ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ივერონის მონასტერი ოსმალეთის იმპერიის დროს
რა ადგილი ეკავა და რა როლს თამაშობდა ათონის მთაზე (საბერძნეთში) მდებარე ქართული – ივერონის მონასტერი კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა თსუ მეცნიერის კვლევა „ივერონის მონასტერი ოსმალეთის იმპერიის დროს“. კვლევა 2013 წელს დაიწყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის თამარ ალფენიძის მიერ. კვლევის ავტორი, ერთი სემესტრის განმავლობაში, თურქეთის რესპუბლიკაში სტამბოლში, ქოჩის უნივერსიტეტთან არსებულ ანატოლიური ცივილიზაციების კვლევით ცენტრში მუშაობდა – აქ ამუშავებდა ათონის მთაზე არსებული ქართული მონასტრის – ივერონის მონასტრის შესახებ სტამბოლის არქივებში დაცულ ოსმალურ წყაროებს.
„ისტორიის შეფასება თანამედროვეობის პრობლემების გადასაწყვეტად და მომავლის განსასაზღვრადაა მნიშვნელოვანი. ამ მხრივ ივერონის მონასტერი, მისი დაარსება და არსებობა ათონის მთაზე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილია. სინას მთაზე, შავ მთასა და ათონის მთაზე ქართველების მოღვაწეობა და ჩვენი ურთიერთობა ამ სამ საგანმანათლებლო კერასთან საქართველოს ისტორიის განვითარების ხაზს ხსნის“. – ამბობს თამარ ალფენიძე.
ათონის მთის ივერთა მონასტერი
ისტორიული ქართული მონასტერი. მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე, აიონ-ოროსის ვიწრო, გრძელი და მთაგორიანი ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ათონის მთის ქვედა კალთაზე, ეგეოსის ზღვის პირას. დაარსდა 980-983 წლებში.
როგორც მკვლევარი განმარტავს, ოსმალურ პერიოდში ივერონის მონასტრის ისტორია საქართველოში აქამდე არავის გამოუკვლევია. კვლევის ძირითადი საიხლე მონასტრის ისტორიაზე მოძიებული და დამუშავებული XIX საუკუნის მეორე ნახევრის და XX საუკუნის დასაწყისის წყაროები და მათში არსებული ინფორმაციაა მონასტრის მდგომარეობის შესახებ. უცხოეთშიც უშუალოდ ზემოხსენებული პერიოდის ივერონზე კვლევა არ არსებობს, რადგან ბუნებრივია უცხოელი მკვლევრები მხოლოდ ამ ერთი ქართული მონასტრით არ დაინტერესდებოდნენ. არსებობს ათონის მთის სხვადასხვა მონასტრის, მათ შორის ივერონის მონასტრის შესახებ დამუშავებული მონაცემები, რომელიც გაფანტულია სხვადასხვა ნაშრომებში.
კვლევის ავტორი მის ხელთ არსებულ წყაროებში მოკვლეული ინფორმაცის მიხედვით ასკვნის რომ, ათონის მთაზე რიგით მესამე მონასტრის მდგომარეობა სავალალო იყო.
რადგან ეს სამეცნიერო პროექტი ქართული მონასტრის ისტორიის შესწავლის პირველი მცდელობა იყო. შემდგომი მუშაობისთვის მასალის შეგროვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მკვლევრის ძირითადი სამიზნე სტამბოლში მდებარე პრემიერ-მინისტრის (Başbakanlik arşivi) და თოფქაფის სასახლის არქივები იყო. გარდა ამისა საშუალება ჰქონდა, მოეპოვებინა ოსმალური წყაროები საკადასტრო რეესტრის არქივში (ქ. ანკარა).
როგორც თამარ ალფენიძე აცხადებს, პრემიერ-მინისტრის არქივში მოპოვებული 1000 წყაროზე მეტი (დავთრების ჩათ-ვლით) ათონის მთაზეა. მათი შესწავლის შედეგად ათონზე არსებული მონასტრების ყოფა და ერთმანეთს შორის ურთიერთობა დადგინდება. ეს წყაროები მეტწილად XIX-XX საუკუნეებს მოიცავს, თუმცა მათ შორის არის XVIII საუკუნის დავთრებიც, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას მონასტრების კუთვნილებების შესახებ. გარდა ამისა, ამ არქივებშია ასევე 50-ზე მეტი წყარო ივერონის მონასტერზე ორ იერარქიულად მაღლა მდგომი ლავრასა და ვატოპედის მონასტერების შესახებ.
თოფქაფის სასახლის არქივში მოპოვებულ წყაროებზე, 50 დავთარზე დაყრდნობით ირკვევა თუ რა გადასახადები ჰქონდა დაკისრებული ზოგადად ათონის მთის მონასტრებს. ნათელი გახდა, რომ ივერონის მონასტერი XIX საუკუნეშიც არა მარტო გავლენით და მნიშვნელობით, არამედ სიმდიდრითაც, ინარჩუნებს XII-XIV საუკუნეების შემდეგ მიღებულ მესამე მონასტრის ადგილს ათონის მთაზე.
უფრო კონკრეტულად საუბარი, თუ რა სიმდიდრეს ფლობდნენ ათონის მთაზე მდებარე მოანსტრები და მათ შორის – ივერიონის მონასტერი, საკადასტრო არქივში დაცული წყაროების საშუალებით არის შესაძლებელი: 500 წყაროზე მეტი მოიცავს ინფორმაციას ათონის მთის გადასახადების შესახებ XVI-XX საუკუნეებში. ეს არის მონასტრების ქონების დეტალური აღწერითი დავთრები.
ივერონის მონასტრის ისტორიის ოსმალეთის პერიოდის შესწავლისას მეცნიერი დარწმუნდა, რომ სურათის უფრო მეტი სისრულისათვის, ამ თემის კვლევა თურქეთის გარდა ასევე საბერძნეთის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის, უკრაინის, მოლდოვის არქივებში უნდა წარმოებდეს. კერძოდ, ამ და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსტიტეტების ბიბლიოთეკებში, სადაც მოიპოვება ათონის მთის შესახებ სტატიები, წიგნები, ატლასები. უმჯობესია მომზადდეს მკვლევართა ჯგუფი, რომლის წევრებს ჩამოთვლილი ქვეყნების ენის გარდა ინგლისური და ოსმალური ენები ეცოდინებათ და ოსმალური წყაროების დამუშავება შეეძლებათ.
„საარქივო მასალის გარდა, შევისწავლე რუკები და ატლასები, საიდანაც გამოვლინდა, რომ XX საუკუნის დასაწყისში ივერონი ჯერ კიდევ ფლობს ორ თავის მეტოქს (ეპისკოპოსთა დროებითი სადგომი) დღევანდელი სერბეთის ტერიტორიაზე. მუშაობის პროცესში ნათელი გახდა, რომ ქართული მონასტერი დაკავშირებული იყო არა მხოლოდ საკუთრივ საქართველოსთან, ოსმალეთის იმპერიასთან, არა მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, არამედ საბერძნეთთან, რუსეთთან, უკრაინასთან, მოლდავეთთან, ბულგარეთთან. ყველა ამ ქვეყანაში ინახება დიდი რაოდენობით წყარო ივერონის მონასტერთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვს შესწავლას“.
განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია 2013 წლის 29 მარტს ქოჩის უნივერსიტეტთან არსებულ ანატოლიური ცივილიზაციების კვლევითი ცენტრის მინი სიმპოზიუმზე მოხდა. „The Georgian Monastery of Iviron after the fall of the Bysantine Empire).