტორანტის ხელმძღვანელი
33.1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში დისერტაციას ერთობლივად უნდა უხელმძღვანელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორებმა. აუცილებელია ორივე პროფესორის დასკვნა. დისერტაციის დაცვას ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაინც უნდა ესწრებოდეს.
33.2. თუ სადისერტაციო საქმის წარმოება უპირატესად პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს, მოქმედებს პარტნიორი უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულების პირობები.

34. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ის უნივერსიტეტი, რომელშიც დაცული იქნა დისერტაცია პარტნიორი უნივერსიტეტის მითითებით.

35. დისერტაციის წარდგენისა და დაცვის ენა
დისერტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულად და პარტნიორი უნივერსიტეტის სამუშაო ენაზე. იგივე წესი ვრცელდება დაცვასთან დაკავშირებით.

თავი IX. დაფინანსება

დოქტორანტურის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო გრანტის, საუნივერსირტეტო დაფინანსების, სტიპენდიების, ქველმოქმედებისა და თვითდაფინანსების ფორმით.

თავი X. გარდამავალი დებულებები

36. გარდამავალი პერიოდი გრძელდება სადოქტორო პროგრამებზე მიღების გამოცხადებიდან 2 წელი.
36.1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში თსუ დოქტურანტურის მინიმალური სტანდარტით განსაზღვრული წესით.
36.2. თსუ დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საკანდიდატო მინიმუმის საგნები ან/და აქვთ გავლილი აპრობაცია, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისგან. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით. გამოქვეყნებული სამი ნაშრომიდან ორმა უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება. ცალკეულ შემთხვევაში (ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური დარგები) სპეციფიკიდან გამომდინარე უნივერსიტეტი ნაშრომს სარეცენზიოდ გადასცემს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ადგილობრივ ანონიმურ ექსპერტს.
36.3. თსუ-ს ის ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არა აქვთ ჩაბარებული საკანდიდატო მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ ამ დებულებით დადგენილი წესით.
36.4. იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც თსუ-ს დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად.

III. თავი XI. დასკვნითი დებულებები

37. დებულების მოქმედების სფერო
37.1. წინამდებარე დებულება, შემუშავებულია 2004 წლის 21 დეკემბრის “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის მოქმედების პრინციპებსა და წესს.
37.2. წინამდებარე დებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ წინადადების დასმის უფლება აქვს სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერ წევრს. დასაბუთებულ წინადადებას განიხილავს სადისერტაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. დებულებაში შეტანილ ყველა დამატებასა და ცვლილებას ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
37.3. წინამდებარე დებულება ძალაში შედის თსუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცების დღიდან.