Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

იურიდიული ფაკულტეტი

კორპორაციული მართვის ზოგადი ანალიზი

თსუ იურიდიული ფაკულტეტი ყოველდღიურად ცდილობს თანამედოვე მსოფლიოში არსებული დოგმატურ-თეორიული და პრაქტიკული საკითხების ანალიზის განხორციელებას და მის საფუძველზე არსებული სამართლებრივი და ეკონომიკური ტენდენციების საქართველოში თეორიულ დონეზე ადაპტირებას. აღნიშნული მიზნის პრაქტიკული რეალიზაციისთვის იურიდიულ ფაკულტეტთან არსებობს სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, რომელთა ფარგლებშიც მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულების დამუშავება. ამ მხრივ გამოსარჩევია საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი.  ამ ინსტიტუტის ეგიდით შესრულდა კვლევა, რომელშიც საკორპორაციული სამართლის ფუნდამენტის – კორპორაციული მართვის საკითხებია გაანალიზებული. ნაშრომის სათაურია: „კორპორაციული მართვის ზოგადი ანალიზი“.

ნაშრომის ავტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა, სამართლის დოქტორმა გიორგი მახარობლიშვილმა 2012 წლის ბოლოს, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტში წამოაყენა იდეა, რომ გაანალიზებულიყო კორპორაციული მართვის ფუნდამენტური ასპექტები. იდეის ფორმირება აღნიშნული საკითხის შესახებ ქართულ იურიდიულ სამეცნიერო ლიტერატურაში მწირი მასალის არსებობამ განაპირობა. ესეც რომ არ იყოს, კორპორაციული მართვა იმდენად კომპლექსური და მრავლის მომცველია, რომ მორიგი კვლევა ზედმეტი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა. შესაბამისად, კორპორაციული მართვის ზოგადი ანალიზის  სტრუქტურული წარმოდგენა მეცნიერული კვლევის სახით, მაშინდელი გადასახედიდან, მნიშვნელოვან პერსპექტივად იქცა. კვლევის პროცესმა კი აჩვენა, რომ შედეგი უკვე შესამჩნევი და მოკრძალებული წვლილის შემტანი იქნება ქართული იურიდიული ცნობიერებისთვის.

ნაშრომის მიზნობრიობასა და სტრუქტურაზე საუბრის დროს ხაზი უნდა გაესვას შემდეგ ასპექტებს:
ნაშრომში გაანალიზებულია საკორპორაციო სამართლის ბირთვის, კორპორაციული მართვის მაფორმირებელი ძირითადი ელემენტები ზოგად კონტექსტში. ავტორი აღნიშნავს, რომ მეწარმე საზოგადოების ეკონომიკური აქტივობის დაგეგმარებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში აკუმულირებული მიზნობრივი ქონების სწორი მარკეტინგულ-მენეჯერული მართვის მთავარი პოსტულატი გამართული სამართლებრივი ნორმატიული რეგულირება და თვითრეგულირებადი აქტებია. მეწარმე სუბიექტის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი სტატუსის მატარებელი კი – კორპორაციული მართვა და ე.წ. რბილი სამართალია, რომელთა კოორდინირებული ანალიზი კორპორაციული მართვის ძირითად სტრატეგიას წარმოსახავს. კორპორაციული მართვის ერთიანი, უნიფიცირებული ფორმულა არ არსებობს, რამდენადაც ის დამოკიდებულია გეოგრაფიულ არეალზე, დროზე, სივრცეზე, ეკონომიკურ-სამართლებრივ გარემოსა და კომპანიაზე. შესაბამისად, კარგი კორპორაციული მართვის ზოგადი ფორმულის დებულებების შემუშავებისა და დანერგვის რეკომენდაციები სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი რეალობისა  და კომპანიათა პრაქტიკული შემეცნების გზით უნდა შესრულდეს. ამიტომ, ნაშრომში გამოყენებულია კვლევის შედარებით-სამართლებრივი მეთოდი, რომელიც მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ქართულ კორპორაციულ-სამართლებრივ განზომილებებს.

კვლევა მიზნად არ ისახავს კორპორაციული მართვის ყველა ასპექტის ანალიზს. მისი დანიშნულება იმ ზოგადი პარადიგმის განსაზღვრაა, რომლის გარშემოც ყველა კაპიტალური ტიპის მეწარმე სუბიექტის ფუნქციონირების ვექტორია გაერთიანებული. კორპორაციული მართვის ძირითადი ელემენტების ანალიტიკური მიმოხილვა მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის კაპიტალური ტიპის საზოგადოების არსებობის განმავლობაში ყველა იმ ფაზის შესახებ, რომელიც მას ეკონომიკური აქტივობის სწორად წარმართვის პროცესში წარმოესახება. ამასთან, ეს არის თანამედროვე კორპორაციული მართვის მთავარი ასპექტების უნიფიცირებული წარმოდგენის ერთ-ერთი პირველი მცდელობა.

ნაშრომის დასკვნითი ნაწილის ფუნქციური არსი კლასიკურად აქვს ახსნილი კორპორაციული მართვის სისტემური გააზრების ერთ-ერთი მთავარ ფუძემდებელ ადოლფ ბერლს. მან თავის (თანაავტორობით) კლასიკური ნაშრომის „თანამედროვე კორპორაცია და კერძო საკუთრება“ ბოლო თავში წიგნის მთლიანი მნიშვნელოვანი და შემაჯამებელი ხედვა გადმოსცა. მან ეს გააკეთა „ძალიან ზარმაცი, დაკავებული თუ ინტერესის არმქონეთათვის, რომელთაც ეზარებათ, დაკავებულნი არიან ან არ აინტერესებთ ნაშრომში განვითარებული მსჯელობის აკადემიური არგუმენტაცია“.

ნაშრომის ერთ-ერთ მთავარ თეზად კორპორაციული მართვის სისტემური გააზრებაა დასახული, რაც კორპორაციული მართვის შიდა და გარე მექანიზმებად კლასიფიცირებითა და შემდგომ მათი სინთეზური ანალიზით მიიღწევა. ამისთვის, ნაშრომში ჩაშლილია კორპორაციული მართვის მექანიზმები შიდა და გარე კორპორაციულ მართვაში. ამასთან, კორპორაციული მართვის ძირითადი ასპექტები პრინციპების დონეზეა აყვანილი და კონტექსტუალურად გაანალიზებული. დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია კორპორაციული მართვის, როგორც კომპლექსური ტერმინის შინაარსობრივი მხარის მაფორმირებელი თითქმის ყველა დეტალი იმდენად, რამდენადაც კორპორაციული მართვის ერთი, უნიფიცირებული განმარტება არ არსებობს.

ნაშრომის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს კორპორაციული მართვის ისეთი ორი ქვეკატეგორიის ერთმანეთისგან გა-მიჯვნა, როგორიც კორპორაციული მართვის სისტემა და კორპორაციული მართვის მოდელია. ისინი ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მოცემულობის შემცველი ტერმინები და სხვადასხვა მიმართულებების მაფორმირებელია, თუმცა გარკვეულ სეგმენტებში ურთიეთთანხვედრილი და ურთიერთმკვეთავიც არის.

კორპორაციული მართვის სასურველი მოდელის წარმოჩენას კი წინამდებარე ნაშრომში საქართველოს რეალობისთვის და ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით შესაბამისი კორპორაციული მოდელის შემუშავების სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებების წარმოდგენა უდევს საფუძვლად, რამდენადაც მეწარმეთა შესახებ კანონის მიმდინარე (არსებული) რედაქცია კორპორაციული მართვის სახეთა პირდაპირ კლასიფიცირებას მხოლოდ ირიბი დანაწესებით იძლევა. ამასთან, სასურველი და საუკეთესო კორპორაციული მართვის ნორმების დამდგენი სარეკომენდაციო ხასიათის კორპორაციული მართვის კოდექსი მხოლოდ საბანკო საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტებისთვის არსებობს, ხოლო არასაბანკო სექტორისთვის ასეთი თვითრეგულირებადი მოდელი არ არსებობს. საქართველოს რეალობაში კი საბანკო სექტორს მეწარმე სუბიექტთა შორის რაოდენობრივად ძალიან მოკრძალებული ადგილი უკავია. შესაბამისად, მეწარმე სუბიექტთა ძირითადი მასა ჩვეულებრივ, არასაბანკო საქმიანობას დაკავშირებულ სამართლის სუბიექტებს უკავშირდება.

კაპიტალის მოზიდვისა და აკუმულირებისთვის სს-ის მენეჯმენტი (მართვის ორგანო) ინვესტორს მიმზიდველ, სამართლებრივად დაცულ და ეკონომიკურად განსაზღვრულ პირობებს უნდა სთავაზობდეს. ასეთ პირობათა შორის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მართვისა და კონტროლის ეფექტიანი წესები და განსაზღვრული სტრატეგიებია, რომელსაც, თავის მხრივ, იმ ქვეყნის კანონმდებლობა და საერთოდ, სამართლებრივი სივრცე უნდა უზრუნველყოფდეს, სადაც ინვესტორს სურს კაპიტალის დაბანდება.

ეფექტიანი კორპორაციული კონტროლი ნიშნავს, რომ არსებობს ინსტიტუციონალიზებული, კომპანიის გადაწყვეტილებების მიღებაზე უფლებამოსილ პირთა მოქმედებების მონიტორინგისა და შემოწმების ფორმალური პროცესი. დავალებები გარკვეული და ნათლად ჩამოყალიბებული უნდა იყოს, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს ეცოდინება თავისი ადგილი მენეჯმენტის კონტროლის პროცესში. ნებისმიერ შემთხვევაში კორპორაციული კონტროლის ყველა სისტემას აქვს ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაში კორპორაციული კონტროლი გაცილებით ეფექტიანი გახდება.

კორპორაციული მართვისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი სხვადასხვა სამართლებრივ სისტემას მიკუთვნებული კორპორაციული მართვის კოდექსების ანალიზის საფუძველზე შესრულდა. ანალიზით მიღებული დასკვნა გარკვეული თეზისების სახით არის შეჯერებული, რომელიც ნაშრომის დასკვნით ნაწილშია მოცემული.

„კორპორაციული მართვის ზოგადი ანალიზი“ შესრულდა ინსტიტუტის ფარგლებში და ამავე ინსტიტუტის ფარგლებში დაიბეჭდება.

კვლევის ავტორის თქმით, ნაშრომის შემუშავებისას უდიდესი დახმარება გასწია სამეცნიერო რედაქტორმა, პროფესორმა ირაკლი ბურდულმა. ნაშრომის გრანტის ან სხვა ტიპის დაფინანსების ფარგლებში არ არის შესრულებული და შეიძლება ითქვას, რომ ის საზოგადოებრივ საწყისებსა და იურიდიულ სფეროში მცირედი წვლილის შეტანის სურვილით შესრულდა. ის არის მონოგრაფია, რომელიც ერთი ავტორის მიერ არის შესრულებული. გამოქვეყნების შემდგომ ნაშრომი აქტიურად დაეხმარება კაპიტალისტურ საინვესტიციო ურთიერთობასა და სამეწარმეო ტრანზაქციებში ჩართულ ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. ლოგიკურია, რომ  კერძო სამართლის ამ შესანიშნავი დისციპლინის (საკორპორაციო სამართლის) სპეციალისტებს, სტუდენტებსა და პრაქტიკოსებს სათანადო დახმარებას გაუწევს.