დადგენილება №117/2018
30 აპრილი, 2018
30 აპრილი, 2018
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს ფორმირების (წევრების შერჩევისა და კრიტერიუმების დამტკიცების) წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 2018 წლის 30 აპრილის №8538/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორებისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლებისაგან, რომლებიც შეირჩევიან წინამდებარე დადგენილების, უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო საბჭოების მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.
2. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება არანაკლებ 15 წევრისგან, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის ფაკულტეტების/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლებისგან.
3. უნივერსიტეტის რექტორი წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით, აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მის მიერ შერჩეულ საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრების კანდიდატურებს. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატურებს უნივერსიტეტის რექტორი შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დირექტორებთან და ფაკულტეტების დეკანებთან კონსულტაციის საფუძველზე.
4. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში სადისერტაციო საბჭოს წევრებად ამ დადგენილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წევრების რაოდენობაზე დამატებით შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები/სპეციალობის მქონე პირები საქართველოდან და უცხოეთიდან, საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს მიერ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
5. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის ვადაა 2 წელი. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ნაცვლდება შესაბამისი ფაკულტეტის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ წარმოდგენილი წევრით, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.
6. უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო საბჭოების მიერ განისაზღვრება საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრების შერჩევის კრიტერიუმები და წესი. აღნიშნული კრიტერიუმები უნდა ითვალისწინებდეს კანდიდატის აკადემიური და სამეცნიერო ეთიკის მაღალ სტანდარტებს.
7. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
8. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
9. დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება“-ში შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის დღიდან.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე