ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ემერიტუსი პროფესორმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში წაიკითხა საჯარო ლექცია „რამ გადაგვარჩინა?“. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ახალდაარსებულ უნივერსიტეტში პირველი ლექცია ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. მისი ლექციით დაიწყო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი. ორი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ 12 თებერვალი გამოგვეცხადებინა „პირველი საჯარო ლექციის“ დღედ. ყოველ წელს გამორჩეული პიროვნებები, რომელთა მოსმენაც უნივერსიტეტელებისთვის საინტერესო იქნება, წაიკითხავენ „პირველ საჯარო ლექციას“. მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციით გადაწყდა, რომ წელს ლექცია წაეკითხა მარიამ ლორთქიფანიძეს. გადავწყვიტეთ, ამ დღისთვის ყოველწლიურად გამოვცეთ კრებული, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის პირველ ლექციასთან ერთად ყოველ წელს წაკითხული „პირველი საჯარო ლექცია“ შევა.“
„დღევანდელი ლექციისთვის ორი-სამი თემა წარვადგინე, თუმცა უნივერსიტეტის რექტორმა სწორედ ,,რამ გადაგვარჩინა’’ შეარჩია წლის პირველი საჯარო ლექციის თემად. ძალიან რთული თემაა, რადგან ისეთი ხანიდან მოვდივართ, რომ ჩვენი ასაკის აღარავინ შეიძლება იყოს და ჩვენ მაინც გადავრჩით. რასაკვირველია, საბოლოო პასუხი მაინც არ არსებობს, თუმცა, ვეცადე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მაინც წარმომედგინა თუ რამ შეგვიწყო ხელი ამ გადარჩენაში,“- აღნიშნა მარიამ ლორთქიფანიძემ.
თსუ-ში „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ჩატარების წესის თანახმად, საჯარო ლექციის გამართვის უფლება ენიჭება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს - მოქმედ აკადემიურ პერსონალს, უნივერსიტეტის ემერიტუსს, ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ წარმომადგენელს.
საჯარო ლექცია ყოველწლიურად 12 თებერვალს ტარდება. 1918 წელს, სწორედ 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პირველი ლექცია “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში). „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია „ჩვენი სახელმწიფო“ 2015 წლის 12 თებერვალს წაიკითხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
ღონისძიების ბოლოს, თსუ ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე დაჯილდოვდა სიგელით „ წლის პირველი საჯარო ლექციის“ ჩატარებისთვის. საჯარო ლექციის მონაწილეებს დაურიგდათ თსუ გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი კრებული „პირველი ლექცია“, რომელშიც შესულია ივანე ჯავახიშვილის და დავით უსუფაშვილის ლექციების ბეჭდური ვერსია.