ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

30.07.2008


დადგენილება №112

“უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 28 აპრილის N 20 დადგენილების გარდამავალი დებულებით ჩარიცხულ დოქტორანტთა (ყოფილი ასპირანტები და მაძიებლები) მიერ სტატიების საერთაშორისო რეცენზირებისათვის წარმოდგენისა და მათი შეფასების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს “უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 28 აპრილის N 20 დადგენილების გარდამავალი დებულებით ჩარიცხულ დოქტორანტთა მიერ სტატიების საერთაშორისო რეცენზირებისათვის წარმოდგენისა და მათი შეფასების ერთიანი წესები. ( დანართი 1)
2. დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს დადგენილების შესრულების უზრუნველყოფა
3.დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

   

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

30.07.2008

დადგენილება № 112 

დანართი 1
გარდამავალი დებულებით ჩარიცხულ დო ტორანთა მიერ საერთაშორისო რეცინზირებისათვის სტატიების წარმოდგენისა და მათი შეფასების ერთიანი წესები

$1 სტატიის სარეცენზიოდ წარდგენა

  • “უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 28 აპრილის N20 დადგენილების გარდამავალი დებულებით ჩარიცხულ დოქტორანტთა (შემდგომში –  დოქტორანტი) რეცენზირებად  ჟურნალში გამოქვეყნებულ ან გამოსაქვეყნებლად მიღებულ სტატიას წარადგენს საერთაშორისო რეცენზირებისათვის თსუ სასწავლო დეპარტამენტში.
  • წარმოსადგენი სტატიების რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებით.
  • საერთაშორისო რეცენზირებისათვის  დოქტორანტმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიის ნაბეჭდი და ელექტრონული PDF ვერსია კომპაქტური დისკით;
  • იმ შემთხვევაში, თუ სტატია გამოქვეყნებულია ქართულ ენაზე, დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს სტატიის თარგმანი რომელიმე ევროპულ სამეცნიერო ენაზე (ნაბეჭდი და ელექტრონული PDF ვერსია კომპაქტური დისკით). სტატიის თარგმანის ელექტრონული ვერსიის ტექნიკური გაფორმება (შრიფტის ზომა, სტრიქონებს შორის მანძილი, გვერდის საზღვრები და ა.შ.) არ არის მკაცრად განსაზღვრული.
  • სტატიის ნაბეჭდ  ვერსიას თან უნდა ახლდეს მოკლე ანოტაცია ქართულად და დარგის სპეციალისტის (რომელიც არ უნდა იყოს დოქტორანტის ხელმძღვანელი) წერილობითი  დასკვნა სტატიის სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე (შუამდგომლობა სტატიის სარეცენზიოდ გასაგზავნად).
  • დოქტორანტი და  სტატიის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი  ხელს აწერენ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება სტატიის  მიღება და სტატიის ჩაბარების თარიღი. დოკუმენტის ასლი ინახება დოქტორანტთან სტატიის რეცენზირების დასრულებამდე.

$2.რეცენზენტები

  • დოქტორანტის მიერ წარმოდგენილი სტატია ეგზავნება არანაკლებ ორ უცხოელ ექსპერტს, დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით (ქართველოლოგიური დარგები) ნაშრომი შესაძლებელია სარეცენზიოდ გადაეცეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე  ერთ ადგილობრივ  ექსპერტს.
  • ექსპერტის ვინაობა კონფიდენციალურია, როგორც სტატიის გაგზავნისას, ასევე რეცენზიის მიღების შემდგომ პერიოდში.

$3 შეფასების სისტემა

1. სტატიის შეფასება ხორციელდება 20 ქულიანი სისტემით. ნაშრომი დადებითად ფასდება, თუ ის მოაგროვებს არანაკლებ 12 ქულას.
2. შეფასება ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ა. შინაარსი (მაქსიმუმ 4 ქულა). მოწმდება:პრობლემის აქტუალურობა;იკვეთება თუ არა დამოუკიდებელი მსჯელობის უნარი, არის თუ არა ნათელი   ავტორის მიზანი. არგუმენტაცია ზუსტი, კონკრეტული და კომპლექსური. კონცენტრირებულია თუ არა სტატია ძირითად საკვლევ საკითხებზე.

ბ. ანალიზის სიღრმე და კვლევის ხარისხი  (მაქსიმუმ 4 ქულა). მოწმდება: ავტორის მიერ ყველა იდეის  სრულად განვითარება. საკითხის სიღრმისეულად  შესწავლა, საკვლევი საკითხის ამომწურავად შესწავლა. ავტორის პოზიცია გამყარებულია თუ არა ნათელი და სარწმუნო არგუმენტაციით.არის თუ საკმარისი რაოდენობის დამხმარე ლიტერატურა. არის თუ არა დამხმარე ლიტერატურა სპეციფიკური და არა ზოგადი.

გვაქვს თუ არა აკადემიური და მიმდინარე შრომების ბალანსი.

გ. მონაცემთა სარწმუნოობა(მაქსიმუმ 4 ქულა).  მოწმდება:

მონაცემების სისწორე.  წყაროდ გამოყენებულია თუ არა კომპეტენტური ავტორის მიერ დაწერილი ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნებულია კარგი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ.   
პირველწყაროდან იღებს თუ არა ავტორი თანამედროვე მეცნიერების მონაცემებს.
რამდენად ორგანულად ერწყმის ტექსტს მოყვანილი ციტატები.
არის თუ არა მონაცემები მოყვანილი შესაბამისი წყაროებიდან და
არის თუ არა ყველა ციტირებული წყარო აღნიშნული ნაშრომის ბიბლიოგრაფიაში.

დ. სტრუქტურა (მაქსიმუმ 4 ქულა). მოწმდება:
      
არის თუ არა სტატია  კარგადსტრუქტურირებული
კეთდება  თუ არა მეტი აქცენტი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, ხოლო უფრო ნაკლები – შედარებით ნაკლები მნიშვნელობის მქონეზე. სტატია კარგად თუ არის ორგანიზებული და მისი ნაწილები ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირშია.როგორია პარაგრაფიდან პარაგრაფზე გადასვლა. თითოეული პარაგრაფი სრულად თუ არის განვრცობილი.

ე. შედეგები (მაქსიმუმ 4 ქულა) .  მოწმდება:

შედეგები რამდენად არის ახალი, მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი. შემუშავებულია თუ არა ახალი მიდგომა.
არის თუ არა ახალი მონაცემები ახალი დასკვნებისათვის.
მნიშვნელოვანი რაოდენობით ემატება თუ არა ახალი ინტერპრეტაცია ადრეულ ნაშრომს. წინა ნაშრომი დაკავშირებულია თუ არა განსხვავებულ კონტექსტთან ან ახალ ანალიზთან. ხომ არ არის დასკვნებში სუსტი ადგილები.  ლოგიკურია თუ არა დასკვნები.
2. თუ ორი დამოუკიდებელი  ექსპერტის შეფასება არის არანაკლებ 12 ქულა, დასკვნა დადებითია. თუ ერთი ექსპერტის შეფასება უარყოფითია, ხოლო მეორის დადებითი, სტატია ეგზავნება მესამე ექსპერტს. ორი უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში სტატია უბრუნდება დოქტორანტს დასამუშავებლად.

 

$4 შედეგების გაცნობა

  • ნაშრომი და ნაშრომის შეფასება არ არის ხელმისაწვდომი თსუ პერსონალისა და სტუდენტებისათვის, გარდა მეორე პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.
  • ნაშრომის შეფასების შდეგი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დოქტორანტს, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელსა და ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თვმჯდომარეს.