Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი
17/10/2016

VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი თემაზე „საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში“ გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, უცხოელი მეცნიერები ფილადელფიის, ბოსტონის, იერუსალიმის, ბირმინგემის, ტოკიოს, ვარშავის, თეირანის, ვენეციის, ფრანკფურტის, ბრემენის, იენის, ნიურნბერგის, მაინცის, პარიზის, მადრიდის, ინსბრუკის, მოსკოვის, კიევის, რიზეს უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ცენტრებიდან, საქართველოს 16 უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან.
თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა საზღვარგარეთის ოცამდე უნივერსიტეტისა და კვლევითი ცენტრის, აგრეთვე საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს და საქართველოსთვის ქართველოლოგიური დარგების შესწავლასა და შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა: „ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიხსნა უნივერსიტეტში. ქართველოლოგიური კვლევის ტრადიციები დაკავშირებულია ივანე ჯავახიშვილთან, ნიკო მართან, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტთან. კარგია რომ ეს საქმიანობა გრძელდება, კონტაქტები შევინარჩუნეთ. დღეს გვაქვს საშუალება რომ ვუმასპინძლოთ უცხოეთში მომუშავე ქართველოლოგებს. წელს ოქსფორდში გაიხსნა ქართველოლოგიის ცენტრი და ეს არი დიდი მოვლენა ამ მიმართულებით. სიახლეებიც იქნება, ვაპირებთ რომ ძალიან ინტესიურად ვიმუშაოთ ციფრული ჰუმანიტარიის დარგში, აუცილებელია შეიქმნას ქართული ენის კორპუსი, რაც მოგვცემს საშუალებას რომ ქართველოლოგიის კვლევის დონე კიდევ უფრო ამაღლდეს.“
„განათლებისა და მეცნიერების განვითარება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, ვგულისხმობ დაფინასების გაზრდას, მეცნიერების მხარდაჭერას, უცხოეთში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობას. ვფიქრობ, რომ ქართველოლოგიური მეცნიერებები განსაკუთრებულ ყურდღებას მოითხოვს ჩვენგან. ამ მიართულებით გვაქვს ძალიან სერიოზული სკოლა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიოს ქართველოლოგები არიან დღეს აქ შეკრებილი და მინდა მათ წარმატებული ღონისძიება ვუსურვო,“- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
„ძალიან მიხარია ამ კონფერენციაში მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ქართველოლოგიური კვლევებისთვის; არამხოლოდ ენისა და ლიტერატურის, არამედ უფრო ფართო გაგებით. მე ვარ არქეოლოგი, ერთ-ერთ პროექტში ვმონაწილეობ, რომელიც არქეოლოგიის ინსტიტუტთან ერთად წამოვიწყეთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება,“-განაცხადა იენის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ანეგრეტ ლონტკე იუნინგმა.
ქართველოლოგიის მიმართულებით თსუ ჩართულია რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო თუ ეროვნულ პროექტში. არნოლდ ჩიქობავს ენათმეცნიერების ინსტიტუტი მუშაობს ქართულ დიალექტურ კორპუსზე, რომელიც პროექტის „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის“ ფარგლებში ხორციელდება. ქართული დიალექტური კორპუსი ქართული არამატერიალური კულტურის უპრეცედენტო ძეგლი იქნება. უნივერსიტეტი რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით. აქტიური თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ქართული ტექსტების მონაცემთა უდიდესი ბაზა, რომელიც ქართული ენის ეროვნული კორპუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მსოფლიოს ოცამდე უნივერსიტეტთან ერთად თსუ მონაწილეობს საერთაშორისო კონსორციუმში „სინოიკისი-ციფრული ჰუმანიტარია“, რომელშიც მონაწილეობენ ჰარვარდის, ტაფტის, ლაიფციგის და სხვა უნივერსიტეტები. პროექტი თსუ-ს სტუდენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ციფრული სიძველეთმცოდნეობის მიმართულებით საერთაშორისო სალექციო კურსებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია ევროპული ლიტერატურის სადოქტორო პროგრამაში, რომელსაც ბოლონიის უნივერსიტეტი რამდენიმე ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს. ამ პროგრამის კურსდამთვრებულებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხთან ერთად, პროგრამაში მონაწილე სხვა ევროპული უნივერსიტეტების დოქტორის ხარისხიც ენიჭებათ.
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს აკადემიური სექციები ქართველოლოგიური მეცნიერებების ყველა მიმართულებით: რუსთველი და რუსთველოლოგია, ივანე ჯავახიშვილი და ქართული ისტორიოგრაფია, ქართველური ენათმეცნიერება, შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა, ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურა, ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობები, არქეოლოგია, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური პერსპექტივები, ფოლკლორი, ეთნოლოგია, ქარტული ფილოსოფიის ისტორია, ქართული ხელოვნება. ქართველი და უცხოელი მეცნიერ-მკვლევრები წაიკითხავენ მოხსენებებს.
სიმპოზიუმი ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი 22 ოქტომბერს დასრულდება.