Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
მემორანდუმი თსუ-სა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის
25/04/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციების ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირების მიზნით თსუ-სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ მოაწერეს.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „ინოვაციები და მომავლისკენ ხედვა არის ის კრედო, რომელიც გააჩნდა ჩვენს უნივერსიტეტს დაარსების დღიდან. მემორანდუმი ხელს შეუწყობს პროექტების განხორციელებას, ცოდნის გადაცემის სისტემის აწყობას, სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, სტუდენტების ჩართვას სამეცნიერო კვლევებში, ინტელექტუალური რესურსის სწორ გამოყენებას.“
„მემორანდუმი დაეხმარება უნივერსიტეტში, სტუდენტებში ინოვაციების მაქსიმალურად დანერგვას, ინოვაციების ხელშეწყობას.

თსუ არა მარტო დიდი ისტორიის მატარებელია, არამედ დიდი მომავალია ჩვენი ქვეყნისთვის,“- აღნიშნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაზაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტური სტარტაპების ხელშემწყობი სივრცის შექმნას; სტუდენტებში ინოვაციური ბიზნესიდეების აღმოჩენისა და მათი სტარტაპ კომპანიებად განვითარების ხელშეწყობის მიზნით პრე-აქსელერატორის პროგრამის განხორციელებას; სტუდენტებისთვის ბიზნესტრენინგებისა და სემინარების ინტენსიური, მოკლევადიანი კურსების ჩატარებას; უნივერსიტეტის ბაზაზე ინოვაციური სტუდენტური ბიზნესინიციატივების აღმოჩენას და სხვა.