ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 
6 სექტემბრის №112/2019 დადგენილებით



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

2007 წლის 17ივლისის

დადგენილება N41

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,

დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება ( დანართი N1).

საფუძველი: მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი


დანართი 1

მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება

 

მუხლი 1 ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების განხორციელების წესსა და პირობებს.
2. დოქტორანტურა მედიცინაში არის უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს მედიცინის დარგში სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
3. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისთვის აუცილებელი პირობები განსაზღვრულია წინამდებარე დებულებით ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება
1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რეზიდენტურის კურსდამთავრებულს.
2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე ჩარიცხულ პირებზე არანაკლებ 5-წლიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაიცემა დიპლომირებული მედიკოსის დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.
2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 3. დოქტორანტურაში მიღების წესი

1. დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებას ამ დებულებით დადგენილი წესით.
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
ა) განმცხადებლის ავტობიოგრაფია;
ბ) სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
გ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
დ) შერჩეული თემის მოკლე ანოტაცია.
2. სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა და/ან უნივერსიტეტის მიერ პრიორიტეტულად აღიარებული სადოქტორი პროგრამების მიმართულებებისადმი შესაბამისობა.
დისერტაციის ხელმძღვანელი (ან თანახელმძღვანელი ერთობლივი სადოქტორი პროგრამების განხორციელების შემთხვევაში) შეიძლება იყოს თსუ პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. დოქტორანტს ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო ხელმძღვანელის შერჩევაში.
4. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ B2 (ALTE) დონეზე ცოდნა.
5. დოქტორანტობის კანდიდატი, თუ მას ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
6. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტურაში კანდიდატის დოქტორანტად ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციოლ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტს.
7. უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ჩარიცხვიდან მაქსიმუმ ორ თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.

მუხლი 4. სამეცნიერო ხელმძღვანელი
1. სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
2. სამეცნიერო ხელმძღვანელის სალექციო და კვლევითი დატვირთვიდან გამომდინარეობს, თუ რამდენ დოქტორანტს შეუძლია უხელმძღვანელოს.
3. დისერტაციის ხელმძღვანელი კონტროლს უწევს ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
4. სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ თსუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის დატოვება არ იწვევს დოქტორანტის ხელმძღვანელობაზე უარის თქმას, თუ თანამდებობის დატოვების შემდეგ ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში მისი მოწვევის შესახებ. ამ შემთხვევაში თსუ–ს, დოქტორანტის ხელმძღვანელსა და დოქტორანტს შორის ხელი მოეწერება ახალ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეების ვალდებულებების გარდა განისაზღვრება ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურების პირობები.
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სამეცნიერო ხელმძღვანელად შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

მუხლი 5. დოქტორანტურის პროგრამა და დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა

1. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს.
2. დოქტორანტმა სწავლის და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტისა. დოქტორანტურის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი.
3. დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს კრედიტების საერთო რაოდენობის 1/3, დანარჩენი 2/3 ეთმობა კვლევას.

მუხლი 6. დოქტორანტურაში ჩაბარების ვადები

დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისთვის.

მუხლი7. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი
1. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას.
2. სადოქტორო პროგრამის სასწავლო გეგმას შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
სასწავლო გეგმაში აუცილებლად შედის:
სპეციფიკური დარგობრივი კურსებისგან შემდგარი მოდული;
ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელი საფაკულტეტო მოდული ან ცალკეული კურსები (ბიოსამედიცინო კვლევის მეთოდები, კლინიკური კვლევების ეთიკური საკითხები, ეპიდემიოლოგიისა და ბიოლოგიურ სტატისტიკა, სამეცნიერო წერისა და პუბლიკაციის ჩვევები);
სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსი, რომელსაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში.
შემოთავაზებულ მოდულებში დოქტორანტს შეუძლია, აირჩიოს მისი კვლევისათვის ყველაზე მეტად შესაფერისი კურსები.
3. დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულების და კვლევის სავარაუდო გრაფიკი.

მუხლი 8. დოქტორანტურის კვლევითი კომპონენტი და დოქტორანტების კოლოკვიუმი

დოქტორანტურაში სწავლების თითოეული წლის ბოლოს თემის ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ნომინირებული ორი მოწვეული ექსპერტი აფასებენ თემის შესრულების მიმდინარეობას.
კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დისკუსია, ახალი სამეცნიერო ლიტერატურის, მიღწევების და პრობლემების განხილვა.

მუხლი 9 დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა

ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორანტს შეიძლება დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:
ა) პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში.
ბ) უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას;

გ) ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 10 დისერტაცია
1. დისერტაცია წარმოადგენდეს სადოქტორი პროგრამის დასკვნით ნაწილს და უნდა ასახავდეს დოქტორანტის დამოუკიდებელი სამეცნიერო თეორიული და/ან ექსპერიმენტული კვლევის მუშაობის შედეგს, ახასიათებდეს მეცნიერული სიახლე და წვლილი შეჰქონდეს ბიომედიცინის შესაბამისი დარგის განვითარებაში.

2. დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. სადისერტაციო კვლევის ძირითადი შედეგები წამოდგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე.

3. ნაშრომის უცხო ენაზე შესრულების შემთხვევაში სადისერტაციო კვლევის ძირითადი შედეგები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.

4. დაცვის შემდეგ დისერტაცია უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით.

მუხლი 11. სადისერტაციო ნაშრომის ზომა, ფორმატი და სტილი

სადისერტაციო ნაშრომის ზღვრული მოცულობა – 180-200 გვ. (არაუმეტეს 400 000 ასო-ნიშანი)., დასკვნა – 10-12გვ.; ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი; ფურცლის ზომა A/4; ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 12-იანი შრიფტით, შრიფტის სახეობა - აკადნუსხური;სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5; გვერდის საზღვრები: მარცხნიდან 3 სმ., მარჯვნიდან 1 სმ., ზემოდან 2,5 სმ., ქვემოდან – 2,5 სმ.
მუხლი 12. დისერტაციის წარდგენა
1. დისერტაცია სადისერტაციო საბჭოში წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს ხუთი წლისა დოქტორანტურაში ჩაბარების შემდეგ.
2. დისერტაცია სადისერტაციო საბჭოს გადაეცემა 4 აკინძულ და 1 ელექტრონულ ეგზემპლარად, ფაკულტეტის ვებ-გვერდზე განსათავსებლად.
3. დისერტაციას თან ერთვის განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ თემა მის მიერაა შესრულებული და რომ ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.
4. დისერტაციის დაცვის პრერეკვიზიტებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების შესრულება და
სადისერტაციო თემის ირგვლივ გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული სამი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათგან ორი უნდა იყოს გამოქვეყნებული (ან მიღებული გამოსაქვეყნებლად) იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო რეფერირებად (პეერ-რევიეწედ) ჟურნალში.

მუხლი 13. წერილობითი დასკვნა დისერტაციის შესახებ
1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ წერილობით დასკვნას ადგენს სამი შემფასებელი, მათ შორის თემის ხელმძღვანელი პროფესორი.
2. შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
3. დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების ან დაცვაზე უარის თქმის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების დათქმით.
4. შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დისერტაცია ხელახლა უნდა იქნეს წარდგენილი 1 წლის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე აღარ დაიშვება.
5. თუკი ორი გარე შემფასებლის დასკვნა განსხვავდება ერთმანეთისაგან, ინიშნება მესამე გარე-შემფასებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. მესამე შემფასებელს თემის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე.
6. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაცვის თარიღიც. შეტყობინებიდან დაცვის თარიღამდე დოქტორანტს უნდა მიეცეს მინიმუმ 1 თვე დაცვისათვის მოსამზადებლად. დოქტორანტს ეძლევა უფლება, გაეცნოს შემფასებლების დასკვნებს.
7. დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფილი დისერტაცია და შემფასებლების წერილობითი დასკვნები შეინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია, გაეცნოს ამ დოკუმენტებს.
მუხლი 14. სადისერტაციო კომისია
1. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე დისერტაციის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში ქმნის სადისერტაციო კომისიას.
2. სადისერტაციო კომისია უნდა შედგებოდეს მეცნიერების იმ დარგის სულ მცირე ოთხი წევრისაგან, რა დარგშიც შესრულებულია დისერტაცია და ერთი წევრი მაინც უნდა იყოს სხვა კვლევითი დაწესებულების წარმომადგენელი. სადისერტაციო კომისიის წევრები უნდა წარმოადგენდნენ მოქმედ აკადემიურ პერსონალს (პროფესორი, საპატიო პროფესორი, ასოცირებული პროფესორი), რომელთა მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სადისერტაციო საბჭო.
3. კომისიაში უნდა შედიოდეს სათათბირო ხმის უფლებით დისერტაციის ხელმძღვანელი, ასევე თემის მეორე შემფასებელი (შემფასებლები) და სადისერტაციო საბჭოს ერთი წევრი მაინც. სადისერტაციო კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირი (პირები).
4. თავმჯდომარე უნდა იყოს უნივერსიტეტის მოქმედი ან საპატიო პროფესორი, რომელიც არ არის ხელმძღვანელი ან შემფასებელი.
5. თუკი სადისერტაციო ნაშრომი მომზადებულია მედიცინის იმ დარგში, რომლის წარმომადგენელიც არის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, იგი ავტომატურად შედის სადისერტაციო კომისიის შემადგენლობაში.
6. სადისერტაციო კომისიის წევრები წინასწარ (დაცვამდე) ეცნობიან სადისერტაციო ნაშრომს.


15. სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
2. სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.
3. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები, უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით;
4. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, კენჭისყრით, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შესაძლებელია არჩეულ იქნეს ზედიზედ 2-ჯერ. თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი;
5. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში, საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სხდომის თავმჯდომარეს.

16. სადისერტაციო საბჭოს სხდომები და ფუნქციები
1. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას ხმას მისცემს დამსწრეთა 2/3. გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით;
2. სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
3. სადისერტაციო საბჭო:

• იღებს გადაწყვეტილებებს დოქტორანტურაში მიღების, სადისერტაციო თემისა და ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ;
• ნიშნავს შემფასებლებს და განსაზღვრავს დისერტაციის დაცვის თარიღს;
• ამტკიცებს სადისერტაციო კომისიას;
• სადისერტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს;

17. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე:

• იწვევს და უძღვება სადისერტაციო საბჭოს სხდომებს სემესტრში ერთხელ მაინც;
• საბჭოს შემადგენლობიდან განსაზღვრავს სადისერტაციო კომისიას;
• უზრუნველყოფს დოქტორანტებისათვის სემინარების ორგანიზებას ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით;
• უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

18. სადისერტაციო საბჭოს მდივანი
1. სადისერტაციო საბჭოს მდივანს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.
2. მდივანი უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას:
• აწარმოებს სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმებს, უნივერსიტეტში საქმის წარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
• ეხმარება თავმჯდომარეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;
• ხელმძღვანელობს საბჭოს არქივსა და საქმის წარმოებას;
• კონსულტაციას უწევს და ეხმარება დოქტორანტებს დისერტაციის დაცვამდე და დაცვის შემდგომ სათანადო დოკუმენტაციის მომზადებაში.

მუხლი 19. დისერტაციის დაცვა
1. დისერტაციის დაცვა უნდა მოხდეს დისერტაციის თემაზე ბოლო პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.
2. დაცვა არის საჯარო. მის მსვლელობასა და შედეგზე უნდა შედგეს საბოლოო ოქმი. დაცვა ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ 30 წუთიანი მოხსენებით თემის წარმოდგენას – პრეზენტაციას.
3. მოხსენებას მოსდევს სამეცნიერო შეკითხვა-კამათი. დაცვა არ უნდა აღემატებოდეს 120 წუთს.
4. ერთი კომისიის წინაშე ერთ დღეს შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს ორი დისერტაციის დაცვა.

მუხლი 20. დისერტაციის და დოქტორანტის შეფასება

1. დისერტაციის შეფასება განისაზღვრება შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე.
2. დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე დაცვის დასრულებისთანავე.
3. შეფასებისთვის გამოიყენება შეფასების 5 ბალიანი სისტემა, რომლითაც კომისიის თითოეული წევრი აფასებს დისერტაციას.
4. დისერტაცია ითვლება დაცულად, თუკი მას დისერტანტის მიერ მიღებული ქულათა ჯამი შეადგენს მაქსიმალურად შესაძლო ქულათა ჯამის 60%-ს და მეტს. დისერტანტის მიერ მიღებული ქულათა ჯამის მიხევით, დისერტაცია ფასდება როგორც:
ა) ფრიადი (სუმმა ცუმ ლაუდე) -85%-ზე მეტი;
ბ) კარგი (ცუმ ლაუდე) -70-85%;
გ) დამაკმაყოფილებელი (რიტე) -60-69%;
დ) არადამაკმაყოფილებელი-50-59% (დისერტანტს ეძლევა უფლება, რომ დაამუშავოს დისერტაცია ერთი წლის მანძილზე და განმეორებით გავიდეს დაცვაზე)
ე) სრულიად არადამაკმაყოფილებელი- 50%-ზე ნაკლები (დისერტანტს აღარ ეძლევა უფლება, რომ დაამუშავოს დისერტაცია)
5. საბოლოოდ დოქტორანტის სწავლა დოქტორანტურაში (შეფასება ეხება როგორც სასწავლო, ისე კვლევით კომპონენტს) ფასდება 7-ბალიანი სისტემით.

მუხლი 21. ხარისხის მინიჭება
1. დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის გაცემის შემდეგ პირი უფლებამოსილია, იწოდებოდეს მეცნიერებათა დოქტორად.
2. დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ.
3. დიპლომი შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. Dიპლომს ხელს აწერს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის რექტორი. დიპლომი მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით.
4. მოწმობის ასლი ინახება თსუ-ს არქივში.

მუხლი 22. დისერტაციის გამოქვეყნება
1. დოქტორანტი ვალდებულია დისერტაციის დაცვიდან 1 წლის განმავლობაში გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ფორმით თსუ გამომცემლობაში და ელექტრონული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე არ გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.
2. გამოქვეყნებული დისერტაცია წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალურ საკუთრებას.

მუხლი 23. დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა
დოქტორის აკადემიური ხარისხი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორს ჩამოერთმევა აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის შემთხვევაში.

მუხლი 24. დაფინანსება
დოქტორანტის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო გრანტის, საუნივერსიტეტო დაფინანსების, სტიპენდიების, ქველმოქმედების და თვითდაფინანსების ფორმით.

მუხლი 25. გარდამავალი დებულებები

1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით.
2. თსუ დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც მინიმუმის საგნები აქვთ ჩაბარებული ან/და აპრობაცია აქვთ გავლილი, თავისუფლდებიან წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისგან. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით. გამოქვეყნებული სამი სტატიიდან ორმა უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება.
3. თსუ-ს ის ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არა აქვთ ჩაბარებული მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით.
4. იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც თსუ-ს დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად.
5. გარდამავალი დებულებით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლება ასპირანტებს და მაძიებლებს აქვთ დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებიდან მაქსიმუმ ორი წლის მანძილზე.