25 ივნისი, 2010
დადგენილება №61/2010


საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების
შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესი 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის  საფუძველზე,

დამტკიცდეს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესი:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტს ეძლევა არჩევანის საშუალება: პროგრამის შეცვლის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ მოდიფიცირებულ პროგრამაზე, ხოლო გაუქმების შემთხვევაში სწავლა განაგრძონ თავსებად, მომიჯნავე/მონათესავე საგანმანათლებლო პროგრამაზე, ან მობილობის წესით გადავიდნენ სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, მოდიფიცირებულ ან თავსებად, მომიჯნავე/მონათესავე პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტს კრედიტები უღიარდება კრედიტების აღიარების სპეციალური წესის შესაბამისად (დანართი 1).  

3. თუ უნივერსიტეტში არ ხორციელდება გაუქმებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადი, მომიჯნავე/მონათესავე საგანმანათლებლო პროგრამა, აღნიშნული პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებამდე, უნივერსიტეტი ვალდებულია სტუდენტის მიერ გავლილი პროგრამის ფარგლებში კრედიტების აღიარების თაობაზე გააფორმოს ხელშეკრულება სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელიც ახორციელებს გაუქმებულ ან მასთან თავსებად, მომიჯნავე/მონათესავე პროგრამას და სადაც შესაძლებელია გადავიდეს შეცვლილი/გაუქმებული პროგრამის სტუდენტი მობილობის წესით. მიღებული გადაწყვეტილების და ხელშეკრულების შესახებ ეცნობება  სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს.

4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).

5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.






პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი