Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
„თსუ მეცნიერება“- პრეზენტაცია
22/01/2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „თსუ მეცნიერების“ მეშვიდე, შემაჯამებელი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი მერაბ ელიაშვილი, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ რექტორის მოადილის მერაბ ელიაშვილის განცხადებით, „ამ ჟურნალის დანიშნულება და სამიზნე აუდიტორია მრავალფეროვანია. ინგლისურენოვანი ვერსია ძირითადად სამეცნიერო კონფერენციებზე ჩვენს უნივერსიტეტში ჩამოსული უცხოელი მეცნიერებისთვის არის განკუთვნილი. ჟურნალის საშუალებით ისინი ეცნობიან უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე კვლევებს. ქართული ვერსია კი ქართული საზოგადოების სამეცნიერო ინტერესებს ითვალისწინებს. ჟურნალში პოპულარულ ენაზე გადმოცემული ინფორმაცია სამეცნიერო კვლევების შესახებ, ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ წევრს დააინტერესებს.“

ჟურნალი, უკვე ტრადიციულად, გთავაზობთ წლის განმავლობაში თსუ-ში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების ნაწილის შესახებ ინფორმაციას. გადავწყვიტეთ, რომ გასული წლის შემაჯამებელი ჟურნალი თსუ არქეოლოგების მიერ  გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი უნიკალური წარწერით დაგვეწყო. ეს უძველესი წარწერა, შესაძლოა, ახალი ერის დასაწყისი გახდეს არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის. თუმცა, მასში არანაკლებ საინტერესო სხვადასხვა მიმართულების კვლევებია მოცემული,“- აღნიშნა ჟურნალის რედაქტორმა თამარ ხორბალაძემ.

„თსუ მეცნიერების“ ახალ ნომერში მოცემულია ინფორმაცია უნივერსიტეტში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების ნაწილის შესახებ. ჟურნალში, აგრეთვე, იხილავთ მასალებს თსუ-ს როლსა და ადგილზე საერთაშორისო რანჟირების სისტემებში; მასალას კვლევაზე „ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკის“ შესახებ; ინფორმაციას ანთიმოზ ივერიელის ადგილზე ქართულ-ევროპულ დიალოგში; გელათის კატენებიან ბიბლიაზე; პოსტტრავმული ზრდისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის ინდიკატორებზე; ასევე მოქალაქეობის სტილის განსაზღვრაზე საქართველოში.

ჟურნალში ნახავთ მასალას, თუ როგორ მოიპოვება და მუშავდება მასალები ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიისათვის; რა კვლევები მიმდინარეობს უსაფრთხოების საკითხებზე თსუ-ში; როგორ წარმოუდგენიათ უნივერსიტეტის მეცნიერებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ევროპეიზაცია. გაეცნობით ახალ  პრობაციის სამართლის სახელმძღვანელოს დეტალებს; სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციებს საქართველოში.

თსუ მკვლევრების დახმარებით აღმოაჩენთ, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსს გეოლოგიური პრობლემები აქვს; გაიგებთ აღმოსავლეთ საქართველოში ღრმად დაძირული ნალექების ნავთობ-გაზიანობის პერსპექტივების შესახებ;  ქართველი მეცნიერების კვლევებზე  ფრინველთა და ცხოველთა ბალანსირებული კვების გასაუმჯობესებლად.

ჟურნალი ასევე გაგაცნობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის მრავალწლიანი ურთიერთობების ტრადიციას და გამოცდილებას; დეტალებს შავი ზღვის რეგიონული მოკლევადიანი პროგნოზის შექმნის შესახებ, რომელშიც თსუ მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა.

სამედიცინო ფაკულტეტი წარმოგიდნებთ მასალას სტომატოლოგიურ დაავადებათა გავრცელებაზე საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში და პრევენციის თანამედროვე მიდგომებსა და კვლევის მანგანუმური ტოქსიკური ენცეფალოპათიის მოდელზე.

ჟურნალში მოცემულია თსუ ეკონომისტების კვლევა კონკურენტუნარიანობის ზრდის სტრატეგიაზე საქართველოში; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ტენდენციებსა და დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე საქართველოში; უცხოური ბრენდებისადმი ქართველი მომხმარებლების ლოიალურობის აღქმის სპეციფიკაზე.   

ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემაა. სამეცნიერო-პუპულარული ჟურნალის მიზანია საზოგადოებას უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. წარმოდგენილია მასალები თანამედროვე კვლევების შესახებ, რომელმაც უკვე მოიპოვეს საერთაშორისო გამოხმაურება; მიღებული აქვთ კვლევითი გრანტები; მათ შესახებ ქვეყნდება სტატიები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში; მოხსენებები წარმოდგენილია სამეცნიერო კონფერენციებზე; ხშირ შემთხვევაში ეს კვლევები წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია.

ჟურნალი გამოდის ორ - ქართულ და ინგლისურ ენებზე. პირველი ორენოვანი ჟურნალი 2011 წელს გამოვიდა და ყოველწლიურად ორი ნომერი გამოდიოდა; 2014 წლიდან კი გამოცემა უკვე ყოველწლიურია და ორ დამოუკიდებელ - ქართულ და ინგლისურ პუბლიკაციებად არის წარმოდგენილი. 2015 წლიდან შეიქმნა ჟურნალის ორენოვანი ვებ-გვერდი.