ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №54

10.10.2007.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,  დამტკიცდეს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქცია (დანართი №1).

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი


დანართი 1.


იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები
1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება
სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ახორციელებს იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. შესაძლებელია, პარტნიორ უნივერსიტეტთან შეთანხმება ითვალისწინებდეს აკადემიური ხარისხის ერთობლივ მინიჭებას.
2. დოქტორანტურის კომპონენტები
1) დოქტორანტურა, ანუ უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით, მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) დოქტორანტურის სემინარს იმ დარგში, რომელშიც დოქტორანტი წერს სადისერტაციო ნაშრომს. დოქტორანტურისათვის სავალდებულო სემინარის არჩევა და ჩაბარება უნდა მოხდეს თემის ხელმძღვანელთან შეთანხმებით სადისერტაციო ნაშრომის დაცვამდე ნებისმიერ დროს, დოქტორანტის თავისუფალი არჩევანის მიხედვით; ასევე სხვა სასწავლო კომპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას და შესაძლებელია აერთიანებდეს: 1. სპეციფიკური დარგობრივი კურსებისგან შემდგარ მოდულს/მოდულებს, 2. ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელ მოდულს ან ცალკეულ კურსს (კვლევის მეთოდები და ხერხები), 3. სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსს;
ბ. კვლევით კომპონენტს, რომელიც გულისხმობს: დისერტაციის ანუ სამეცნიერო ნაშრომის შესრულებას, რომელსაც დოქტორანტი წერს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, და რომელიც უნდა ასახავდეს თეორიული ან/და ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს და წვლილი შეჰქონდეს მეცნიერების განვითარებაში. დისერტაციის შესრულების პროცესში სავალდებულოა ხელმძღვანელი პროფესორისა და დოქტორანტის თანამშრომლობა ხორციელდებოდეს კოლოკვიუმის ფორმით წელიწადში, მინიმუმ, ორჯერ. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დისკუსია, ახალი სამეცნიერო ლიტერატურის, მიღწევებისა და პრობლემების განხილვა;
გ) დისერტაციის დაცვას (დისპუტაციას) ანუ თემის საჯარო პრეზენტაციას, რომელსაც მოსდევს სამეცნიერო შეკითხვა-კამათი.
2) დოქტორანტურა მოიცავს 180 კრედიტს: კვლევითი კომპონენტი (სადისერტაციო თემის შესრულება და დაცვა) 120 კრედიტით ფასდება, სასწავლო კომპონენტი _ 60 კრედიტით.

თავი II. სადისერტაციო საბჭო
3. სადისერტაციო საბჭო
1) სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან.
2) სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები.
3) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი.
4) სადისერტაციო საბჭოს მდივანს თავმჯდომარის წარდგინებითა და დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.
4. სადისერტაციო საბჭოს სხდომები და ფუნქციები
1) სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას ხმას მისცემს დამსწრეთა არანაკლებ 2/3-ისა.
2) სადისერტაციო საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
3) სადისერტაციო საბჭო განსაზღვრავს სადისერტაციო თემის მოცულობას, ფორმატს, შრიფტის ზომასა და სხვა ტექნიკურ მონაცემებს.
4) სადისერტაციო საბჭო ერთ-ერთი წევრის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტურაში ჩარიცხვის, თემისა და ხელმძღვანელის დამტკიცების შესახებ.
5) სადისერტაციო საბჭო ყოველი აკადემიური წლის დასაწყისში ადგენს სადოქტორო პროგრამების სასწავლო გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს თსუ-ის აკადემიურ საბჭოს.
6) სადისერტაციო საბჭო ამტკიცებს დოქტორანტთა მუშაობის ინდი-ვიდუალურ გეგმებს.
5. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით:
ა) იწვევს საბჭოს სხდომებს წელიწადში ორჯერ მაინც;
ბ) წყვეტს შემფასებლების დანიშვნის საკითხს, ასევე თემის დაცვის თარიღს;
გ) საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს სადისერტაციო კომისიას;
დ) უზრუნველყოფს დოქტორანტებისათვის სავალდებულო თემა-ტური სემინარების ორგანიზებას;
ე) წყვეტს დოქტორანტთა სასწავლო და კვლევით პროგრამებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
6. სადისერტაციო საბჭოს მდივანი
სადისერტაციო საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას.

თავი III. დოქტორანტურაში ჩარიცხვა
7. დოქტორანტურაში ჩარიცხვის წინაპირობები
1) დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;
2) ჩარიცხვისათვის სავალდებულოა ხელმძღვანელი პროფესორის შუამდგომლობა, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა. დისერტაციის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს სადისერტაციო საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები;
3) დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) არანაკლებ `ბ2~ დონეზე ცოდნა.
8. განაცხადი

დოქტორანტობის კანდიდატმა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარადგინოს განაცხადი იმ დარგის მითითებით, რომელსაც შეეხება სადისერტაციო თემა. განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შერჩეული თემის ზოგად დახასიათებას. განაცხადს თანAუნდა ერთვოდეს:
ა) განმცხადებლის ავტობიოგრაფია;
ბ) ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
დ) განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში, ან უარი არ ეთქვა მას სხვა უმაღლესი სასწავლებლის დოქტორანტურაში მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე.

9. დოქტორანტურაში ჩარიცხვის წესი
1) დოქტორანტობის კანდიდატი გასაუბრებაზე გადის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში. დოქტორანტის ანკეტურ მონაცემებს საბჭოს მოახსენებს სადისერტაციო საბჭოს მდივანი, ხოლო შუამდგომლობას დოქტორანტურაში ჩარიცხვის თაობაზე _ დოქტორანტის სავარაუდო ხელმძღვანელი. შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული სადისერტაციო თემის აქტუალობა და მნიშვნელობა.
2) პირი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრისას მას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე სადისერტაციო საბჭოს წევრთა უმრავლესობამ.
3) დოქტორანტურაში ჩარიცხვის შემთხვევაში უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი არა უგვიანეს 2 თვისა ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.

10. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა
იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

თავი IV. სადისერტაციო საქმის წარმოება

11. დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა
1) დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით.
2) ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. მასში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულებისა და კვლევის სავარაუდო გრაფიკი.
12. დოქტორანტურის სასემინარო ნაშრომი
1) დასკვნითი პროცედურის დაწყების წინაპირობაა დოქტორანტის მიერ სასემინარო ნაშრომის მომზადება და აუდიტორიის წინაშე დაცვა.
2) სასემინარო ნაშრომის თემა არ უნდა შეადგენდეს დისერტაციის ნაწილს.
3) სემინარის მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს განსაზღვრავს სადისერტაციო საბჭო.
13. დისერტაცია
1) დისერტაცია უნდა წარმოადგენდეს დოქტორანტის დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობის შედეგს, ახასიათებდეს სიახლე და წვლილი შეჰქონდეს შესაბამისი სამეცნიერო დარგის განვითარებაში.
2) დისერტაცია უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე. სადისერტაციო საბჭოს ნებართვით დასაშვებია მისი სხვა ენაზე შესრულება.
14. დისერტაციის წარდგენა
1) დისერტაცია სადისერტაციო საბჭოს გადაეცემა 4 აკინძულ და 1 ელექტრონულ ეგზემპლარად, ფაკულტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.
2) დისერტაციას თან ერთვის დოქტორანტის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ თემა მის მიერაა შესრულებული და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.

15. დისერტაციის დაცვაზე დაშვების წინაპირობები
დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად:
ა. დისერტანტმა უნდა წარადგინოს ცნობა სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის შესრულების თაობაზე;
ბ. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა სადისერტაციო საბჭოს უნდა წარუდგინოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ იგი გაეცნო დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე დასაშვებად;
გ. დისერტანტმა უნდა წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს ცნობა იმის თაობაზე, რომ სადისერტაციო თემის სფეროში გამოქვეყნებული (ან გამოსაქვეყნებლად მიღებული) აქვს, მინიმუმ, სამი სამეცნიერო პუბლიკაცია რეცენზირებად ჟურნალში. მათგან ორს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება.
16. წერილობითი დასკვნა დისერტაციის შესახებ
1) დისერტაციის წარდგენის შემდეგ წერილობით დასკვნას ადგენს ორი შემფასებელი.
2) შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
3) დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების ან დაცვაზე უარის თქმის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების დათქმით.
4) შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დისერტაცია ხელახლა უნდა იქნეს წარდგენილი 1 წლის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე აღარ დაიშვება.
5) თუკი წერილობითი დასკვნები ორი შეფასებით განსხვავდება ერთმანეთისაგან, ინიშნება მესამე შემფასებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. მესამე შემფასებელს თემის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე.
6) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაცვის თარიღიც. შეტყობინებიდან დაცვის თარიღამდე დოქტორანტს უნდა მიეცეს, მინიმუმ, 1 თვე დაცვისათვის მოსამზადებლად. დოქტორანტს ეძლევა უფლება, გაეცნოს შემფასებლების დასკვნებს.
7) დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფილი დისერტაცია და შემფასებლების წერილობითი დასკვნები შეინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია, გაეცნოს ამ დოკუმენტებს.
17. სადისერტაციო კომისია
1) დისერტაციის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ქმნის სადისერტაციო კომისიას.
2) სადისერტაციო კომისია შედგება ხმის უფლების მქონე, მინიმუმ, სამი წევრისგან. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს და შემფასებლებს აქვთ სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება. სადისერტაციო კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირი.
3) თავმჯდომარე უნდა იყოს უნივერსიტეტის მოქმედი ან საპატიო პროფესორი, რომელიც არ არის ხელმძღვანელი ან შემფასებელი.
4) თუკი სადისერტაციო ნაშრომი მომზადებულია სამართლის იმ დარგში, რომლის წარმომადგენელიც არის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, იგი ავტომატურად შედის საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში.
18. დაცვა
1) დაცვა არის საჯარო. მის მსვლელობასა და შედეგზე უნდა შედგეს საბოლოო ოქმი. დაცვა ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ 30-წუთიანი მოხსენებით თემის წარმოდგენას - პრეზენტაციას.
2) მოხსენებას მოსდევს სამეცნიერო შეკითხვა-კამათი. დაცვა არ უნდა აღემატებოდეს 120 წუთს.
3) ერთი კომისიის წინაშე ერთ დღეს შეიძლება დაინიშნოს. რამდენიმე დისერტაციის დაცვა.
19. შეფასება
1) დისერტაციის შეფასება განისაზღვრება შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე.
2) დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე დაცვის დასრულებისთანავე.
3) შეფასებისათვის გამოიყენება შეფასების შემდეგი სისტემა:
ა) ფრიადი (სუმმა ცუმ ლაუდე) - შესანიშნავი ნაშრომი;
ბ) ძალიან კარგი (მაგნა ცუმ ლაუდე) - შედეგი, რომელიც
წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
გ) კარგი (ცუმ ლაუდე) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
დ) საშუალო (ბენე) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს
ყოველმხრივ აკმაყოფილებს;
ე) დამაკმაყოფილებელი (რიტე) - შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს;
ვ) არადამაკმაყოფილებელი (ინსუფფიციენტერ) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს;
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (სუბ ომნი ცანონე) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.
4) დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუკი მას საგამოცდო კომისიის უმრავლესობა „არადამაკმაყოფილებლით“ აფასებს. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარის ხმას.
5) დისერტაციისა და დაცვის შეფასებების საფუძველზე სადისერტაციო კომისია განსაზღვრავს საბოლოო შეფასებას. საბოლოო შეფასებაში დისერტაციის შეფასება აისახება 2/3, ხოლო დაცვის - 1/3 თანაფარდობით.
6) სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე საგამოცდო კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას დოქტორანტს აცნობს ზეპირად და მიუთითებს დისერტაციის გამოქვეყნების პირობებზე.
7) თუ დისერტაცია არ იქნა დაცული, დაცვის გამეორება შესაძლებელია მომდევნო 6 თვის განმავლობაში. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ სადისერტაციო საბჭოს უნდა წარედგინოს შედეგის გამოცხადებიდან 1 თვის განმავლობაში.
20. გამოქვეყნება
1) ნაშრომი უნდა გამოქვეყნდეს თსუ-ის გამომცემლობაში დაცვიდან 1 წლის განმავლობაში.
2) დოქტორანტი გამოქვეყნებული ნაშრომის 30 ეგზემპლარს გადასცემს იურიდიულ ფაკულტეტს.
21. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა
1) დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ პირი უფლებამოსილია, იწოდებოდეს სამართლის დოქტორად.
2) მოწმობა გაიცემა გამოქვეყნებული დისერტაციის სავალდებულო ეგზემპლარების ფაკულტეტისათვის გადაცემის შემდეგ.
3) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ პირს შეიძლება მიანიჭოს დოქტორის ხარისხით სარგებლობის უფლება სადოქტორო მოწმობის გაცემამდე, დისერტაციის გამოქვეყნების შესახებ თსუ-ის გამომცემლობასთან დადებული ხელშეკრულების ასლის წარდგენის საფუძველზე.
4) მოწმობა შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. მოწმობას ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით. მოწმობის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.
22. ბათილობა
სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენა არის დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე უარის თქმის ან მოწმობის ჩამორთმევის საფუძველი. შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სადისერტაციო საბჭო.

თავი V. დოქტორანტურა პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით
23. შეთანხმება სადოქტორო პროგრამების განხორციელებაზე
სადოქტორო პროგრამის განხორციელება პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით წესრიგდება ამ უნივერსიტეტთან დადებული შეთანხმებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტორანტურის შესახებ.
24. განცხადება დოქტორანტურაში დაშვების შესახებ
1) პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ორივე უნივერსიტეტის დოქტრონატურაში მიღების წინაპირობებს.
2) განცხადებას ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის თანხმობა თემის თანახელმძღვანელობაზე.
25. დისერტაციის ხელმძღვანელი
1) პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში დისარტაციას ერთობლივად უნდა უხელმძღვანელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორებმა. დაცვას უნდა ესწრებოდეს ერთი ხელმძღვანელი მაინც.
2) პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც თემის ხელმძღვანელობაზე თანხმობას განაცხადებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს თავის შეფასებას.
3) თუ სადისერტაციო საქმის წარმოება უპირატესად პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს, გამოიყენება პარტნიორი უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულების პირობები.
26. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა
1) დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ მოწმობას გასცემს ის უნივერსიტეტი, სადაც განხორციელდა დისერტაციის დაცვა.
2) მოწმობა უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ დისერტაცია დაცულია პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით.
27. გამოქვეყნება
გადაწყვეტილება დისერტაციის გამოქვეყნების შესახებ მიიღება ამ დებულების ან პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის გაცემამდე დოქტორანტმა დისერტაციის 30 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს.
28. დისერტაციისა და დაცვის ენა
დისერტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულად ან პარტნიორი უნივერსიტეტის სამუშაო ენაზე. იგივე წესი ვრცელდება დაცვასთან დაკავშირებით.

თავი VI. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების პროცედურა
25. საპატიო დოქტორის წოდება
1) სამართალმცოდნეობის სფეროში განსაკუთრებული სამეცნიერო დამსახურების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს სამართლის საპატიო დოქტორის - დოცტორ იურის ჰონორის ცაუსა (Dრ.იურ.ჰ.ც.) - აკადემიური ხარისხი.
2) საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე იღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

VII. დასკვნითი დებულებები
26. გარდამავალი დებულებები
1) ამ დებულებით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისაგან თავისუფლდება ყოფილი ასპირანტი და მაძიებელი, რომელსაც ე.წ. საკანდიდატო მინიმუმის ყველა საგანი აქვს ჩაბარებული. იგი ვალდებულია დაიცვას სასემინარო ნაშრომი და წარმოადგინოს სადისერტაციო ნაშრომი ამ დებულებით გათვალისწინებული წესით დასაცავად.
2) დოქტორანტი, რომელსაც დისერტაცია წარდგენილი აქვს დასაცავად 2007 წლის 1 ივნისამდე, წარმოადგენს გამოქვეყნებულ ან გამოსაქვეყნებელ სტატიას საერთაშორისო რეცენზირებისათვის. დისერტაციის დაცვა შედგება სარეცენზიო სტატიაზე დადებითი რეცენზიის მიღების შემდეგ. რეცენზირება ხორციელდება სტატიის წარმოდგენიდან სამი თვის ვადაში.
3) დოქტორანტი თავისუფლდება სემესტრული რეგისტრაციისა და სწავლის ქირის გადასახადისაგან სადისერტაციო საბჭოში სადისერტაციო ნაშრომთან ერთად ხელმძღვანელის დადებითი დასკვნის წარდგენის მომენტიდან.
27. ძალაში შესვლა
ეს დებულება ძალაში შედის 2006 წლის 1 იანვრიდან.