26 აპრილი, 2010
დადგენილება №45/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,


1. 2009–2010 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტზე ამოქმედდეს ზაფხულის დამატებითი სემესტრი.

2. ზაფხულის დამატებითი სემესტრის რეგულაცია განისაზღვროს შემდეგი წესით:
2.1    მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დასასრულს, ზაფხულის თვეებში, პროგრამის დაძლევის მიზნით, ეძლევათ ზაფხულის დამატებითი სემესტრით სარგებლობის უფლება.
2.2    სტუდენტს შეუძლია, საგანამანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში,   ზაფხულის დამატებითი სემესტრით ისარგებლოს ოთხჯერ.
2.3    ზაფხულის დამატებითი სემესტრის პერიოდში სტუდენტს შეუძლია მოიპოვოს არაუმეტეს 15 კრედიტისა.
2.4    სტუდენტის მიერ კრედიტების წლიური დასაშვები ოდენობა, ზაფხულის დამატებითი სემესტრის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.
2.5    ზაფხულის დამატებითი სემესტრის პერიოდში სტუდენტი სწავლობს თვითდაფინანსებით.
2.6    სტუდენტს ზაფხულის დამატებით სემესტრში  რეგისტრაციის გავლის უფლება ეძლევა დეკანის წარდგინების საფუძველზე და სწავლის საფასური განესაზღვრება შესასწავლი დისციპლინების კრედიტების მოცულობის შესაბამისად.

3. სტუდენტს, რომელიც საგანამანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს, უფლება ეძლევა თვითდაფინანსების გზით დაასრულოს სასწავლო პროგრამა მომდევნო არაუმეტეს ორი დამატებითი სემესტრის განმავლობაში.

4. სწავლის საფასური განისაზღვრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად.

5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.





პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი