Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

იურიდიული ფაკულტეტი

„სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები საქართველოში“

2014 წლის ოქტომბერს ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველო“ დააფინანსა თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი „სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები საქართველოში“.

როგორც, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ლექტორები განმარტავენ, პროექტზე მუშაობის საბაბი გახდა ის, რომ 2004 წლიდან საქართველოს კანონმდებლებს აშკარად დაეტყოთ ავტორიტარიზმის ზეგავლენა, რაც გამოიხატა ახალ ქმედებათა კრიმინალიზაციაში; გაფართოვდა უკვე მოქმედ დანაშაულთა შემადგენლობა; სასჯელები შეიცვალა იმგვარად, რომ მოსამართლეს შეეზღუდა სასჯელის ინდივიდუალიზაციის განხორციელების შესაძლებლობა; უსაზღვროდ და ზოგჯერ უსამართლოდ გაფართოვდა ჯარიმის, როგორც დამატებითი სასჯელის, გამოყენების შესაძლებლობა; ასევე, გაუქმდა დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და დაკანონდა მისი შეკრების წესი.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, სამართლის დოქტორის ნონა თოდუას თქმით, პროექტის მიზანი იყო, საინიციატივო ჯგუფის წევრებს კანონმდებლისთვის მიეწოდებათ რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის პროცესის სრულყოფას: „მართალია, 2013 წლიდან, საქართველოში დაიწყო სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის პროცესი, მაგრამ მისი სრულყოფისათვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი. კანონმდებლობის ლიბერალიზაცია რამდენიმე კუთხით უნდა წარიმართოს: 1) ცალკეულ ქმედებათა დეკრიმინალიზაცია, როგორც საკანონმდებლო კუთხით, ისე მართლმსაჯულების აღსრულებისას; 2) სასჯელთა ლიბერალიზაცია, ალტერნატიული სასჯელების გაფართოებისა და დახვეწის თვალსაზრისით; 3) სასჯელთა ლიბერალიზაცია იმ თვალსაზრისით, რომ ის იყოს პროპორციული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან; 4) სასჯელთა ლიბერალიზაცია იმ კუთხით, რომ სასამართლოს მიეცეს ინდივიდუალიზაციის პრინციპის გატარების მეტი შესაძლებლობა. ასევე გაფართოვდეს პირობითი მსჯავრის გამოყენების შეაძლებლობა, რაც ეგზომ შეიზღუდა 2004 წლიდან გატარებული საკანონმდებლო ცვლილებებით“.

ამ საკითხების შესწავლის მიზნით, თსუ მეცნიერები პროექტზე „სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები საქართველოში“, რომლის კოორდინატორიც იყო თსუ იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი გიორგი ამირანაშვილი, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე ნაშრომი შექმნეს:„ცალკეულ ქმედებათა დეკრიმინალიზაციის საკითხი“, „სისხლის სამართლის კანონმდებლობის შემდგომი ლიბერალიზაციის კონკრეტული საკითხი“ და “ პირობითი მსჯავრის ინსტიტუტი“ – ავტორი ნონა თოდუა. 

პროფესორ ნონა თოდუას დასკვნით, 2007 წელს, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, სასამართლო ინსტიტუტი მიება საპროცესო შეთანხმებას, პირობითმა მსჯავრმა კი შეიძინა არასწორი ფისკალური დატვირთვა, რაც, თავის მხრივ, გახდა პირობითი მსჯავრის უსამართლოდ გამოყენების საფუძველი. ამავე დროს, პირობითი მსჯავრი გახდა არასაკმარისი მტკიცებულებებისა და ქმედების არასწორი კვალიფიკაციის დამალვის კარგი საშუალება.

ნაშრომში ნაჩვენებია ისიც, რომ პირობითი მსჯავრის მიბმამ საპროცესო შეთანხმებაზე შექმნა ვითარება, რითაც სასამართლოებს პრაქტიკულად შეეზღუდათ ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა.

როგორც პროექტის ექსპერტი, სამართლის დოქტორი, თსუ ემერიტუსი მზია ლეკვეიშვილი ნაშრომში „ინდივიდუალიზაციის პრინციპის მნიშვნელობა სასჯელის შეფარდების დროს“ აღნიშნავს, სასჯელის შეფარდებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნაკლებად მკაცრ სასჯელს. ამიტომ, მკაცრი სასჯელი, შესაძლებლობის ფარგლებში, უფრო იშვიათად უნდა იყოს შეფარდებული. სასჯელმა უნდა შეაკავოს ზიანის მომტანი პირის ქმედება იმაზე მეტი ზიანის გამოწვევის გარეშე, რის პრევენციასაც ის თავად ახდენს.

ექსპერტს ნაშრომში გაკრიტიკებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წელს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა სრული შეკრების შესახებ.

„ამ ნოვაციამ გამოიწვია სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად დარღვევა, ვინაიდან, რამდენიმე, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისას, სასჯელის ზომა შესაძლოა გათანაბრებოდა ან მეტი ყოფილიყო, ვიდრე ერთ, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დადგენილ სასჯელზე“, – აღნიშნავს მზია ლეკვეიშვილი.

ნაშრომში – „ლიბერალიზმისა და სასჯელზე სახელმწიფოს უფლების პრობლემა სისხლის სამართლის ფილოსოფიაში“ – პროექტის ექსპერტს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, თსუ ემერიტუსს გურამ ნაჭყებიას, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული აქვს ტერმინი „ლიბერალიზმის“ სამი ძირითადი მნიშვნელობა: 1) ფილოსოფიური; 2)ეკონომიკური; 3) პოლიტიკური.

როგორც გურამ ნაჭყებია განმარტავს, ლიბერალიზმის პოლიტიკური ასპექტი იმაში მდგომარეობდა, რომ ინდივიდი, ე.ი ადამიანის პიროვნება, ცხადდებოდა თავისუფალ არსებად, ხოლო მისი თავისუფლების შეზღუდვა სახელმწიფოს მხრივ დაუშვებლად იყო მიჩნეული. ამავე დროს, ლიბერალიზმი იყო პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც სისხლის სამართლის პოლიტიკის სფეროში მნიშვნელოვან გარდატეხას გულისხმობდა.

იმის მიუხედავად, რომ ლიბერალიზმის სხვადასხვა სახე არსებობდა, ის მაინც ერთიანი იყო იმაში, რომ პიროვნების თავისუფლება იყო აბსოლუტური, ხოლო სახელმწიფოს მისი შეზღუდვა ეკრძალებოდა. აქედან გამომდინარე, ავტორი ფიქრობს, რომ ლიბერალიზმი თანამედროვე პირობებში გარკვეულ შესწორებას მოითხოვს, რადგან თავისუფლება, რომელიც არ არის ნაზიარები პიროვნების პოზიტიურ პასუხისმგებლობასთან, სხვა არაფერია, თუ არა თვითნებობა და არა ნამდვილი თავისუფლება. აქედან გამომდინარე, „ლიბერალიზმის“ თანამედროვე ინტერპრეტაცია თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ერთიანობის იდეას უნდა ემყარებოდეს.

ნაშრომში „სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში ალტერნატიული სასჯელების როლი და მნიშვნელობა“ – პროექტის ექსპერტი, სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი მაია ივანიძე ყურადღებას ამახვილებს ყველა იმ სასჯელის სახეზე (ჯარიმა, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, თავისუფლების შეზღუდვა) რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში არსებობდა, მაგრამ არ გამოიყენებოდა. მეცნიერი თვლის, რომ სასჯელის ეს სახეები, მომავალში აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.
ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი, პროექტის ექსპერტი, სამართლის დოქტორი, ბერლინ-ბრანდენბურგის სოციალურ მეცნიერებათა კვლევის ცენტრის მეცნიერ-მუშაკი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პროექტის ფარგლებში მუშაობდა თემაზე – „უცხო ქვეყნების კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა ალტერნატიულ სასჯელებთან მიმართებით და შედარებითი სამართლებრივი ანალიზი ქართულ კანონმდებლობასთან“.

როგორც ავტორი აღნიშნავს, გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა, არასრულწლოვანთა სისხლის სამართალი აღმზრდელობითი და დისციპლინური ხასიათის სანქციებითაა აღჭურვილი, რათა არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, საპატიმრო სასჯელს ასცდეს, რაც გასათვალისწინებელია ქართულ კანონმდებლობაში.

ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი მიიჩნევს, რომ შინაპატიმრობა, როგორც თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივა, სრულწლოვანთა სისხლის სამართალში შესაძლებელია ეფექტიანი იყოს „თეთრსაყელოიანთა“ დანაშაულისას, ასევე სატრანსპორტო და სხვა გაუფრთხილებელ დანაშაულის ჩამდენთათვის. თუმცა, იგი არაეფექტიანია ძალადობრივ დანაშაულების (განსაკუთრებით ოჯახური ძალადობა) და სქესობრივი დანაშაულების პრევენციისათვის.

ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანთა მიმართ კი შინაპატიმრობა, ელექტრონული ზედამხედველობით, არაპროპორციული სასჯელია და მას სხვადასხვა ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

„შესრულებული კვლევის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს ხარვეზები ცალკეული სახის სასჯელთა გამოყენების წესთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის სასჯელის ისეთი მიზნის მიღწევას, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ მხრივ აღსანიშნავია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების საკითხი. აღნიშნული სასჯელი გულისხმობს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს. ის, რომ მსჯავრდებულის შრომა არ ანაზღაურდება, თუნდაც სიმბოლურად და მსჯავრდებულს დღეში უწევს რვა საათამდე უსასყიდლოდ შრომა, ხელს უშლის მსჯავრდებულში შრომისადმი პატივისცემის გრძნობის აღზრდას და თავისუფლების პირობებში სამუშაო ცხოვრებისთვის მის მომზადებას“ – აღნიშნავს თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; პროექტის ექსპერტი, თემურ ცქიტიშვილი კვლევაში „პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპის დაცვის მნიშვნელობა სასჯელის დანიშვნის დროს“ და იქვე განმარტავს, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, მსჯავრდებულის შრომა ანაზღაურების სახით ფასდებოდეს. უნდა იყოს ასევე გათვალისწინებული ღირსების მომენტი და მსჯავრდებულისთვის უნდა იყოს შეთავაზებული ისეთი სამუშაო, რაც მის ღირსებას არ დაამცირებს. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა პროფესიული უნარების გათვალისწინება და მათთვის პროფესიული დასაქმების შეთავაზება.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი ნონა თოდუა აღნიშნავს, პროექტის „სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები საქართველოში“ დროს შემუშავებული რეკომენდაციები შესაძლებლობას მისცემს კანონმდებლებს, რომ:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი გათავისუფლდეს ნორმებისგან, რომელთა გადატანა მიზანშეწონილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში;
ბ) კანონმდებლობა იმგვარად იყოს სრულყოფილი, რომ მოსამართლეს მიეცეს როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპის, ასევე, ალტერნატიულ სასჯელთა და პირობითი მსჯავრის გამოყენების უფრო ფართო შესაძლებლობა;
გ) ცალკეულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დევნაზე უარი თქვას არა მარტო პროკურორმა, არამედ თავად დაზარალებულმა;

როგორც თსუ პროფესორები განმარტავენ, გარდა კანონმდებლობისა, პროექტი დახმარებას გაუწვს პრაქტიკოს იურისტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს.