Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

იურიდიული ფაკულტეტი

მნიშვნელოვანი კვლევა ტრანსნაციონალურ სისხლის სამართალში

„კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ თანამედროვე ეპოქაში სისხლის სამართალი უკვე აღარ წარმოადგენს წმინდა ნაციონალურ სამართლის დარგს. საერთაშორისო და ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში იგი გახდა დამნაშავეობის აღკვეთისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სუპრანაციონალური სამართლებრივი მექანიზმი“. – ასეთი დასკვნაა გაკეთებული იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის მერაბ ტურავას კვლევაში, რომელიც მან ალექსანდრე ჰუმბოლდტის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა. საერთაშორისო და ევროპულ სისხლის სამართალში კვლევის განხორციელების მიზნით იგი სამეცნიერო მივლინებებით იმყოფებოდა ბერლინის ჰუმბოლდტის, კიოლნის ალბერტუს მაგნუსისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში.

სამეცნიერო კვლევის შედეგად ქართულ ენაზე შეიქმნა მნიშვნელოვანი ნაშრომი ტრანსნაციონალურ სისხლის სამართალში. ეს იქნება ამ სფეროში ქართულ ენაზე გამოცემული პირველი წიგნი, რომლის მიზანია, დაეხმაროს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და დოქტორანტებს საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის საფუძვლიან შესწავლაში.

ნაშრომში მოცემულია თანამედროვე ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის მიმოხილვა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების, უპირველეს ყოვლისა, ანგლო-ამერიკული და კონტინენტალ-ევროპული სისტემების სამართლებრივი ინსტიტუტების ერთგვარ ჰარმონიულ კონვერგენციას, რაც ხორციელდება მათი პოზიციების თანდათანობითი დაახლოების საფუძველზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკა ყალიბდება საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, სხვადასხვა სამართლებრივი სისტემების წარმომადგენელი მოსამართლეების თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გზით. აღნიშნული პრაქტიკა იძლევა,  არსებითი ხასიათის წინააღმდეგობების გადალახვით, სხვადასხვა სისტემებს შორის კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობას. ეს, თავის მხრივ, წარმოადგენს სისხლის სამართლის ინტერნაციონალიზაციის გამოხატულებას. მკვლევრის განმარტებით, სამართლებრივი სისტემების ჰარმონიული კონვერგენციის შედეგები გასათვალისწინებელია ქართული, ეროვნული სამართლებრივი სისტემისათვის, რათა დაცულ იქნას გონივრული ბალანსი უკიდურესად განსხვავებულ მიდგომებს შორის.

ერთი მხრივ, საქართველო 2003 წლის დეკემბრიდან იმყოფება სისხლის სამართლის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ, მეორე მხრივ – იგი ჯერ კიდევ 1999 წლის აპრილიდან ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა. გარდა ამისა, ღრმავდება სამართლებრივი ურთიერთთანამშრომლობა ევროპის კავშირთან, რის გამოც არაერთი ცვლილება იქნა შეტანილი ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. ყოველივე ეს განაპირობებს ქართული სისხლის სამართლის განვითარებაზე ტრანსნაციონალური და სუპრანაციონალური ზეგავლენების ზრდასა და ჰარმონიზაციას.  

კვლევა და მის საფუძველზე შექმნილი ნაშრომი პირობითად შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან:
ნაშრომის პირველი წიგნი საერთაშორისო სუპრანაციონალური სისხლის სამართლის საკითხებს ეთმობა, რაც დაკავშირებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელებასთან და სისხლის სამართლის დროებითი ტრიბუნალებისა და მუდმივმოქმედი სასამართლოს მეშვეობით ხორციელდება.
საერთაშორისო სუპრანაციონალური სისხლის სამართლის ძირითადი არსი გულისხმობს განსაზღვრული (მაკროკრიმინალური) დამნაშავეობისათვის ცალკეულ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას, იმ ქმედებებისათვის, რომელთა დასჯადობა რეალურად სათავეს იღებს დანაშაულების ე.წ. ნიურნბერგის კლასიკური შემადგენლობებიდან. ნაშრომში  საერთაშორისო სისხლის სამართლის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპებია აღწერილი, გაანალიზებულია ცალკეული საერთაშორისო დანაშაულების შინაარსი, ასევე განხილულია საერთაშორისო სისხლის სამართლის პროცესისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის სამართლებრივი საკითხები.

ნაშრომის მეორე წიგნი  ევროპული სისხლის სამართლის ძირითადი ასპექტების ანალიზს ეძღვნება, რათა გამოიკვეთოს მისი განვითარების ძირითადი ტენდენციები და ნათელი გახდეს ქართულ სისხლის სამართალზე მისი ზეგავლენა. ევროპული სისხლის სამართალი ვითარდება ორი მიმართულებით – ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ფარგლებში. მისი განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორებია ტრანსნაციონალური დანაშაულების შემადგენლობების ჰარმონიზაცია მატერიალური სისხლის სამართლის, ხოლო გადაწყვეტილებების ორმხრივი ურთიერთაღიარება – სისხლის სამართლის პროცესის სფეროში.

ავტორი მიუთითებს, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან განვითარებული მოვლენების შედეგად, მთლიანად ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის დისციპლინა განიცდის რენესანსს და იმავდროულად  განვითარების ოქროს ხანაში იმყოფება. მისი სახით  მსოფლიოს ორი ძირითადი სამართლებრივი სისტემის ჰარმონიული კონვერგენციაა სახეზე, რომელიც თავისი განვითარების ბევრი ასპექტით მნიშვნელოვანია ეროვნული სისხლის სამართლის სისტემების განვითარებისათვის.
ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ დღეისათვის ტრანსნაციონალური სისხლის სამართალი არის არა უბრალოდ თეორიული საუნივერსიტეტო სასწავლო დისციპლინა, არამედ უშუალოდ მოქმედი სამართალი. გაღრმავდა ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოთა შორის. გარდა ამისა, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ჯერ სისხლის სამართლის დროებითი ტრიბუნალების, ხოლო შემდეგ მუდმივმოქმედი სასამართლოს შექმნით სისხლის სამართალი იქცა საერთაშორისო დამნაშავეთა დასჯადობის ქმედით ზესახელმწიფოებრივ მექანიზმად. ყოველივე ამან ხელი შეუწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების ინსტიტუციონალიზაციას, რაც განაპირობებს მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებათა უმძიმესი დარღვევების დაუსჯელობის აღმოფხვრას სამართლებრივი საშუალებებით. ევროპული სისხლის სამართლის სფეროში კი გაღრმავდა სახელმწიფოთა ტრანსნაციონალური ურთიერთთანამშრომლობა და გაიზარდა ევროპული სტანდარტების მნიშვნელობა ეროვნული სამართლებრივი სისტემებისათვის.

მიმდინარე წლის 28 მაისს იურიდიული ფაკულტეტის საბჭომ, ხოლო 26 ივნისს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც იურიდიულ ფაკულტეტზე შეიქმნა „შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტი“. სწორედ ამ ინსტიტუტის ფარგლებში გრძელდება მუშაობა პროფესორ მერაბ ტურავას სამეცნიერო ნაშრომში მოცემული ცალკეული დებულებების კვლევის გასაღრმავებლად.

ნაშრომში მოცემული იდეების შესახებ ავტორმა 2014 წლის 28 ოქტომბერს მოხსენება გააკეთა საერთაშორისო კონფერენციაზე „ადამიანის უფლებები და გარდამავალი მართლმსაჯულება საქართველოში„, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მაქს-პლანკის ინსტიტუტის (ფრაიბურგი) დირექტორმა, პროფესორმა ულრიხ ზიბერმა, ხოლო სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა კრებულში „ადამიანის უფლებათა დაცვა და სამართლებრივი რეფორმის გატარება საქართველოში“ (რედ. პროფესორი კონსტანტინე კორკელია).