20 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ” (Humboldt-Kolleg) გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ჰუმბოლდტის ფონდის დეპარტამენტის თავმჯდომარე შტეფენ მელიხი, ბერლინის არქეოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენელი ჯონი აფაქიძე, საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი, კონფერენციის ორგანიზატორი პროფესორი ალექსანდრეკარტოზია. მონაწილეთა წინაშე მოხსენებებით წარდგებიან ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატები თამაზ გამყრელიძე (საქართველო), კონსტანტინ აზადოვსკი (რუსეთი) და ანილ ბჰატი (ინდოეთი).
კონფერენციის თემაა “გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში”. ღონისძიებაში მონაწილეობდა 102 მომხსენებელი 12 ქვეყნიდან (აშშ, ბულგარეთი, გერმანია, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა).
საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი 30-ზე მეტ წევრს ითვლის. კლუბის წევრები არიან ქართველი მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატები ან ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატები. კლუბის წევრებს შორის არიან აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, პროფესორი ლევან იზორია, საქართველოს ელჩი გერმანიაში პროფესორი ლადო ჭანტურია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პროფესორი მერაბ ტურავა, სოხუმის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი პროფესორი ჯონი აფაქიძე და სხვა საქართველოში თუ საქართველოს გარეთ მომუშავე მეცნიერები.