Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

იურიდიული ფაკულტეტი

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ევროპეიზაცია“

უსაფრთხოების თემები თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება. ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს კარგად აქვს გასააზრებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძლიერი და სუსტი მხარეები და მისი შესატყვისობა ევროპის უსაფრთხოების კონცეფციასათან მიმართებაში. ამიტომ კვლევა სახელწოდებით: „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ევროპეიზაცია“, რომელიც თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ჯანაშვილიმა განახორციელა, უდავოდ იმსახურებს საზოგადოების ინტერესს.

კვლევა განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოების“ გლობალური საფაკულტეტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში 2013-2014 წლებში, ესპანეთში, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში. თსუ მეცნიერის ხელმძღვანელი ამ კვლევაში კონსტიტუციური სამართლის კათედრისა და კვლევითი ჯგუფის „თავისუფლება, დემოკრატია და სახელმწიფოთა ტრანსფორმაცია“ ხელმძღვანელის პროფესორი ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი გახლდათ.

„უსაფრთხო ევროპა უკეთეს მსოფლიოში“ ეს არის ევროპის უსაფრთხოების პირველი სტრატეგიის მთავარი დევიზი, რომელიც 2003 წლის 12 დეკემბერს არის მიღებული. 

ლელა ჯანაშვილის განმარტებით, ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის მეშვეობით, ევროპის გაერთიანებას აქვს პრეტენზია, მოახდინოს საკუთარი უსაფრთხოების სტრატეგიის ადაპტირება არსებულ რეალობასთან, რომ პასუხი გაეცეს მსოფლიო გამოწვევებს, როგორიც არის: ტერორიზმი; მასიური განადგურების იარაღის გავრცელება; სუსტი სახელმწიფოები; ორგანიზებული დანაშაული; რეგიონული კონფლიქტები. სწორედ ეს საფრთხეები მიიჩნევა ევროპის უსაფრთხოების კონცეფციის ძირითად ელემენტებად. პარალელულად, კონცეფცია ავალდებულებს ყველა ეროვნულ სახელმწიფოს, შექმნან საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციები, რაც თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

„ეს ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. ეროვნული უსაფრთხოება ძალზედ კომპლექსური ცნებაა და იგი უნდა გაანალიზდეს მრავალი მიმართულებით. ეროვნული უსაფრთხოება ასევე მრავალ პრობლემას მოიცავს, რომლებიც, პირველ რიგში, საჭიროებენ ზუსტ დიაგნოსტიკას. დღეს ევროპა აშკარად დგას ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე, რომელიც XX საუკუნეში არც არსებობდა – გლობალური ტერორიზმი, ტრანსნაციონალური დანაშაულები, რეგიონული და შეიარაღებული კონფლიქტები, სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერება და ა.შ.“ – აღნიშნავს კვლევის ავტორი. მისი აზრით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხების კონცეფცია ეფუძნება ინტერესებისა და ღირებულებების, ასევე საშინაო და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების ანალიზს.

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ევროპეიზაციიასთან“ დაკავშირებული კვლევა განხორციელდა შედარებითსამართლებრივი მეთოდის გამოყენებით, ევროპისა და ესპანეთის უსაფრთხოების კონცეფციათა ანალიზის მეშვეობით. კვლევის განხორციელებისას მოეწყო რამდენიმე მრგვალი მაგიდა, სადაც ესპანელი ექსპერტები მსჯელობდნენ გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე და ეროვნულ სახელმწიფოთა როლზე აღნიშნულ კონტექსტში.

კვლევაში მოყვანილია ესპანელ ექსპერტთა (პროფესორები: ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი, ტომას ხილ მარკესი, მანუელ ბალბე მალოლი, როსერ მარტინესი, მონსერატ ეგლესიასი) შეფასებები, რომელთა განმარტებით, საქართველს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია წარმოადგენს გარკვეულ „ფანჯარას“ პატარა, გარდამავალი ქვეყნების უსაფრთხების პრობლემის ანალიზისთვის მკაცრ სამეზობლო გარემოში, როდესაც პატარა სახელმწიფოებს უწევთ გაუმკლავდნენ დიდ, ზოგჯერ მტრულად განწყობილ მეზობლებს. განსაკუთრებით, უნდა აღინიშნოს რეგიონალური კონფლიქტების საფრთხის არსებობა სამეზობლო გარემოში, რომელიც განიხილება როგორც დიდი საშიშროების შემცველი ევროპისათვის, იმის მიუხედავად, ეს კონფლიქტი მდებარებოს თუ არა მის ტერიტორიაზე, ან მის საზღვრებთან.

                                       


სურ.: „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა ღია, ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ნათელი გახადა, რომ თანამედროვე მსოფლიოშიც კი ამგვარი აგრესია ზოგიერთი ქვეყნისათვის პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად რჩება“.

„რეგიონში არსებული რთული ვითარება, რეგიონიდან ტერორიზმის პროექციის არაერთი მაგალითი, ასევე გადაუჭრელი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალთა ბალანსის არასტაბილურობა და მუდმივად ომის განახლების პერსპექტივა, საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხეები (ინგუშეთი, დაღესტანი), სხვა ხილული თუ უხილავი საფრთხეები, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის გონივრულად წარმართვის წინაპირობა უნდა იყოს, რაც საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ ზუსტი აქცენტები საქართველოს ეროვნული უსაფრთოხების პოლიტიკის ევროპასთან ასოცირებისას“, – განმარტავს ავტორი.

კვლევაში განხილულია ასევე საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის ის ნაწილიც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება: „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა ღია, ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ნათელი გახადა, რომ თანამედროვე მსოფლიოშიც კი ამგვარი აგრესია ზოგიერთი ქვეყნისათვის პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად რჩება. 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიამ, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციამ და იქ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებამ მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. ამ ომმა ცხადჰყო, რომ რუსეთის ფედრაციის ხელისუფლება არ ეგუება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს...“

ესპანელ ექსპერტთა შეფასებით, კონცეფციის მთავარი ძლიერი მხარეა იმის აღიარება, რომ უსაფრთხება არ არის მხოლდ სამხედრო და დიპლომატიური საქმე. არამედ მოიცავს ეკონომიკურ განვითარებასა და ურთიერთდამოკიდებულებას, ენერგოდამკიდებულებას და საშინაო მმართველობის ფორმებს.

ლელა ჯანაშვილის აზრით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარი სისუსტე არის ის, რომ მასში სტრატეგიულ ანალიზზე მეტად ხაზგასმულია პოლიტიკური გზავნილები. მიუხედავად კონცეფციის ძლიერი მხარეებისა, მის სუსტ მხარედ შეიძლება განხილულ იყოს არარეალური მოლოდინების შექმნა.

პროფესორების ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩის, ტომას ხილ მარკესის, მანუელ ბალბე მალოლის, როსერ მარტინესის, მონსერატ ეგლესიასის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სუსტი მხარეები დაყოფილია საშინაო და საგარეო ხასიათის საფრთხეებად.

საშინაო ხასიათის საფრთხეებში მოიაზრება ეკონომიკური პრობლემებისა და პოლიტიკური საკითხების არა-სათანადოდ განხილვა, ეკონომიკური ზრდის გეგმის მდგრადობა, სიღარიბე, უმუშევრობა და ა.შ. რაც შეეხება საგარეო ხასიათის სუსტ მხარეებს, კვლევის ავტორის აზრით, ეს არის კავკასიის მერყევი მდგომარეობის არასათანადო განხილვა. ასევე, უარყოფითად არის შეფასებული ის, რომ კონცეფცია გაკვრით ახსენებს მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გამოსწორების შესაძლებლობებს. კონცეფციაში საქართველოს სტრატეგიული გარემოს მთავარი მახასიათებლები დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა ქვეყნის სისუსტე და სიმცირე, პოლიტიკური არასტაბილურობა, არამდგრადი რეგიონი, მისი დამოკიდებულება გლობალურ ეკონომიკაზე.

როგორც ლელა ჯანაშვილი ამბობს, ახალი რეალობა, რომელიც საქართველოში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ წარმოიშვა, მეტნაკლებად განსაზღვრავს ძირითად გზავნილებს კონცეფციის სრულყოფისაკენ, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას, საგარეო პოლიტიკაზე კონცენტრირებას, უშუალო მეზობლებთან უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად, სახელმწიფოს ბრძოლას სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების გაზრდისაკენ და ა.შ.

ეს არის ის გზავნილები, რომელთა განხრციელება უფრო სიცოცხლისუნარიანს გახდის საქართველს უსაფრთხოების კონცეფციას და ხელს შეუწობს ერთიანი სტაბილური ქვეყნის ჩამოყალიბებას.

„სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუციური სტრუქტურა მნიშვნელოვანი ღირებულებაა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყანაში დემოკრატიული სამართლებრივი რეჟიმის შენარჩუნება და კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული ძირითადი უფლებების დაცვა. დღეს, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით საქართველომ ევროპული არჩევანი გააკეთა, იმ ევროპულ ცივილიზაციაზე, რომელთანაც უძველესი დროიდან ვართ დაკავშირებულნი“, – აღნიშნავს „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ევროპეიზაციის“ ავტორი.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია 2013 წლის 17 დეკემბერს გაიმართა კატალონიის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (http://www.icps.cat). ასევე გამოქვეყნდა ინსტიტუტის პერიოდულ ინტერნეტ გამოცემაში 2014 წელს ესპანურ ენაზე (http://www.icps.cat/archivos/Workingpapers/wp325.pdf).