თსუ მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგის მოადგილე, ბიოლოგიის დოქტორი. 1972-2010წწ-ში მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ნევროლოგიის განყოფილებასა და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ს/კ ცენტრის უფროს და წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. 1995 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ში. არის სამამულო, იმპაქტ-ფაქტორიან და საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში 50-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, ეპილეპსიის სხვადასხვა ფორმის, მხვედველობის ცნობის მეხსიერების, მანგანიზმის ზოომოდელებზე მაკრო- და მიკროფიზიოლოგიური კვლევის ნატიფი მეთოდების გამოყენებით კლინიკური თვალსაზრისით უმწვავეს პათოლოგიათა ეტიო-პათოგენეზის შესწავლის თემაზე.
თ. ბაგაშვილი არის მრავალი ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 2007 წლიდან ყოველწლიური კონფერენციის „მომავლის მედიკოსები და სამედიცინო პრობლემების“ ორგანიზატორი, ძირითადი სამეცნიერო ხელმძღვანელი და კონფერენციის მასალების ორი კრებულის (2010წ; 2014წ.) რედაქტორ-გამომცემელი. სახელმძღვანელოს – „ზოგადი პათოფიზიოლოგია“ ავტორი. გახლავთ ეროვნული და საერთაშორისო საგრანტო პროექტების მონაწილე, ევროპის ნეირომეცნიერთა ფედერაციის (FENS), თავის ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO), საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაციის და ი. ბერიტაშვილის სახელობის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების წევრი.