Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

იურიდიული ფაკულტეტი

"სააქციო სამართლის საფუძვლების" II ტომი

საბჭოთა ეკონომიკიდან კაპიტალისტურ სისტემაზე გადასვლის პარალელურად, საქართველოში გაჩნდა ახალი სამართლებრივი მოთხოვნები, რომელიც ქვეყანაში მანამდე ან არ არსებობდა, ან მწირი სახით, გაფანტულად მოიძიებოდა. არადა, სამართლებრივი ბაზა ფუნდამენტია სახელმწიფოს ეკონომიკის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის.

სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს თსუ-ის პროფესორს, სამართლის დოქტორს, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს ირაკლი ბურდულს მუშაობა დაეწყო მონოგრაფიაზე „სააქციო სამართლის საფუძვლები“, რომლის I ტომი 2010 წელს გამოიცა. 2013 წლის 29 ნოემბერს თსუ-ში წიგნის II ტომის პრეზენტაცია გაიმართა (წიგნის გამოცემა უზრუნველყო გამომცემლობა „მერიდიანმა“), 2015 წლისთვის კი III ტომის გამოცემა იგეგმება. მართალია, სააქციო სამართლის და ზოგადად, კაპიტალური საზოგადოებების სამართლის შესახებ ქართულენოვანი ლიტერატურა დღემდეც არსებობდა, მაგრამ საკითხის კვლევის მასშტაბურობის თვალსაზრისით, ეს ნაშრომი საქართველოში უპრეცედენტოა.

ირაკლი ბურდულის განმატრებით, წიგნი ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც საკორპორაციო სამართალში ქართული სამეცნიერო ლიტერატურის თვალსაზრისით არსებობდა. მასში სააქციო საზოგადოების ორგანიზაციული მოწყობის საკითხებთან ერთად, განხილულია თანამედროვე პოპულარული დისციპლინის _ კორპორაციული მართვის ელემენტებიც. ამასთან, ნაშრომი გერმანული სამართლის კვლევისა და მისი ქართულთან შედარების გზით ქართველ მკითხველს აწვდის ინფორმაციას სააქციო საზოგადოების თანამედროვე მოწყობის, მისი ძირითადი სტრუქტურული ელემენტების თაობაზე.

მონოგრაფია განკუთვნილია იურიდიული პროფესიის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სამართლის ამ სფეროს პრაქტიკოსები ან ჯერ კიდევ სტუდენტები არიან. იგი შეიცავს იმ ძირითადი სამართლებრივი მოდელების დახასიათებას, რომელსაც არსებითი გავლენა აქვს ქართული სამართლებრივი სისტემის განვითარებაზე. მონოგრაფია ქართველ მკითხველს არაერთი საკორპორაციო სამართლებრივი ინსტიტუტის სიღრმისეულ შესწავლაში დაეხმარება.

„სააქციო სამართლის საფუძვლების“ I ტომში, ძირითადად, განხილულია სააქციო სამართლის ისტორია და სააქციო საზოგადოების სტატუსი, მისი კაპიტალი და ქონება, აქციის ცნება და სააქციო საზოგადოების დაფუძნების საკითხები. ასევე საუბარია კაპიტალიზაციაზე, სააქციო საზოგადოებაში ქონებრივ ურთიერთობებზე და ა.შ., ხოლო ის რეალური სტრუქტურული ელემენტები, რომელიც სააქციო საზოგადოებას აქვს, (სააქციო სამართალი და მთლიანად საკორპორაციო სამართალი სხვა არაფერია, თუ არა გარკვევა იმისა, თუ რა უფლება-მოვალეობა აქვს სააქციო საზოგადოებაში აქციონერს, დირექტორატს და ა.შ.) განხილულია წიგნის II ტომში.

ნაშრომში, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგება, საუბარია სააქციო საზოგადოების სამართალზე, რომელიც თავის თავში ძალზე ბევრ ინსტიტუტს მოიცავს. ამასთან ყურადღება გამახვილებულია ამ ინსტიტუტთა ძირითად სტრუქტურულ-ორგანიზაციულ მოცემულობებზე და გამოკვლეულია აქციონერთა უფლება-მოვალეობის თავისებურებანი; დახასიათებულია სააქციო საზოგადოების სტრუქტურული ორგანოების _ აქციონერთა საერთო კრება, გამგეობა (დირექტორატი), სამეთვალყურეო საბჭო (საწარმოს მუშა-მოსამსახურეთა თანამონაწილეობის ინსტიტუტის ჩათვლით) შექმნისა და ფუნქციონირების, მათი ამოცანების, დავალებებისა და უფლებამოსილების დოგმატურ-სამართლებრივი საკითხები და ისინი შედარებით სამართლებრივ კონტექსტშია გადმოცემული.

„სააქციო სამართლის საფუძვლების“ II ტომის პირველ ნაწილში განხილულია აქციონერების უფლება-მოვალეობები.

ირაკლი ბურდულის განმარტებით, სააქციო სამართალი (ვიწრო გაგებით) წარმოუდგენელია აქციონერთა უფლება-მოვალეობის გარეშე, რადგან კორპორაციის მთელი სტრუქტურა აქციონერის ირგვლივ ტრიალებს და, როგორც წესი, მისი რაციონალური ინტერესის გამტარებელია. როგორც ლიტერატურაშია აღნიშნული, სააქციო საზოგადოების სამართალი სხვა არაფერია, თუ არა კორპორაციაში მონაწილე სუბიექტების ინტერესების თანაბარი დაცვის მომწესრიგებელი ნორმების ერთობლიობა. ამიტომ, წიგნის ამ ნაწილში გამოკვლეულია პარტნიორის სააქციო სამართლებრივი უფლებები და კორპორაციულ სამართლებრივი მოვალეობები, რაც, საბოლოო ჯამში, მკითხველს მათი კორპორაციულ ცხოვრებაში განხორციელებისა და მოქმედების დიაგრამას დაანახვებს.

წიგნის შემდეგი (II) ნაწილი სს-ის „ზემდგომ“ ორგანოს _ აქციონერთა საერთო კრებას შეეხება, სადაც აქციონერი მის უფლებებს ანხორციელებს. წიგნში გადმოცემულია საერთო კრების კანონისმიერი, დაწერილი და დაუწერელი კომპეტენციის პრობლემები, რომელსაც თანამედროვე საკორპორაციო სამართალში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც მონოგრაფიის ავტორი აღნიშნავს, სამეწარმეო კანონმდებლობის 2008 წლის 14 მარტის რეფორმით ქართულმა საკორპორაციო სამართალმა დათმო კორპორაციული მართვის გერმანულენოვანი ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ორსაფეხურიანი, ე.წ. დუალისტური სისტემა და აქცენტი, გარკვეული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა, შერეულ სისტემაზე, ანუ არჩევანის თავისუფლების პრინციპზე გააკეთა. წიგნის III ნაწილი სწორედ კორპორაციის მართვის „გრავიტაციულ ეპიცენტრს“, მის ძირითად ბირთვს, ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით ორგანოს _ გამგეობას ეთმობა.

„თანამედროვე საკორპორაციო სამართალი აღიარებს, რომ პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური, სათანადო მენეჯერული უნარ-ჩვევებით, თვისებებითა და ცოდნით აღჭურვილი ხელმძღვანელობითი სტრუქტურული წარმონაქმნის - დირექტორატის გარეშე, კორპორაციის წარმატებული მართვა წარმოუდგენელია. შესაბამისად, ნაშრომის ამ მონაკვეთში გაშუქებულია თანამედროვე გამგეობა, როგორც სს-ის სავალდებულო, ტრადიციული ორგანო, რომლის არსებობის გარეშეც დარღვეული იქნება სს-ის ეგზისტენციური ხასიათი. ეს კი წარმოუდგენელია მისი ამოცანის, მიზნის, ფუნქციის, უფლებამოსილების, მოვალეობის კორპორაციულ-სამართლებრივი საკითხების გადმოცემის და გათვითცნობიერების გარეშე“ - აცხადებს ირაკლი ბურდული.

წიგნის ამ ნაწილში აღწერილია სააქციო საზოგადოების დირექტორის საზოგადოებასთან კორპორაციულ-სამართლებრივი და სახელშეკრულებო სამართლებრივი დამოკიდებულების საკითხები, რაც უახლოეს წარსულში ქართული სასამართლოს განხილვის ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენდა. ეკონომიკურ-სამართლებრივ პრიზმაშია წარმოჩენილი გამგეობა და კორპორაციის სხვა ორგანოთა ლოგიკური კავშირ-ურთიერთობები.

ირაკლი ბურდულის თქმით, არც ერთი მაღალპროფესიონალი მენეჯერი წარუმატებლობისაგან დაზღვეული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ საწარმოს საქმიანობის არარენტაბელობის აბსოლუტური განეიტრალება შეუძლებელია. თუმცა, თანამედროვე საკორპორაციო სამართალი, კორპორაციული მართვის თანამედროვე პრინციპები მრავალ რეკომენდაციას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მართვის სისტემა უფრო მოქნილი, რაციონალურ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული, კორპორაციის საუკეთესო ინტერესის გამტარებელი გახდეს. ეს მისია კი მიუღწეველი იქნება, თუკი კორპორაციაში სათანადო კონტროლის სისტემა არ ჩამოყალიბდება.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ნაშრომში გერმანული სამართლის კვლევას (ქართულთან შეპირისპირების საფუძველზე) გადამწყვეტი ადგილი უჭირავს, წიგნის ბოლო IV ნაწილი მაკონტროლებელ, ზედამხედველ დამოუკიდებელ რგოლს _ სამეთვალყურეო საბჭოს ეთმობა.

როგორც წიგნშია აღნიშნული, გერმანულ მკვეთრად სტრუქტურირებულ კორპორაციულ მოწყობაში სამეთვალყურეო საბჭოს, როგორც სააქციო საზოგადოების სავალდებულო, გამგეობაზე კონტროლის ფუნქციით აღჭურვილ ორგანოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ორგანო, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე გერმანიაში მუდმივი განხილვის საგანია და მისი მოდერნიზაციისკენ, უფრო სწორად, საზედამხედველო ფუნქციის მოდიფიცირების მიმართულებით, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. შესაბამისად, ავტორი მონოგრაფიაში აჩვენებს დუალისტური მოდელის დოგმატურ საფუძვლებს, რაც სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანის, ფუნქციის, მისი შემადგენლობის, მასში საწარმოს მუშა-მოსამსახურეთა თანამონაწილეობის, კომპეტენციისა და დავალების საკითხების კვლევას განაპირობებს. აქვე სამეთვალყურეო საბჭო ნაჩვენებია სააქციო საზოგადოების სხვა ორგანოებთან თანამშრომლობის კონტექსტშიც.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი „სააქციო სამართლის საფუძვლების“ II ტომში, რომელზე მუშაობაც ირაკლი ბურდულმა ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტში (გერმანია) მიმდინარე წლის ზაფხულში დაასრულა.

აკადემიური საზოგადოების შეფასებით, ნაშრომი დიდი შენაძენია როგორც თეორეტიკოსი, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისთვის, სტუდენტებისთვის და ზოგადად საკორპორაციო სამართლით დაინტერესებული მკითხველისთვის.