25 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017"-ის ფარგლებში თელავში გამართულ სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილეობა. თსუ-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა სახალისო ექსპერიმენტები ჩაატარეს და ვიქტორინები გამართეს.
"ჩვენ წარმოვადგინეთ საჩვენებებელი ექსპერიმენტი, ეს არის პატარა ექსპერიმენტი მდგარ ტალღაზე, სადაც პირველკურსელები სწავლობენ, როგორ აიღონ ანათვლები, ათვალონ ცდომილება და სხვა. ამის შემდგომ უკვე სერიოზულ ექსპერიმენტებზე გადადიან,“- აღნიშნა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტმა ცოტნე დადიანმა.
ფესტივალის ფარგლებში თსუ-ს ორგანიზებით მრავალი სამეცნიერო კონფერენცია, საერთაშორისო კონგრესი, სამეცნიერო პროდუქცის გამოფენა, სამეცნიერო ექსპერიმენტები, ექსკურსია თუ საჯარო ლექცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის საშუალება სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს ექნება.
მათ შორის 29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იხსნება SMART ლაბორატორია, რომელიც იქნება თსუ-ს, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტის ტროპოსფეროს (FZJ IEK-8) ლაბორატორიის, დედაქალაქის მერიისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი. ლაბორატორია სპეციალიზებული იქნება ატმოსფეროს ანალიზებზე, რომელიც მოიცავს ატმოსფეროს ქიმიურ ანალიზს, ასევე შედეგების მათემატიკურ დამუშავებას და ატმოსფეროს მდგომარეობის მატემატიკური მოდელის შექმნას. AtmoSim ლაბორატორია იქნება IEK-8 (იულიხის ლაბორატორიის) შესაბამისი ანალოგი.
სამეცნიერო ფესტივალი 8 ოქტომბერს დასრულდება.