ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა "ვეფხისტყაოსნის" ახალი თარგმანების პრეზენტაცია. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა თსუ ბიბლიოთეკარებსა და ბიბლიოთეკაში მისულ სტუმრებს ბიბლიოთეკარის დღე მიულოცა და „ვეფხისტყაოსნის“ უცხო ენებზე თარგმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სხვადასხვა ერებს საშუალება აქვთ მშობლიურ ენაზე გაეცნონ ქართული ლიტერატურის მთავარ ძეგლს, ჩაწვდნენ მის შინაარსსა და სიბრძნეს,“- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში „ვეფხისტყაოსნის“ უმდიდრესი კოლექცია ინახება, მათ შორის, პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ - 1712 წელს ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი და სხვა უნიკალური გამოცემები, უცხო ენებზე გამოცემულები. დღეს ჩვენს კოლექციას შეემატა გერმანულ, ინგლისურ, არაბულ და ჩეჩნურ ენებზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნებიც“, - აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
,,ვეფხისტყაოსნის’’ ჩეჩნური გამოცემა წარადგინა საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველმა მექა ხანგოშვილმა. მისი თქმით, „ვეფხისტყაოსანი“ ჩეჩნურ ენაზე 1969 წელს თარგმნა ნურდინ მუზაევმა. იმდროინდელი გამოცემა თითქმის არ მოიპოვება საქართველოში. ამიტომ ხელახლა გამოიცა ეს თარგმანი.
”ვეფხისტყაოსნის“ ახალი, ლინ კოფისეული ინგლისური პოეტური თარგმანი წარადგინა გამომცემლობა „პოეზიის“ დირექტორმა ნატო ალხაზიშვილმა. მისი განცხადებით, „ეს პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით. ინგლისურ ენაზე აქამდე არსებული თარგმანები, მათ შორის, მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი - პროზაში იყო შესრულებული. ეს თარგმანი საშუალებას მისცემს ინგლისურენოვან მკითხველს „ვეფხისტყაოსნის“ სილამაზეც და სიბრძნეც შეიგრძნოს.“