Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საკვები და მცენარეული საფარი ძვ.წ. V-IV სს-ის ქართლში – გრაკლიანი გორის აღმოჩენების მიხედვით

გრაკლიან გორაზე, რომელიც სოფ. იგოეთის, სამთავისისა და გამდლისწყაროს არეალში მდებარეობს, თსუ მეცნიერები უკვე წლების განმავლობაში მუშაობენ. გორაზე აღმოჩენილი 10 კულტურული ფენა ქვის ხანიდან რომაულ ხანამდე პერიოდს მოიცავს.

„არქეოლოგია არა მხოლოდ საზოგადოების მიერ მისი განვითარების მანძილზე შექმნილი მატერიალური ნაშთების კვლევას და ისტორიულ ინტერპრეტაციას ახდენს, არამედ კონკრეტული ეკოგარემოს თუ ზოგადად ბუნების განვითარების ზოგიერთი ასპექტის შესწავლასაც უწყობს ხელს. ეს დარგი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს მოიპოვოს ინფორმაცია ისეთი საკითხების კვლევისთვის, როგორიცაა დედამიწის მაგნეტიზმი, ფლორისა და ფაუნის ევოლუცია, პალეოკლიმატი და სხვა. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, არქეოლოგია იყენებს სხვადასხვა სახის ტექნიკურ მეთოდებს, რომელთა შორისაა დედამიწის დისტანციური კვლევა (ზონდირება), გეოფიზიკური ძიება, სხვადასხვა ქიმიური, ფიზიკური, ჰიდროქიმიური და გეოქიმიური შედარებითი ანალიზი, სამედიცინო-მოლეკულური კვლევა, სტატისტიკურ-მათემატიკური მეთოდები და სხვა“, – ასე განმარტავენ თსუ მეცნიერები არქეოლოგიის არსს.

გრაკლიან გორაზე, რომელიც სოფ. იგოეთის, სამთავისისა არეალში მდებარეობს, თსუ მეცნიერები უკვე წლების განმავლობაში მუშაობენ. გორაზე აღმოჩენილი 10 კულტურული ფენა ქვის ხანიდან რომაულ ხანამდე პერიოდს მოიცავს. ამ ნამოსახლარ-სამაროვანზე (თსუ-ს არქეოლოგების მიერ უკვე გათხრილია 300 მეტი სამარხი) მიკვლეულია როგორც ადგილობრივი წარმოების ინვენტარი (თიხის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს), ისე ძველი სამყაროს სრულიად განსხვავებული ცივლიზაციის ცენტრებში დამზადებული ნივთები. ესენია: უძველეს ურბანულ ცენტრში-ურუკში (სამხრეთ მესოპოტამია) დამზადებული ძვ.წ. 4-3 ათასწლეულების საბეჭდავები, აქემენიდურ ირანსა და საბერძნეთში დამზადებული სამკაულ-აქსესუარები და სანელსცხებლები, კოლხური კერამიკული ნაწარმი და სხვა.

■ თსუ-ის ექსპედიციებს დადასტურებული აქვთ, რომ კოსმეტიკური საშუალებები ჯერ კიდევ ძვ.წ. XVI საუკუნეში გამოიყენებოდა. ქოთნებით მიცვალებულს ხორბლის, კაკლის, თხილის, ასკილის, წიფლის ნაყოფების, ყურძნის და სხვა პროდუქტის მარაგს ატანდნენ. კოჭობებში კი მომზადებულ კერძებს ათავსებდნენ.

სხვა სამუშაოების პარალელურად გრაკლიანზე მოპოვებული კერამიკული ნაწარმის კონკრეტული ფუნქციის, აქ მცხოვრებთა ყოველდღიური ყოფის დეტალების, კვების რაციონისა და დაკრძალვის რიტუალის დასაზუსტებლად, თსუ არქეოლოგებმა სამარხებში აღმოჩენილი სხვადასხვა კერამიკული ფორმების (ჯამები, ქოთნები, დოქები და სხვა) პალინოლოგიური ანალიზი 2012 წელს დაიწყეს და მუშაობას ეროვნული მუზეუმის პალეობოტანიკის ინსტიტუტთან ერთად დღემდე აგრძელებენ. მსგავსი პალინოლოგიური (პალინოლოგია – მცენარეთა მტვრის მარცვლისა და სპორის შემსწავლელი ბოტანიკის დარგი) კვლევები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქვს ჩატარებული და მიღებული შედეგები ყველა შემთხვევაში ძალზე საინტერესო და ახალი ინფორმაციის შემცველია.

ამჟამად წარმოდგენილია იმ ინტერდისციპლინარული გამოკვლევის შედეგი, რომელიც ერთობლივად ჩაატარეს პროფესორებმა ვახტანგ ლიჩელმა და ელისო ყვავაძემ.

გრაკლიან გორაზე ზოგადად, გამოკვლეული მასალა მწირი აღმოჩნდა, თუმცა, 25 სამარხიდან აღებულ 32 ნიმუშში, მაინც აღმოჩნდა ანალიზისთვის საკმარისი რაოდენობის მიკრონაშთი. ბუნებრივია, სხვადასხვა ტიპის ჭურჭლის შიგთავსის პალინოლოგიური სპექტრი განსხვავებული იყო.

ექსპედიციების უცვლელი ხელმძღვანელის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, სრული პროფესორის ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, „გათხრებისას განსაკუთრებით მდიდარი და საინტერესო მასალა აღმოჩნდა №№31, 33, 148, 205, 242, 194 სამარხების ჯამების შიგთავსებიდან. აქ დათვლილია 200-450-მდე პალინომორფი. დომინირებს კაკლის და რცხილას მტვერი. მცირე რაოდენობით აღინიშნება მუხის, ფიჭვის, წიფლის, ცაცხვის, ჯაგრცხილას და ველური ვაზის მტვრის მარცვლები. ბალახოვნებიდან ბევრია ადამიანის სახლთან არსებული ეზოს, ბილიკების და სანაგვეების სარეველები: ვარდკაჭაჭა, ფარსმანდუკი, მრავალძარღვა, ღორის ბირკა, ავშანი და სხვა. სუსტად, მაგრამ მაინც აისახა ხორბლის ყანების სარეველა მცენარეულობის ელემენტები. ნაპოვნია ხორბლის, ნარის, წიწიბურას და ნაცარქათამას მტვრის მარცვლები. უფრო ნაკლებია საძოვრების სარეველების მტვრის ნიმუშები. ხორბლის კულტურის განვითარების ერთ-ერთი დასტურია გათხრებისას აღმოჩენილი ასეულობით ხელსაფქვავი. ერთ-ერთ სათავსოში მოწყობილ მცირე წისქვილში, რომელიც ძვ. წ. V-IV საუკუნეებში ფუნქციონირებდა, სამი ქალი ერთი დღის მანძილზე 30 კგ ფქვილს იღებდა განუწყვეტელი შრომის ფასად. ეს საკმაოდ მძიმე შრომა იყო, რადგან ხორბლის დაფქვა ხდებოდა ქვის ზედა დოლაბის ქვედაზე (რომელზეც ხორბალი იყრებოდა) წინ და უკან ხელით სრიალით“.

თსუ მეცნიერის თქმით, საინტერესოა, რომ ჯამების მხოლოდ განხილულ ნიმუშში აღმოჩენილია ფრინველის ბუმბულის ნაშთი. საერთოდ, ფრინველის ხორცს მიცვალებულებს იშვიათად ატანდნენ, ისევე როგორც ღორის ხორცს. ძირითადად, იმქვეყნიურ საგზლად გამოყენებულია მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი. ღორი არ შეიწირებოდა, რადგან ვერ გადადიოდა იმქვეყნად მიმავალ ხიდზე და მიცვალებულამდე ვერ აღწევდა.

საანალიზოდ შერჩეული ჭურჭლიდან გამოკვლეულია სულ 11 ქოთნის შიგთავსი, სადაც საშუალოდ ითვლებოდა 200-დან 400-მდე პალინომორფი. თუმცა მტვრის მარცვლების დაცულობა და მათი კონცენტრაცია, სახეობრივი შემადგენლობა, ქოთნებში უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე ჯამებში.

„№148 სამარხში, ზემოთ ნახსენები ჯამის გარდა, აღმოჩენილია კოჭობი, რომლის შიგთავსის პალინოლოგიური სპექტრი სრულიად სხვა ტიპისაა. კოჭობში უხვადაა წარმოდგენილი ბაიას და ხორბლის მტვრის მარცვლები. ნაპოვნია კაკლის მტვრის მარცვალიც. აღსანიშნავია, რომ პალინოლოგიურ სპექტრში ბევრია თაფლოვან მცენარეთა მტვრის მარცვლები. არაპალინოლოგიურ ნაშთებში კი ნაპოვნია ფუტკრის ბუსუსები. კოჭობში მოთავსებული იყო ხორბლისა და ბაიას ფოთლების ან ყვავილებისგან დამზადებული ტკბილი თაფლიანი ულუფა, წანდილის მაგვარი, სადაც კაკალიც იყო ჩაჭრილი. ბაიას ყვავილი ან ფოთოლი კი სურნელად იყო გამოყენებული. №211 სამარხში აღმოჩენილ დოქის სპექტრებში მტვერი ცოტაა. ნაპოვნია ტექსტილის ბოჭკო. სელი ბამბაზე მეტია. განხილული სპექტრების მიხედვით დოქი ახალი და ცარიელი უნდა ყოფილიყო. იგი დანაგვიანებულია სამარხის ნგრევისას ჩამონაყარი მიწით“, – აცხადებს ელისო ყვავაძე.

№139 სამარხის ინვენტარის კვლევის შედეგად ამოღებული დოქის პალინოლოგიური ანალიზისას აღმოჩენილია ბევრი ხის მერქნის უჯრედი, სავარაუდოდ, ხის საცობის ნაშთი, ასევე თაფლოვან მცენარეთა მტვერი, მათ შორის მატიტელა, ღიღილო, წიწიბურა და სხვა. არის ეზოს სარეველები. ხე-მცენარეთაგან მხოლოდ ფიჭვი და კაკალი აღინიშნება. ზოოლოგიურ მასალაში ნაპოვნია ფუტკრის ბუსუსი, რაც თაფლოვან მცენარეთა მტვერთან ერთად ადასტურებს დოქში თაფლუჭის არსებობას. საცობის არსებობის აუცილებლობაც ხელადაში მოთავსებული ალკოჰოლური სასმისით უნდა ყოფილიყო განპირობებული. „ეს საყურადღებო ფაქტია, რადგან თაფლუჭის არსებობა იმის მანიშნებელია, რომ ქართლის მოსახლეობა ძვ. წ. V-IV საუკუნეებში ღვინოსთან ერთად (გრაკლიანზე საღვინე ქვევრებიც არის აღმოჩენილი) ამ ალკოჰოლურ სასმელსაც იყენებდა. რაც შეეხება დოქებს და ხელადებს, ზაფხულში მიცვალებულებს უმეტესად დოქით სასმელ წყალს ატანდნენ, ზამთარში კი – თაფლუჭს. ეს იმას ნიშნავს, რომ გრაკლიანზე მცხოვრებთათვის იმქვეყნიური სამყარო რეალური იყო და შესაბამისად, ზაფხულში წყლისა და ზამთარში ალკოჰოლის გამოყენება მიცვალებულთათვისაც ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნდათ“. – აღნიშნავს ვახტანგ ლიჩელი.

№217 სამარხში, მის ძირზე აღმოჩენილ მუქი ფერის ლაქის არეში აღებულია ნიმუში, რომელშიც ჭარბობს სელის ტექსტილის ბოჭკო. მუქი ფერის ლაქა სავარაუდოდ სელის დაშლილი ქსოვილია, ყავისფერი საღებავის ნაშთებით. ნაპოვნია ბამბის 2 ბოჭკო. მცენარეთა მტვრის მარცვლები, გარდა ფიჭვისა, არაა აღმოჩენილი. საინტერესოა, რომ ამ მიდამოებში დღეს ფიჭვის ტყეები არ ჩანს, მაშინ, როდესაც 2500 წლის წინანდელ არქეოლოგიურ/პალინოლოგიურ ნაშთებში იგი დიდი რაოდენობით გვხვდება.

პროფესორ ელისო ყვავაძის თქმით, ჭურჭლის სხვადასხვა ტიპის პალინოლოგიურმა სპექტრებმა აჩვენა, რომ ჯამები ძირითადად სამკურნალო მცენარეული საშუალებებისა და საჭმლისთვის იყო განკუთვნილი.

№217 სამარხი ეკუთვნოდა 21-22 წლის ქალს, რომელსაც ჩატანებული ჰქონდა ვერცხლის სამაჯურები, ეგვიპტური სკარაბეოიდი, აქემენიდური კოლტუბი (თვალების შესაღები ფხვნილისათვის განკუთვნილი მინის ჭურჭელი), ოქროს მძივები. საზოგადოდ, კვლევის მონაწილე მეცნიერთა განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციებს დადასტურებული აქვთ, რომ კოსმეტიკური საშუალებები ჯერ კიდევ ძვ. წ. XVI საუკუნეში გამოიყენებოდა. ქოთნებით მიცვალებულს ხორბლის, კაკლის, თხილის, ასკილის, წიფლის ნაყოფების, ყურძნის და სხვა პროდუქტის მარაგს ატანდნენ. კოჭობებში კი მომზადებულ კერძებს ათავსებდნენ. ამის კარგი მაგალითია №37 სამარხი, სადაც ქოთანში კაკლის მარაგი იყო მოთავსებუ-ლი, ხოლო კოჭობში ხორცის კერძი. №148 სამარხში, ქოთანში ხორბლის მარაგი იყო, კოჭობში კი – ხორბლის ტკბილი ულ-უფა.

როგორც გრაკლიანი გორაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად თსუ მეცნიერები ასკვნიან, ადგილობრივი მოსახლე-ობა ძვ.წ. V-IV სს ძირითადად, სელის ტექსტილს ხმარობდა. უფრო იშვიათად ბამბის ქსოვილს. შალის ბოჭკო კი ნაპოვნია მხოლოდ №10 სამარხში. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ შალის ქსოვილი ზოგადად ძალზე ცუდად ინახება.

ჯერჯერობით არ არის გათხრილი იმ რაოდენობის სამარხი, რომ მეცნიერებმა სიკვდილიანობის ზუსტ სეზონურ სტატის-ტიკაზე იმსჯელონ, თუმცა არსებული მასალის მიხედვით, ისინი ასკვნიან, რომ ზამთარში სიკვდილიანობა მეტი იყო: 25 სამარხის მიცვალებულებიდან ზაფხულში დაიკრძალა მხოლოდ – 9, დანარჩენი კი – წლის ცივ პერიოდში.

ძვ.წ. V-IV საუკუნეების ქართლში (გრაკლიანი გორის აღმოჩენების მიხედვით) საკვები და მცენარეული საფარის შესახებ გაკეთებული აღმოჩენების შედეგებზე თსუ მეცნიერთა მიერ უკვე ჩატარდა პრეზენტაციები: 2013 წლის ნოემბერში ლეიდენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები), 2014 წლის მარტში ნიუნბერგის ბუნების და ისტორიიის საზოგადოებაში და იმავე წლის ივნისში იენას უნივერსიტეტში (გერმანიის ფედერაცია).