Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ფოტოალბომის ,,სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან“ წარდგინება
15/04/2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ივანე ჯავახიშვილის შთამომავლები, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ფოტოალბომის ,,სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან“ პრეზენტაციას დაესწრნენ. ღონისძიება კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ფოტოალბომი საქართველოს პრეზიდენტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თსუ ბიბლიოთეკამ ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140-ე წლის საიუბილეოდ გამოსცა. 

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ ისეთი დიდი ადამიანის დაბადების დღეს, რომლისნაირებზეც დგას საქართველოს წარსული და მომავალი. 2016 წელი გამოვაცხადეთ წლად, როდესაც უნდა დაიწყოს რეალურად ბრძოლა და სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. ასეთი თავისუფალი სახელმწიფოს შემოქმედი იყო ივანე ჯავახიშვილიც, ადამიანი, რომელმაც თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ატრიბუტი მისცა ჩვენს ერს, ის გახდა ქართული მეცნიერების და ამ მეცნიერების აკვანის-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუძემდებელი. მინდა მთელს ქართველ ერს მივულოცო მისი დიდი შვილის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლისთავი და ვუსურვი ყველას, რომ თავისუფლების გზაზე, რომელიც გულისხმობს განათლებას, პრონციპულობას, ემოციურ სწრაფვას სიძლისერისა და თავისუფლებისაკენ, ეს დიდებული აგური შეენარჩუნებინოს და კიდევ უფრო წინ წაეწიოს,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
„ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წელი სრულდება ზუსტად ერთ კვირაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ეს წელი ჯავახიშვილის წლად გამოაცხადა. საიუბილეო წლის აღსანიშნავად მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, ერთ-ერთი გახლავთ მისი საოჯახო ალბომის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან და უნივერსიტეტი მადლობელია ამისთვის. ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს არ არის მხოლოდ საუნივერსიტეტო დღესასწაული, ეს სრულიად საქართველოს დღესასწაულია“-აღნიშნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, „ფოტოალბომში წარმოდგენილია 300-ზე მეტი უნიკალური ფოტო, რომელიც ასახავს ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ალბომში დაბეჭდილია მისი თანამებრძოლების, ოჯახის წევრების პორტრეტები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავად ივანე ჯავახიშვილის მიერ გადაღებული ფოტოები. ვფიქრობ, რომ ქართული კულტურითა და მეცნიერებით დაინტერესებულ საზოგადოებას ამ ალბომის გამოცემით სასიამოვნო საჩუქარი მოვუმზადეთ“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ის რაც დღეს ხდება ხოვლეში. ამ ალბომის პრეზენტაციით ჩვენ დავიწყეთ იმ ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილის ფარგლებშია დაგეგმილი. ეს არის ნაკრები იმ ფოტოსურათებისა, რომელიც ჩვენს ოჯახში ინახებოდა, ყველა ეს ფოტო შეგროვდა, დამუშავდა და ვფიქრობ, ძალიან კარგი ხარისხის გამოცემაა. ამისთვის მადლობა უნივერსიტეტს და საქართველოს პრეზიდენტის ფონდს, რომლის დაფინანსებითაც ეს ყველაფერი გაკეთდა“,-განაცხადა ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილმა თარხუჯ ჯავახიშვილმა.
ალბომის გამოცემის მიზანი იყო ფოტოდოკუმენტებით მკითხველისათვის ინფორმაციის მიწოდება: ვისთან ერთად უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა სახელოვან მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს ივანე ჯავახიშვილს, რომლის სახელთან დიდწილად არის დაკავშირებული მეოცე საუკუნის ქართული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების აღორძინება-განვითარება. ალბომში, გარდა ოჯახის წევრებისა და ნათესავებისა, წარმოდგენილია იმ ადამიანების პორტრეტები, რომლებიც ივანეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამა თუ იმ პერიოდში იყვნენ მისი თანამოაზრე-კოლეგა-მეგობრები. განსაკუთრებით საინტერესოა თავად ივანე ჯავახიშვილის მიერ გადაღებული ფოტოები, რომელთა ნეგატივები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება და ფართო საზოგადოებისთვის პირველად ქვეყნდება.
ღონიძიების ფარგლებში თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ხოვლეს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები გადასცა საჩუქრად.