Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

იურიდიული ფაკულტეტი

სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ, 2012 წლის დეკემბერში, დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი (The Prison Study Centre), რომელიც აერთიანებს მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს, რომლებიც მუშაობენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში.

“ციხე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის ჩაკეტილი სისტემა, რომლის შესახებაც საზოგადოების დიდ ნაწილს ინფორმაცია არ გააჩნია. საზოგადოება ფიქრობს, რომ მსჯავრდებული მკაცრად უნდა დაისაჯოს. საზოგადოების დიდ ნაწილს სურვილი არ აქვს, საკუთარი წვლილი შეიტანოს მსჯავრდებულის რესოციალიზაციაში. სამეცნიერო კვლევების მეშვეობით მოხდება ციხეში არსებული პრობლემების შესწავლა, სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის რეკომენდაციების მომზადება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მსჯავრდებულების მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი უფლებების დაცვას,” - აცხადებს სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გორაძე.

როგორც ცენტრის დირექტორი აცხადებს, სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრის მიზნებია: პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა; არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის კვლევა; დამნაშავის პიროვნების შესწავლა; სამეცნიერო კვლევის და სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე სასჯელაღსრულების სისტემის სამართლიანად, ჰუმანურად, ეკონომიკურად და საერთაშორისო სტანდარტებით მართვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა სამინისტროსათვის; ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა.

იმისათვის, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემიდან გათავისუფლებული პატიმარი საზოგადოებაში სრულფასოვან მოქალაქედ გრძნობდეს თავს, სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები თვლიან, რომ საჭიროა სამეცნიერო კვლევების ჩატარება; მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების მიცემა სასჯელთა აღსრულების პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობის მიზნით; სასჯელთა აღსრულების საერთაშორისო სტანდარტებისა და უცხოური გამოცდილების შესწავლა და საქართველოში იმპლემენტირების ხელშეწყობა; პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში პრაქტიკული ხასიათის ლექცია-სემინარების და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელება; პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა; სამეცნიერო კონფერენციებისა და ლექცია-სემინარების ჩატარება; სტუდენტების ჩართვა ცენტრის საქმიანობაში; უცხო სახელმწიფოების შესაბამის ორგანიზაციებთან ერთობლივი კვლევის განხორციელება.

ამაჟამად ცენტრს აქვს ორი პროექტი, რომელზეც იგი მუშაობს: არასამთავრობო ორგანიზაციის "ციხის საერთაშორისო რეფორმის” დაკვეთით კეთდება პირობით ვადამდე გათავისუფლების კრიტერიუმების კრიმინოლოგიური ანალიზი, რომელიც გამოიცემა და გადაეცემათ იმ ორგანოებს, რომლებიც უშუალოდ იხილავენ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს.

მეორე პროექტი კი ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაკვეთით ხორციელდება. ესაა "პატიმართა სუიციდის კვლევა." კვლევის მიზანია იმ რისკ-ფაქტორების დადგენა, რომელიც ზეგავლენას ახდენს პატიმრის მიერ სუიციდის ან სუიციდის მცდელობის დროს.

"კრიმინოლოგიაში ცნობილია, რომ სუიციდის რისკ–ჯგუფთა შორის მსჯავრდებულები ერთ–ერთ პირველ ადგილზე დგანან. ეს გამოწვეულია მათთვის თავისუფლების აღკვეთიდან გამომდინარე ფსიქოლოგიური პრობლემებით. ბევრი მათგანი ძალიან მწვავედ აღიქვამს თავისუფლების დაკარგვას, რაც ხშირად იწვევს სუიციდს. ციხეში სუიციდის მიზეზი შეიძლება ასევე იყოს სხვა მსჯავრდებულების მხრიდან პატიმარზე განხორციელებული სისტემატური ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა. მსხვერპლი პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად მიიჩნევს სწორედ სუიციდის განხორციელებას,” –  აღნიშნავს თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი.

ადგილობრივი პროექტების პარალელულად, სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი თანამშრომლობს მაასტრიხტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის დეპარტამენტთან (ჰოლანდია) გლობალურ პროექტზე, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო კვლევითი ქსელის დაფუძნებასა და საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელებას.

ასევე, ახლო მომავალში დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრის კლინიკის ჩამოყალიბება, რომელიც იფუნქციონირებს როგორც სამაგისტრო სწავლების ერთ-ერთი პრაქტიკული კომპონენტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული კლინიკის ფარგლებში ყოველ სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტები გაივლიან სასწავლო პრაქტიკას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (სამინისტროში, სასჯელაღსრულების, პრობაციის დეპარტამენტში და სხვ.).

კლინიკის მეშვეობით მოხდება მაგისტრანტების დაინტერესება პენიტენციური სფეროთი, რაც ხელს შეუწყობს თსუ კურსდამთავრებულების დასაქმებას და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს კარგი, მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას.

როგორც თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი აღნიშნავს, შესაძლებელია სასჯელის აღსრულების ცენტრმა პირდაპირი შედეგი არ მოიტანოს პენიტენციურ სისტემის სრულ გარდაქმნასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი ფუნქციონირება (კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების გაცემა) ხელს შეუწყობს ევროპული სახის სასჯელაღსრულების სისტემის შექმნას, რაც აისახება როგორც მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში, ასევე ციხის პერსონალის მხრიდან ძალადობის რედუცირებაში.