დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №20/2018 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 19 დეკემბრის №147/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დადგენილება №20/2018
5 თებერვალი, 2018

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 19 დეკემბრის №147/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 2018 წლის პირველი თებერვლის №1801/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის №2 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 19 დეკემბრის №147/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.
2. უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული ვადით, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.
3. უვადოდ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, აკმაყოფილებს უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვ.).
4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 7 წლის ვადით.
5. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 4 წლის ვადით.
6. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
7. პირის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას უნივერსიტეტის წესდებითა და ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობებით განსაზღვრული წესით.
8. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეული პირი, რომელიც მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.“.

2.  აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.   დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

გამოქვეყნების თარიღი:2018-02-07 13:25:25