Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

იურიდიული ფაკულტეტი

სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნებისთვის

საქართველოში საკმაოდ იშვიათია ნაშრომი, რომელიც სამართლის ფილოსოფიური ასპექტების კვლევას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ბესარიონ ზოიძის ნაშრომის გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ საქართველოს სამართალმცოდნეობის განვითარებაში. ნაშრომის მთავარი თემაა - ადამიანი სამართალში.

თითქმის 250 გვერდიან წიგნში სახელწოდებით „სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნების ცდა, უპირატესად ადამიანის უფლებათა ჭრილში“, 93 ესეა გაერთიანებული და იგი 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდა.

„ბატონ ბესარიონ ზოიძის გამოკვლევა ეძებს პასუხებს სამართლის და, ზოგადად, ადამიანთა სოციალური თანაცხოვრების ფუძემდებლურ საკითხებზე. ამავე დროს, იგი განგვაწყობს, დავსვათ ახალი კითხვები და არ ვიყოთ უკვე არსებული პასუხების უკრიტიკო ზეგავლენის ქვეშ“. - ასე აფასებს თსუ სრული პროფესორი და წიგნის რედაქტორი გიორგი ხუბუა, ბესარიონ ზოიძის ესეების კრებულს.

თავად ავტორი ასე აღწერს წიგნის შექმნის მიზანს: „მუდამ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში, როგორ ვერ შევძელით, რომ შეგვექმნა ჩვენი ისტორიის ღირსების შესაფერისი სახელმწიფო. მრავალ მიზეზთა შორის, მე ბევრჯერ დამისახელებია ინტერესთა ღირებულებითი კონფლიქტი საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის. დიდად სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ვერ მოიხსნა ურთიერთგაუცხოების მომენტი, რომელიც ცალკეულ ადამიანსა და სახელმწიფოს შორის არსებობს. ამის მიზეზი კი, ერთიცაა და მეორეც. ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში ისინი ერთიმეორის მიმართ იშვერენ ხელებს. სანამ ჩვენი წარუმატებლობის მიზეზებს მხოლოდ ჩვენს გარეთ მოვძებნით, მანამ ეს გაუცხოება არასოდეს არ მოიხსნება. მაგრამ ვის ხელშიც მეტი ძალაუფლებაა, მას მეტი ვალდებულება აკისრია დაძლიოს ეს გაუცხოება და, მაშასადამე, მასში უფრო მეტია ამის მიზეზი, ვიდრე ჩემში.

როცა ჩვენ, ყველა ვართ სახელმწიფოს ინტერესის საგანი, მაშინ სახელმწიფოსაც აღარ აქვს ჩვენით მანიპულირების სურვილი. ამიტომაც, ჩემი ნაწერების ცენტრშია ადამიანი, როგორც უმაღლესი ფასეულობა, რომლის გარშემოც ტრიალებს „უფლებრივი სამყარო“. მე მინდოდა მეჩვენებინა ამ მოძრაობის ბუნება და ხელი შემეწყო ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის“.

რისი იმედი უნდა ჰქონდეს ადამიანს; სამართალი, როგორც უარყოფის უარყოფა; ეთიკური და სამართლებრივი ვალდებულების გამიჯვნა (კანტის გამო); პიროვნებისა და სახელმწიფოს მიმართება; სამართლებრივი ცინიზმი; სამართლებრივი ნიჰილიზმი; თავისუფლება კანონის ფარგლებში (კანტის გამო); სამართლის განხორციელების მიზეზშედეგობრივი სივრცე; უფლების განხორციელების შესახებ ეთიკასთან კავშირში; ცნობიერისა და არაცნობიერის მიმართება სამართალში (ფროიდთან დაკავშირებით); კვლავ იძულების ორბუნებოვნების შესახებ სამართალში; გონისა და ნების მომენტი კანონმდებლობაში (პოზიტივიზმის კრიტიკა ჰაიეკის გავლენით); სამართალში მარადიული ფასეულობების ჩვენგან დამოუკიდებლობის შესახებ; სამართალთან იძულების გაუცხოების შესახებ; სამართალში “შოკური თერაპიის” შესახებ; სამართლებრივი ტვირთების გადანაწილება სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის; პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების შესახებ; სიკეთე მართლწესრიგის ფარგლებში და ა.შ.“ - ეს ესეთა სათაურების მცირე ჩამონათვალია.

წიგნის შესავალ ესეში ავტორი აღნიშნავს:
„იმანუელ კანტი სვამს ასეთ კითხვას: გარდა საკუთარი თავისა, რისი იმედი უნდა ჰქონდეს ადამიანს? პასუხი შემდეგია: მას უნდა ჰქონდეს საზოგადოების, სოციალური ინსტიტუტებისა და სამართლის იმედი. ესე იგი, ჩვენი არსებობის განმსაზღვრელი პირველ რიგში ჩვენი უნარები და შესაძლებლობებია, რომელთა განხორციელება მის გარეთ არსებულ ღირებულებებზეა დამოკიდებული.“

შესაბამისად, დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი ნაშრომში სამოქალაქო საზოგადოების როლსა და ადგილს სახელმწიფოში.

ავტორის განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოებას ღირსეული ადამიანები ქმნიან, რომელთაც სწამთ ასეთ საზოგადოებაში არსებობის აუცილებლობა. ის მაღალი ეთიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებაა, რომელიც ასეთივე ადამიანებისგან შედგება. ესაა მაღალი ღირებულებების მქონე საზოგადოება, რომელიც აცნობიერებს იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ ყოველი ადამიანის კეთილდღეობა მხოლოდ აქაა შესაძლებელი. `ასეთ საზოგადოებაში ჩემი ინდივიდუალური უფლებრივი სტატუსი ორგანულადაა დაკავშირებული ამ საზოგადოების უფლებრივ მდგომარეობასთან. მე ვიცი, რომ ჩემი უფლება ვერ იარსებებს შენი და ჩვენი უფლების გარეშე. ამიტომაც მე, როგორც მესაკუთრე, პატივს ვცემ როგორც შენს, ისე ჩვენს საკუთრებას..., რომელთან მიმართებაშიც ჩნდება ჩემი საკუთრება. ესე იგი გამოდის, რომ ჩვენი უფლებები მიზეზ-შედეგობრივადაა ერთმანეთთან დაკავშირებული“.

ბესარიონ ზოიძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს აერთიანებს. სახელმწიფო თვითოეულ ადამიანში საზოგადოებას ხედავს და მისი ხმა მთელი საზოგადოების ხმად აღიქმება. სამოქალაქო საზოგადოებაში მოხსნილია საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთგაუცხოება, რაც დღემდე საქართველოს ისტორიულ ტკივილად რჩება. ესეში ასევე განმარტებულია, რომ სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოში ინტერესთა მშვიდობიანი თანაარსებობის, სიკეთეთა დაბალანსებული წესრიგის, თანასწორობისა და სამართლიანობის მაღალი შეგნების მქონე ადამიანთა საზოგადოებაა.

განსაკუთრებული აქცენტია ესეებში გაკეთებული სამართლიანი სასამართლოს აუცილებლობაზე:
პროფესორის აზრით, სამართლიანი სასამართლოს გარეშე წარმოუდგენელია სამოქალაქო საზოგადოება. სადაც უფლების დაცვა ეჭვის ქვეშ დგება, იქ არც სამოქალაქო საზოგადოებაა და არც სასამართლო, როგორც ინსტიტუტი.

„პირველ რიგში აუცილებელია ინსტიტუციის დამოუკიდებლობა, შემდგომ, ინტერესების, ღირებულებებისა და მათი მიღწევების გზების სწორად განსაზღვრა. ,,დიდი რეფორმების განხორციელების პროცესში ხშირად ვკითხულობთ, როგორ მოვიქცეთ. აქაც გვმართებს უარი ვთქვათ „შოკურ თერაპიაზე“ და ადამიანებისთვის გონივრული და ასატანი ტკივილების დაშვებით შევქმნათ სოციალური ინსტიტუტები. ამით ჩვენ ავიცდენთ ინსტიტუტებისა და ადამიანების ერთმანეთისგან გაუცხოებას და შევძლებთ მათ მშვიდობიან თანაარსებობას... ინსტიტუციურ რეფორმას ადამიანი შემზადებული უნდა შეხვდეს და იგრძნოს მისი განხორციელების აუცილებლობა,“ - წერს ბესარიონ ზოიძე.

შემდეგი ფაქტორი, რომელის იმედიც უნდა გქონდეს, ავტორის აზრით, ესაა სამართალი. სამართალი ის საძირკველია, რომელზედაც სამოქალაქო საზოგადოება და სოციალური ინსტიტუტებია აგებული. საკმარისია ამ ორგანულ ერთიანობას გამოვაცალოთ სამართალი და მისგან აღარაფერი დარჩება.

„სამართლის იმედი რომ გქონდეს, საკმარისია ის თავად წარმოადგენდეს ფასეულობას. ფასეულია სამართალი, რომელიც თვისებრივადაა უნარიანი, იყოს მოწინავე სამართლებრივი ოჯახების სრულფასოვანი წევრი. ჩვენს სინამდვილეში ასეთია ევროპული სამართალი. პატარა საქართველო უკვე ოცი წელია ისწრაფვის თვალი გაუსწოროს სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და სამართალთა ჰარმონიზაციის ცენტრში მოექცეს. ამ ხნის განმავლობაში ქართული სამართალი არსებითად შეიცვალა და დაუახლოვდა ევროპულს. მაგრამ ეს სინამდვილის ერთი მხარეა და მას სამართლის პოზიტიური ყოფიერება ჰქვია... სამართლის იმედად ყოფნა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ჩვენ სამართლისადმი პატივისცემით ვართ განწყობილი და მას ვემორჩილებით. ამისთვის კი აუცილებელია მაღალი მართლშეგნება, როგორც სამართლებრივი კულტურის ხერხემალი. ამ დამოკიდებულების გარეშე არ არსებობს არც სამოქალაქო საზოგადოება და არც დემოკრატიული სოციალური ინსტიტუტები.“ - წერს იგი. პროფესორი ბესარიონ ზოიძე მიიჩნევს, რომ ყველა თანაბრად ვართ ვალდებული ვმოქმედებდეთ სამართლით განსაზღრულ ფარგლებში, თუმცა ხელისუფლებას, როგორც პოზიტიური სამართლის შემოქმედსა და დარაჯს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.

სამართლის იმედად ყოფნა, იუსტინიანეს ინსტიტუციების თანახმად, შესაძლებელია, როცა სამართლებრივი დანაწესებისადმი ისეთი დამოკიდებულებაა, როგორიცაა პატიოსნად ცხოვრება, სხვისთვის ზიანის არმიყენება, თვითოეულისათვის თავისის მიზღვევა. სამართლებრივი სახელმწიფოს ღერძი, სწორედ ასეთი სამართალია“. - წერს იგი.

როგორც თავად წიგნის ავტორი აცხადებს, სწორედ ამ ფასეულობების გამოვლენამ შთააგონა სპონტანურად ეწერა ესეები, რომელსაც სთავაზობს მკითხველს, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდობას.

„ეს ესეები მე არ დამიწერია სამართლებრივი განათლების მისაღებად. ჩემი მიზანი იყო სტუდენტები დამემუ-ხტა სამართლებრივი გრძნობებით, კერძოდ, უფლებისადმი, როგორც ობიექტურად მოცემული ფასეულობისადმი პატივისცემით განმეწყო ისინი. ამის შეგნების წყარო ის არის, რომ მე ჩემი უფლების არსებობას ვუკავშირებდე სხვათა უფლებებს, ვინაიდან ისინი მიზეზობრივად ერთმანეთით არიან განპირობებულნი. Aამიტომაც, ვამტკიცებ, რომ ადამიანი უფლებაა. ეს, ყველას, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებასა და ცალკეულ პიროვნებას გვავალდებულებს ადამიანებს შევხედოთ, როგორც სამართლებრივი პატიოსნების მქონე სუბიექტებს. ამით ერთმანეთისთვის ვხვდებით მიზანი და ვსპობთ ურთიერთგაუცხოების ისტორიულ დაავადებას და ის ელემენტარული ჭეშმარიტება ხდება მოქმედების განმსაზღვრელი, რომელიც გვეუბნება თითოეულს, რომ ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე არარა ვართ. ეს ურთიერთობა ზნეობრივად მყარი, სამართლიანი და გაწონასწორებული ურთიერთობაა,“ - აღნიშნავს ბესარიონ ზოიძე.