თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. 1980 წლიდან არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 1994 წლიდან იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1994 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო მუშაობის დარგში, 1996 წელს გახდა ამავე ინსტიტუტის დირექტორი. იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, 2001 წლის ივლისიდან კი აირჩიეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ. მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოსამზადებელი სარედაქციო კომისიაში. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით სამართლის მეცნიერებაში და ახალგაზრდა იურისტთა აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართული სამართლის ისტორიის, თანამედროვე სამოქალაქო სამართლისა და საკონსტიტუციო კონტროლის პრობლემებზე.