ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში ორი პუბლიკაციის „ანთიმოზ ივერიელის დიდაქეები და სხვა თხზულებები“-ის თარგმანის და მონოგრაფიის „ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგი“ პრეზენტაციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიმიტრუ ბადეა, წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „წმ. ანთიმოზ ივერიელი XVII-XVIII საუკუნეების განსაკუთრებული გამორჩეული მოღვაწეა. ქართველი მოღვაწე, რომელიც ცხოვრობდა დ ამოღვაწეობდა რუმინეთში. ის იყო ყოველმხრივ გამორჩეული ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები, რომელიც გამოცემული იყო რუმინულ ენაზე. პრაქტიკულად ეს იყო იმ ეპოქაში ევროპასთან დამაკავშრებული კულტურული ხიდი. რუსთაველის ფონდის დახმარებით, მისი ნაშრომები ქართულ ენაზე ითარგმნა და წიგნის სახით გამოიცია, რაც ქართული კულტურისა და მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია.“
„დავესწარი რუმინეთის სრულუფლებიანი ელჩის ხარისხში ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, კერძოდ, ანთიმოზ ივერიელის შრომებისა და ამ შრომების შესახებ მონოგრაფიების პრეზენტაციას. ის იყო ძალიან დიდი პიროვნება, იყო ქართველი, მაგრამ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა რუმინეთში. ის რუმინელი ერისა და ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი განმანათლებელი იყო,“- აღნიშნა საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიმიტრუ ბადეამ.
„წმ. ანთიმოზ ივერიელი იყო ძალიან დიდი პიროვნება. მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მან რუმინეთში გაატარა. იმ დროს მისი მოღვაწეობის შედეგად რუმინეთი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში საგანმანათლებლო ცენტრი გახდა. მისი თაოსნობით ასობით წიგნი დაიბეჭდა არა მხოლოდ რუმინულ, არამედ ქართულ, ბერძნულ, სლავურ, არაბულ ენებზე. ის არის პირველი ბერძნულენოვანი სტამბის დამაარსებელი. მისი მოღვაწეობის შედეგად რუმინეთში დამკვიდრდა რუმინულენოვანი ღვთისმსახურება. სამწუხაროდ საქართველოში მისი მოღვაწეობა და მისი ცხოვრება ნაკლებად იყო ცნობილი, ამ პროექტის მეშვეობით კი, როგორც სამეცნიერო წრეებს, ასევე რიგით მკითხველს ეძლევა საშუალება უფრო ახლოს გაეცნოს მის ცხოვრებას, მის ფილოსოფიურ-თეოლოგიურ აზროვნებას,“- განაცხადა თეოლოგიის დოქტორმა, დეკანოზმა ალექსი შუტაშვილმა.
პუბლიკაციები ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის ”ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგი” ფარგლებში თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის პროფესორების მიერ მომზადდა. ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საგანმანათლებლო, საერო და საეკლესიო მოღვაწეობა კულტურულ-ისტორიულად მნიშვნელოვანია, რადგან ახლებურად წარმოაჩენს ქართული თეოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების განვითარების გზებს. მისი მეშვეობით ქართული თეოლოგიური აზროვნება იწყებს ჩართვას ევროპის ისტორიულ, კულტურულ და სააზროვნო სივრცეში. ანთიმოზ ივერიელი წარმოადგენს კულტურათა წარმატებული დიალოგის მაგალითს.