Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ევროპეიზაცია“

უსაფრთხოების თემები თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება. ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს კარგად აქვს გასააზრებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძლიერი და სუსტი მხარეები და მისი შესატყვისობა ევროპის უსაფრთხოების კონცეფციასათან მიმართებაში. ამიტომ კვლევა სახელწოდებით: „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ევროპეიზაცია“, რომელიც თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ჯანაშვილიმა განახორციელა, უდავოდ იმსახურებს საზოგადოების ინტერესს.

„პრობაციის სამართლის სახელმძღვანელო“

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა სტუდენტთა დაინტერესება პენიტენციური და პრობაციის სამსახურების მიმართ, რაც გახდა „პრობაციის სამართლის სახელმძღვანელოს“ შექმნის მიზეზი. როგორც სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი განმარტავს, წიგნის შექმნის იდეა, 2014 წელს გამოცემული „სასჯელაღსრულების სამართლის“ წიგნის პოპულარობამ გამოიწვია (ავტორები: მორის შალიკაშვილი, გივი მიქანაძე, მაია ხასია), რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მეცნიერულ წრეებში, ასევე პრაქტიკოსებსა და სტუდენტებში. საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში სასჯელაღსრულების სამართლის სწავლება სწორედ ამ წიგნით მიმდინარეობს.

„სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები საქართველოში“

2014 წლის ოქტომბერს ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველო“ დააფინანსა თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი „სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები საქართველოში“. როგორც, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ლექტორები განმარტავენ, პროექტზე მუშაობის საბაბი გახდა ის, რომ 2004 წლიდან საქართველოს კანონმდებლებს აშკარად დაეტყოთ ავტორიტარიზმის ზეგავლენა, რაც გამოიხატა ახალ ქმედებათა კრიმინალიზაციაში; გაფართოვდა უკვე მოქმედ დანაშაულთა შემადგენლობა; სასჯელები შეიცვალა იმგვარად, რომ მოსამართლეს შეეზღუდა სასჯელის ინდივიდუალიზაციის განხორციელების შესაძლებლობა; უსაზღვროდ და ზოგჯერ უსამართლოდ გაფართოვდა ჯარიმის, როგორც დამატებითი სასჯელის, გამოყენების შესაძლებლობა; ასევე, გაუქმდა დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და დაკანონდა მისი შეკრების წესი.

„შრომის სამართლის სტატიათა კრებული“ თეორიული ცოდნისა და მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისთვის

საბჭოთა კავშირი დაშლის შემდეგ, რომელსაც საკუთარი, ყველა სახელმწიფოსგან განსხვავებული, შრომის სამართალი გააჩნდა, დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარმა რესპუბლიკებმა, დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებით, ახალი სამართლებრივი სივრცის შექმნა დაიწყეს. მათ შორის იყო საქართველოც, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა საბჭოთა პრინციპებზე აგებული ძველი კოდექსი და მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, მაინც არ აკმაყოფილებდა საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე გადაწყობილი საზოგადოების მოთხოვნებს. 2006 წელს, სრულიად ახალი შრომის კოდექსი ამოქმედდა; ამ მომენტიდან საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეს სფერო კვლავაც ყოველგვარი თეორიული საფუძვლის გარეშე ვითარდებოდა; შესაბამისად, არც სწავლებასთან დაკავში-რებული რაიმე მნიშვნელოვანი მასალა მოიპოვებოდა მაშინ, როდესად შრომის სამართალი უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც სავალდებულო დისციპლინა, ისე იკითხებოდა. პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, კოდექსისა და რამდენიმე სტატიის გარდა, სახელმძღვანელო მასალა არ გააჩნდათ.

კორპორაციული მართვის ზოგადი ანალიზი

თსუ იურიდიული ფაკულტეტი ყოველდღიურად ცდილობს თანამედოვე მსოფლიოში არსებული დოგმატურ-თეორიული და პრაქტიკული საკითხების ანალიზის განხორციელებას და მის საფუძველზე არსებული სამართლებრივი და ეკონომიკური ტენდენციების საქართველოში თეორიულ დონეზე ადაპტირებას. აღნიშნული მიზნის პრაქტიკული რეალიზაციისთვის იურიდიულ ფაკულტეტთან არსებობს სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, რომელთა ფარგლებშიც მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულების დამუშავება. ამ მხრივ გამოსარჩევია საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი.  ამ ინსტიტუტის ეგიდით შესრულდა კვლევა, რომელშიც საკორპორაციული სამართლის ფუნდამენტის – კორპორაციული მართვის საკითხებია გაანალიზებული. ნაშრომის სათაურია: „კორპორაციული მართვის ზოგადი ანალიზი“.

მნიშვნელოვანი კვლევა ტრანსნაციონალურ სისხლის სამართალში

„კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ თანამედროვე ეპოქაში სისხლის სამართალი უკვე აღარ წარმოადგენს წმინდა ნაციონალურ სამართლის დარგს. საერთაშორისო და ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში იგი გახდა დამნაშავეობის აღკვეთისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სუპრანაციონალური სამართლებრივი მექანიზმი“. – ასეთი დასკვნაა გაკეთებული იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის მერაბ ტურავას კვლევაში, რომელიც მან ალექსანდრე ჰუმბოლდტის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა. საერთაშორისო და ევროპულ სისხლის სამართალში კვლევის განხორციელების მიზნით იგი სამეცნიერო მივლინებებით იმყოფებოდა ბერლინის ჰუმბოლდტის, კიოლნის ალბერტუს მაგნუსისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში.

სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნებისთვის

საქართველოში საკმაოდ იშვიათია ნაშრომი, რომელიც სამართლის ფილოსოფიური ასპექტების კვლევას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ბესარიონ ზოიძის ნაშრომის გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ საქართველოს სამართალმცოდნეობის განვითარებაში. ნაშრომის მთავარი თემაა - ადამიანი სამართალში.
თითქმის 250 გვერდიან წიგნში სახელწოდებით „სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნების ცდა, უპირატესად ადამიანის უფლებათა ჭრილში“, 93 ესეა გაერთიანებული და იგი 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდა.

"სააქციო სამართლის საფუძვლების" II ტომი

საბჭოთა ეკონომიკიდან კაპიტალისტურ სისტემაზე გადასვლის პარალელურად, საქართველოში გაჩნდა ახალი სამართლებრივი მოთხოვნები, რომელიც ქვეყანაში მანამდე ან არ არსებობდა, ან მწირი სახით, გაფანტულად მოიძიებოდა. არადა, სამართლებრივი ბაზა ფუნდამენტია სახელმწიფოს ეკონომიკის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს თსუ-ის პროფესორს, სამართლის დოქტორს, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს ირაკლი ბურდულს მუშაობა დაეწყო მონოგრაფიაზე „სააქციო სამართლის საფუძვლები“, რომლის I ტომი 2010 წელს გამოიცა. 2013 წლის 29 ნოემბერს თსუ-ში წიგნის II ტომის პრეზენტაცია გაიმართა (წიგნის გამოცემა უზრუნველყო გამომცემლობა „მერიდიანმა“), 2015 წლისთვის კი III ტომის გამოცემა იგეგმება.

ჩანასახის სიცოცხლის უფლება მსოფლიო ქვეყნებსა და საქართველოში

სიცოცხლის უფლების აღიარების და მისი შეზღუდვის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პრობლემატურია თანამედროვე მსოფლიოში. ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო აქტები აღიარებენ სიცოცხლის უფლებას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გაურკვეველია, თუ რა პერიოდიდან არის დაცული სიცოცხლის უფლება – ბავშვის ჩასახვის მომენტიდან თუ დაბადების მომენტიდან. ადამიანის უფლებათა ევროპის კომისიამ თავი შეიკავა აბორტის კონტექსტში სიცოცხლესთან დაკავშირებით რაიმე დეფინიციის გაკეთებისგან. მხოლოდ რამდენიმე აქტი არსებობს, სადაც სიცოცხლის უფლების დასაწყისად პირდაპირ არის აღიარებული ბავშვის ჩასახვის მომენტი. დაბადებამდე ბავშვის უფლების თემას ეხება ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელსაც საქართველო 1994 წლიდან მიუერთდა. იგი პირდაპირ და ცალსახად აღიარებს ბავშვის სამართლებრივი დაცვის უფლებას მის დაბადებამდე. ამ ნორმის საფუძველზე და კონვენციაში აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, მსოფლიო ქვეყნებმა შექმნეს კანონმდებლობა, სადაც გარკვეული პირობების დაცვით, უზრუნველყოფილია ბავშვის სიცოცხლის უფლება მის დაბადებამდე.

სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ, 2012 წლის დეკემბერში, დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი (The Prison Study Centre), რომელიც აერთიანებს მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს, რომლებიც მუშაობენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში.