ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის ხელმძღვანელობით ახალგაზრდულმა ექსპედიციამ ახალი კარსტული ჭა აღმოაჩინა. საველე მუშაობის დროს საექსპედიციო ჯგუფმა მოსახლეობისგან შეიტყო ინფორმაცია რომ ჭიათურის სოფელ სვერში, ცნობილი კოტიასკლდის მღვიმის სამხრეთით 400 მეტრის მოშორებით იყო კლდე, სადაც წყლის ხმა ისმოდა, აგრეთვე იყო ჩასასვლელი სავარაუდოდ იქ უნდა გადიოდეს კოტიასკლდის მღვიმიდან გამავალი ნაკადიც.
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით შეძენილი აღჭურვილობის გამოყენებით სპელეოლოგმა გიორგი ციცვიძემ და ლადო მუმლაძემ დალაშქრეს ,,დათას ჭად“ წოდებული ახალი სპელეოობიექტი, რომლის შესახებაც სამეცნიერო წყაროებში და კარსტული რელიეფის კადასტრში არანაირი ინფორმაცია არ იყო. გაიზომა კარსტული ჭის სიმაღლე, რომელიც 40 მეტრს შეადგენს, კარსტული ჭის ბოლოს მღვიმეში გაედინება ნაკადი, არის საინტერესო ნაღვენთი ფორმები: ლამაზი სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სტალაგნატები, მიწისქვეშა ტბები, გაედინება მიწისქვეშა მდინარე. უახლოეს მომავალში იგეგმება კომპლექსური კვლევითი ექსპედიცია, მოხდება ბუნებრივი გვირაბების შესწავლა, აგრეთვე მოხდება გამავალი ნაკადის შესწავლა სპეციალური ხსნარებით, რათა დადგინდეს კავშირი კოტიასკლდესთან აგრეთვე გამავალი ნაკადის მიწისზედაპირზე გამოსვლის ადგილის შეფასება-შესწავლა მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პირველად მოხდა კარსტული რელიეფის მიწისქვეშა წარმონაქმნის ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, მარკირება.
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი - სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ხვალინდელი დღე“ და ხელმძღვანელობს თსუ ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში სპელეოგიდის სერვისის გაუმჯობესებას და მოემსახურება ვიზიტორების უსაფრთხოდ გადაადგილებას ზემო იმერეთის მღვიმეებში, ასევე ითვალისწინებს მანიშნებლების და ბანერების დამონტაჟებას, გაუწევს პოპულარიზაციას სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმდინარეობას.