Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
საერთაშორისო მასტერკლასები ნაწილაკების ფიზიკაში
06/03/2018


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან – ცერნთან (CERN) თანამშრომლობით გაიხსნა საერთაშორისო მასტერკლასები ნაწილაკების ფიზიკაში. თბილისში ღონისძიების ორგანიზატორია თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი.
მასტერკლასების პროგრამაში ჩართულია 52 ქვეყანა, 200-ზე მეტი უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი. პროგრამა 15-19 წლის  ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს ერთი დღის განმავლობაში თავი რეალურ მეცნიერებად იგრძნონ და ამოხსნან ნაწილაკების ფიზიკის საიდუმლოებები ცერნის დიდი ადრონული ამაჩქარებლით (LHC) მიღებული ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზით.
ღონისძიების გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრო. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე მეცნიერებაში - თანამედროვე ფიზიკაში ჩაერთონ. „ახალგაზრდები ეცნობიან რეალურ მონაცემებს ატლასის ექსპერიმენტის წარმომადგენლებისგან, მათ შეუძლიათ თავად აღმოაჩინონ ჰიგსის ბოზონი, გაეცნონ პროტონის სტრუქტურას და ა.შ. დღის ბოლოს ბერნის უნივერსიტეტიდან იქნება ჩართვა და ჩვენი ახალგაზრდები თავიანთ აღმოჩენებს შეაჯერებენ,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.
ექსპერიმენტებში მონაწილე მეცნიერებმა წაიკითხეს ლექციები  მატერიის და ძალების ფუნდამენტური გამოკვლევების მეთოდების შესახებ. მსგავსი ლექციები აძლევს მოსწავლეებს და სტუდენტებს თვითონ განახორციელონ გაზომვები ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტების რეალურ მონაცემებზე. 
საერთაშორისო მასტერკლასის ერთ-ერთი მონაწილე „კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის“ სკოლის მოსწავლე გიორგი ასათიანი დაინტერესებულია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკით და გადაწყვეტილი აქვს თსუ-ს ფიზიკის მიმართულებაზე ჩააბაროს. „ძალიან ბევრი რამ შევიტყვე ცერნის შესახებ. დამაინტერესა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის თემამ და ვფიქრობ, გავყვე ამ მიმართულებას, რაშიც ძალიან დიდი როლი ზუსტად ამ პროგრამამ ითამაშა,“ - აღნიშნა გიორგი ასათიანმა.
დიდი ადრონული ამაჩქარებლის ერთ-ერთმა ექსპერიმენტმა - ATLAS -მა,  ხელმისაწვდომი გახადა თავისი მონაცემები საერთაშორისო მასტერკლასებისთვის საგანმანათლებლო გამოყენების მიზნით. მასტერკლასებში მონაწილე ახალგაზრდები იმუშავებენ ATLAS  ექსპერიმენტის რეალურ მონაცემებთან, რათა გაიგონ მეტი W და Z ბოზონების შესახებ, შეისწავლონ პროტონის შიდა სტრუქტურა, თავად მოძებნონ და აღმოაჩინონ ახალი ნაწილაკი – ჰიგსის ბოზონი, რომლის არსებობაც 2012 წელს იქნა დადასტურებული დიდი ადრონული ამაჩქარებელის ATLAS  და CMS ექსპერიმენტების მიერ.
6 და 10 მარტს  თსუ-ს პარალელურად მასტეკლასები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში იმართება. ღონისძიების ყოველი დღის დასასრულს, მსგავსად საერთაშორისო თანამშრომლობაში (კოლაბორაციაში) მონაწილე მეცნიერებისა, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მონაწილეები ცერნის მოდერატორებთან ერთად ერთმანეთს დაუკავშირდებიან ვიდეო კონფერენციის საშუალებით. განიხილავენ თავიანთ შედეგებს და გააერთიანებენ მათ,  ჩაატარებენ ვიქტორინას, რის შემდეგაც ახალგაზრდებს გადაეცემათ საერთაშორისო მასტერკლასებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.