ოცზე მეტი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი და ორასამდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციას სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრნენ. კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა, ევროკავშირის პროექტის “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა”, B&S Europe -ს დირექტორი რაფაელ კომენჟი.
ღონისძიების გახსნაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, თსუ პროფესორი ნოდარ ხადური გამოვიდა წინადადებით - შეიქმნას ფორუმი „თბილისის კონკურენციის ინიციატივა“, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. „ამ მასშტაბის და ამ მიმართულების პირველი კონფერენცია ტარდება საქართველოში. შევეცადეთ, რომ ქართული თეორიული გამოცდილება, ასევე ევროპული და მსოფლიო თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ და ჩვენ მეგობრებს დაუგროვდათ, ერთმანეთში გავცვალოთ, რათა პრაქტიკული შედეგები მივიღოთ იმისა, თუ როგორი უნდა იყოს კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკა ჩვენი ტიპის ქვეყნებში,“- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
„კონფერენციაზე განიხილება ბევრი მტკივნეული საკითხი, როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. ძალიან კარგია, რომ საქართველო გახდა სამაგალითო ქვეყანა ბევრი ქვეყნისთვის. ფორმატი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, რადგან იძლევა საშუალებას, რომ ის საქმეები, რომელიც პრაქტიკულად ხორციელდება ეკონომიკურ სფეროში, შეჯერებული იყოს იმ ცოდნასთან რომელიც აქვთ მეცნიერებს. ეს არის დიალოგი მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის და მნიშვნელოვანია, რომ თსუ მასპინძლობს ასეთ დიდ შეკრებას“, - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და ბელარუსის, ესტონეთის, ლატვიის, მოლდოვას და რუმინეთის კონკურენციის უწყებებს შორის.
ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნების გამოცდილებაზე სამართლიანი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის პროცესში, კონკურენციის გაუმჯობესების გზებზე, თუ როგორ ხდება კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება რეგულირებად სფეროებში, კონკურენციაზე სახელმწიფო შესყიდვებში, ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირებასა და კონკურენციის პოლიტიკის ხარვეზებსა და მათი დაძლევის გზებზე.
პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, IOS Partners, Inc და საქართველოს კონკურენციის ინსტიტუტი.