Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ლაფერ-კენზიანური სინთეზი და მაკროეკონომიკური წონასწორობა

2014 წელს ამერიკულმა გამომცემლობა NOVA-მ  ნიუ-იორკში  გამოსცა ქართველი ეკონომისტების, თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას და თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის, ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელის  იური ანანიშვილის წიგნი – „ლაფერ-კენზიანური სინთეზი და მაკროეკონომიკური წონასწორობა“, რომელსაც ცნობილი ეკონომისტები – როტჯერსის ბიზნესის სკოლის პროფესორი ფაროხ ლანგდანა, ოკლაჰომას უნივერსიტეტის პროფესორი ლუის ედერინგტონი და მოსკოვის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის მთავარი მეცნიერთანამშრომელი,  პროფესორი ევგენი ბალაცკი უწევდნენ რეკომენდაციას. წიგნი „ლაფერ-კენზიანური სინთეზი და მაკროეკონომიკური წონასწორობა“ ზოგადი მაკროეკონომიკური კანონზომიერებებით დაინტერესებულ სპეციალისტებსა და მკითხველებს  დეხმარება იმის ახსნასა და გარკვევაში, თუ რა როლს ასრულებს გადასახადები ეკონომიკის ფუნქციონირების პროცესში.

„ორივე ავტორს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ თანამედროვე პირობებში წარმატებული კვლევა ეკონომიკაში ნაკლებადაა შესაძლებელი რაოდენობრივი ანალიზის მეთოდების გამოყენების გარეშე. ასეთი მეთოდები არამარტო აადვილებს აბსტრაქტულ აზროვნებას, არამედ ექსპერიმენტირების საშუალებასაც იძლევა. სამწუხაროდ, ზოგიერთი სფეროს მკვლევრებისგან, მაგალითად, ფიზიკოსებისა და ქიმიკოსებისგან განსხვავებით, ეკონომისტებს რეალური ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება არ გაგვაჩნია. ამიტომ ჰიპოთეზებისა და შედეგების დასაბუთებისთვის ხშირად მივმართავთ სწორედ ეკონომიკურ-მათემატიკურ მოდელებს და მათ საფუძველზე რეალური ან პირობითად რეალური მონაცემებით ვახორციელებთ სცენარებისა და ვარიანტების გათამაშებას. ამ მიდგომამ წიგნში ასახული შედეგების მიღებასა და ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“, – აღნიშნავენ იური ანანიაშვილი და ვლადიმერ პაპავა.

 

კვლევის შედეგი ადასტურებს იმას, რომ ერთობლივ მოთხოვნაზე საგადასახადო ტვირთის ზრდის ზემოქმედება ყოველთვის ისე ცალსახად უარყოფითი არ არის, როგორც ეს კანონიკური სახით  ეკონომიკის თანამედროვე სახელმძღვანელოებშია წარმოდგენილი. გადასახადების ზრდა ხელისუფლების მხრიდან შეიძლება მიზანმიმართულად იქნას გამოყენებული, როგორც წამახალისებელი, ასევე დამმუხრუჭებელი ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად.

 

 

კვლევის ავტორების განცხადებით, ეკონომისტებს უკვე რამდენიმე ათეული წელია აინტერესებთ როგორი უნდა იყოს ეკონომიკისთვის მისაღები საგადასახადო ტვირთი, ანუ შექმნილი პროდუქტის რა ნაწილი, რამდენი პროცენტი უნდა მიჰქონდეს სახელმწიფოს გადასახადის სახით და რა ნაწილი უნდა რჩებოდეს კერძო სექტორს, რომ ეკონომიკა ფუნქციონირებდეს მაქსიმალურად ეფექტიანად. თუ გადავხედავთ მსოფლიო პრაქტიკას, ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ ამოღებული გადასახდების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 50 პროცენტის ფარგლებშია, ზოგიერთში თითქმის ორჯერ ნაკლები, მაგალითად, საქართველოში 26-27 პროცენტს შეადგენს. არის თუ არა ეს მაჩვენებელი ამა თუ იმ ქვეყნისათვის სასურველი? იქნებ უფრო მაღალი ან დაბალი უნდა იყოს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მრავალი მოდელი და ნაშრომია შექმნილი. ქართველმა მეცნიერებმაც – იური ანანიაშვილმა და ვლადიმერ პაპავამ თავდაპირველად კვლევა სწორედ ერთ-ერთი ასეთი ორიგინალური მოდელის შექმნისა და გამოყენების მცდელობით დაიწყეს. მაგრამ, როგორც იური ანანიაშვილი აღნიშნავს, პრობლემა იმაზე გაცილებით უფრო რთული, მრავალმხრივი და საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ეს სხვა მკვლევარ ეკონომისტებს მიაჩნდათ. საჭირო გახდა პრობლების კომპლექსური შესწავლა და ამან ლოგიკურად განსაზღვრა წიგნის „ლაფერ-კენზიანური სინთეზი და მაკროეკონომიკური წონასწორობა“ სტრუქტურა და შინაარსი.

წიგნი ოთხი თავისგან შედგება.

როგორც კვლევის ავტორი განმარტავს, ეკონომიკურ მეცნიერებაში ორი განსაკუთრებული ცნება არსებობს – მოთხოვნა და მიწოდება. ქვეყნის ეკონომიკის დონეზე მათ ნაირსახეობას ერთობლივი მიწოდება და ერთობლივი მოთხოვნა წარმოადგენს. ეს ცნებები ეკონომიკურ სუბიექტთა ქცევას ორი სხვადასხვა მხრიდან განიხილავს. კერძოდ, ერთობლივი მიწოდება ახასიათებს პროდუქტებისა და მომსახურების მწარმოებელთა ქცევას და მოცემულ პერიოდში მათ მიერ ქვეყნის შიგნით წარმოებულ საბოლოო პროდუქტებისა და მომსახურების ერთობლიობას. ერთობლივი მოთხოვნა კი გამოსახავს დანახარჯების ერთობლიობას, რომელიც გარკვეულ პერიოდში, მაგალითად, წლის განმავლობაში გასწიეს შინამეურნეობებმა, ფირმებმა, სახელმწიფომ და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ქვეყნის შიგნით წარმოებული საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად. ამ მაჩვენებლის სიდიდე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ეკონომიკური აქტიურობის დონეს – რაც უფრო დიდია აღნიშნული დანახარჯები, მით უფრო დიდი სტიმული ეძლევა ეკონომიკას, რომ მეტი პროდუქტი გამოუშვას, გაზარდოს დასაქმება, დააჩქაროს ეკონომიკური ზრდა.

ერთობლივი მოთხოვნის სიდიდეზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. ერთ-ერთი მათგანია გადასახადების სიდიდე. წიგნის პირველი თავი სწორედ გადასახადებისა და ერთობლივი მოთხოვნის კავშირს ეხება. კვლევის ავტორების ინფორმაციით თანამედროვე მაკროეკონომიკურ თეორიაში ამ კავშირის შესწავლა ხორციელდება კეინზიანური თეორიისა და მოდელს საფუძველზე, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული გადასახადების როლი: ითვლება, რომ ერთობლივ მოთხოვნაზე გადასახადების გადიდება უარყოფითად, შემცირება კი დადებითად აისახება, რადგანაც პირველ შემთხვევაში მცირდება, მეორე შემთხვევაში კი იზრდება ერთობლივი დანახარჯების განმსაზღვრელი მთავარი ელემენტი – შინამეურნეობების სამომხმარებლო დანახარჯების სიდიდე. მაგრამ, ქართველი მეცნიერების – ვლადიმერ პაპავას და იური ანანიაშვილის აზრით, გადასახადებისა და ერთობლივი მოთხოვნის დამოკიდებულების მხოლოდ ამ კუთხით განხილვა მნიშვნელოვნად ამარტივებს რეალურად არსებულ სიტუაციას. მათ მიაჩნიათ, რომ გარკვეულ სიტუაციაში გადასახადების ზრდა ერთობლივი მოთხოვნის გადიდების, შემცირება კი – ერთობლივი მოთხოვნის შემცირების პირობას წარმოადგენს. ამ მოსაზრების დასაბუთებისთვის ქართველ მკვლევრებს, ეკონომისტებისათვის კარგად ცნობილი შინამეურნეობების მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილების მაჩვენებლის ანალოგიურად, განხილვაში შემოაქვთ სახელმწიფო შესყიდვებისადმი ზღვრული მიდრეკილების მაჩვენებელი. ამ უკანასკნელში ისინი გულისხმობენ საქონლისა და მომსახურების შეძენაზე გაწეულ დანახარჯებს, რომელსაც სახელმწიფო გაიღებს ამოღებული გადასახადების დამატებითი ერთეულიდან. იური ანანიაშვილი აღნიშნავს, რომ მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილებისგან განსხვავებით შესყიდვებისადმი ზღვრული მიდრეკილება სახელმწიფოს მიერ რეგულირებადია – ეკონომიკაში არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს მისი მნიშვნელობა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოს შესყიდვებისადმი ზღვრული მიდრეკილების მაჩვენებელი ნულსა და ერთს შორის უნდა იყოს მოქცეული, რაც ბუნებრივი მოთხოვნაა. იგი აქვე აღნიშნავს, რომ შესყიდვებისადმი ნულოვანი ზღვრული მოდრეკილება არ ნიშნავს შესყიდვების შეუძლებლობას, რადგანაც სახელმწიფომ შესყიდვები შეიძლება განახორციელოს არამარტო საგადასახდო შემოსავლებით, არამედ, აგრეთვე, ვალის აღების გზით ან არასაგადასახადო შემოსავლებით.

ქართველი მეცნიერები – იური ანანიაშვილი და ვლადიმერ პაპავა განმარტავენ, რომ ეკონომიკაში ერთობლივ მოთხოვნასთან მიმართებაში გადასახადების როლი შეიძლება სხვადასხვანაირად ავხსნათ იმის მიხედვით, თუ როგორ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან „შინამეურნეობების მოხმარებისადმი ზღვ-რული მიდრეკილება“ და „სახელმწიფოს შესყიდვებისადმი ზღვრული მიდრეკილება„. კერძოდ, როცა მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილება აღემატება შესყიდვებისადმი ზღვრულ მიდრეკილებას, მაშინ საგადასახადო ტვირთის ზრდა ამცირებს დანახარჯებისადმი შინამეურნეობებისა და სახელმწიფოს ერთობლივ ზღვრულ მიდრეკილებას და, შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, ამცირებს ერთობლივ მოთხოვნას, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე. საწინააღმდეგო შემთხვევაში – როცა შესყიდვებისადმი ზღვრული მიდრეკილება აღემატება მოხმარებისადმი ზღვრულ მიდრეკილებას, მაშინ საგადასახადო ტვირთის ზრდა იწვევს შინამეურნეობებისა და სახელმწიფოს დანახარჯებისადმი ერთობლივი ზღვრული მიდრეკილების ზრდას, რაც, სხვა თანაბარ პირობებში, ერთობლივი მოთხოვნისა და მისი შესაბამისი გამოშვების ზრდის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. დაბოლოს, თუ ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ საგადასახადო ტვირთის ცვლილება გავლენას არ ახდენს დანახარჯებისადმი ერთობლივ ზღვრულ მიდრეკილებაზე და ერთობლივი მოთხოვნა ინდიფერენტულია გადასახადების მიმართ.

ეს შედეგი ადასტურებს იმას, რომ ერთობლივ მოთხოვნაზე საგადასახადო ტვირთის ზრდის ზემოქმედება ყოველთვის ისე ცალსახად უარყოფითი არ არის, როგორც ეს კანონიკური სახით ეკონომიკის თანამედროვე სახელმძღვანელოებშია წარმოდგენილი. გადასახადების ზრდა ხელისუფლების მხრიდან შეიძლება მიზანმიმართულად იქნას გამოყენებული როგორც წამახალისებელი, ასევე დამმუხრუჭებელი ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად. როდესაც შინამეურნეობები არასაკმარისად ხარჯავენ თავიანთ განკარგვად შემოსავლს, მაშინ ერთობლივი მოთხოვნის გაზრდის ერთ-ერთი გზა გადასახადების გაზრდას გულისხმობს იმ პირობით, რომ სახელმწიფოს მიერ ამ ფორმით მიღებული დამატებითი შემოსავლები შესყიდვებისთვის იქნება გამოყენებული. და პირიქით, თუ შინამეურნეობები იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე სახელმწიფო და-ხარჯავდა ამოღებლი გადასახადებიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, ჯობია, გადასახადები მცირე იყოს.

„როგორც წესი, სახელმწიფო უფრო მხარჯველია, ვიდრე შინამეურნეობა. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ გადასახადების ზრდა ეკონომიკისთვის ყოველთვის მიზანშეწონილი იყოს. საქმე ისაა, რომ გადასახადების პერმანენტულ ზრდას თან ახლავს ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის წილის ზრდა და საბაზრო სტრუქტურის სოციალისტურ სტუქტურად გადაქცევა, რაც ნამდვილად არ არის სასურველი. ესეც რომ არ იყოს, ეკონომიკის მდგომარეობას ერთობლივი მოთხოვნის გარდა, არანაკლები ხარისხით განსაზღვრავს ერთობლივი მიწოდება, რომელიც ასევე დამოკიდებულია საგადასახადო ტვირთის სი-დიდეზე და გარკვეულ პირობებში ამ ტვირთის გადიდებაზე უარყოფითად რეაგირებს“ – განმარტავს იური ანანიშვილი.

„ლაფერ-კენზიანური სინთეზიის“ მეორე და მესამე თავები ეძღვნება ამერიკელი ეკონომისტის, მიწოდების ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი წარმომადგენლის ართურ ლაფერის თეორიის მიმოხილვასა და ანალიზს. ეს თეორია ძირითადად აქცენტირებულია იმის შესწავლაზე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საგადასახადო ტვირთის (საშუალო საგადასახადო განაკვეთის) სიდიდესა და სამეწარმეო აქტიურობას შორის, რომელიც თავის ასახვას, საბოლოოდ, ერთობლივი მიწოდების მნიშვნელობაში პოულობს.

იური ანანიაშვილი განმარტავს, რომ ლაფერის თეორიის თანახმად, გადასახადები ერთობლივ მიწოდებაზე და იმ ინტერესებზე, რაც მეწარმეებს გააჩნიათ, ცალსახად არ ზემოქმედებს. ზემოქმედების მიმართულება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია საგადასახადო ტვირთის სიდიდის ცვლილებისას წარმოქმნილი დადებითი და უარყოფითი ეფექტების თანაფარდობა. დადებითს მიეკუთვნება ეფექტები, რომლებიც საშუალო საგადასახადო განაკვეთის გადიდებისას ეკონომიკური აქტი-ურობისა და ერთობლივი გამოშვების ხელშემწყობი, ხოლო შემცირებისას ხელშემშლელი ხდება. შესაბამისად, უარყოფითი ეფექტები ეკონომიკურ აქტიურობასა და ერთობლივ გამოშვებას საშუალო საგადასახადო განაკვეთის გადიდებისას ამცი-რებს, შემცირებისას კი – ზრდის. ლაფერისა და მისი მიმდევრების ნაშრომებში პოსტულირებულია, რომ საშუალო საგადასახადო განაკვეთის ნულიდან გარკვეულ ნიშნულამდე ზრდას შეესაბამება ერთობლივი მიწოდების ზრდა, ხოლო ამ ნიშნულიდან ერთამდე ზრდას კი – კლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ნულსა და ერთს შორის შუალედში, რომელიც საშუალო საგადასახადო განაკვეთის შესაძლო მნიშვნელობათა არეს წარმოადგენს, არსებობს განაკვეთის ორი, როგორც წესი, ერთმანეთისგან განსხვავებული მნიშვნელობა – ლაფერის პირველი და მეორე გვარის ფისკალური წერტილები. პირველი გვარის წერტილის პირობებში ერთობლივი მიწოდება მაქსიმალურია, ანუ ეკონომიკის მთლიანი გამოშვება პოტენციურ დონეს უტოლდება. მეორე გვარის ფისკალურ წერტილს კი ბიუჯეტის მაქსიმალური საგადასახადო შემოსავლები შეესაბამება.

თუ რეალობად მივიჩნევთ ლაფერის პირველი და მეორე გვარის წერილების არსებობას, მაშინ მათი კონკრეტული მნიშვნელობების დადგენა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სრულყოფის ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობად შეიძლება იქცეს. სწორედ ამის გამო ლაფერის თეორიასთან დაკავშირებულ ნაშრომთა დიდ ნაწილში სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკისთვის ასეთი წერტილების განსაზღვრის მცდელობებია მოცემული, – აღნიშნავს იური ანანიაშვილი. ქართველ ეკონომისტთა წიგნში – „ლაფერ-კეინზიანური სინთეზი და მაკროეკონომიკური წონასწორობა“ – ასეთი ნაშრომების ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა, რომ ლაფერის ფისკალური წერტილების განსაზღვრის მოდელთა სიმრავლე შეიძლება ორ ჯგუფად – გარდაქმნის მოდელებად და ქცევით მოდელებად – დავყოთ. გარდაქმნის მოდელებში საგადასახადო ტვირთის სიდიდე ზემოქმედებს წარმოებაში ჩართული ეკონომიკური რესურსების გამოყენების ეფექტიანობაზე და ამცირებს ან ზრდის მას იმის მიხედვით, თუ რა სიმძიმისაა აღნიშნული ტვირთი. სხვანაირად რომ ვთქვათ, გარდაქმნის მოდელებში ეკონომიკური რესურსების გამოყენების მოცულობა მოცემულია და ამ მოცემულობის პირობებში პირველი გვარის ფისკალური წერტილის განსაზღვრით ვცდილობთ გავიგოთ როგორი საგადასახადო განაკვეთის პირობებში მიიღწევა მაქსიმალური გამოშვება, ხოლო მეორე გვარის ფისკალური წერტილის განსაზღვრით – ბიუჯეტის მაქსიმალურ საგადასახადო შემოსავლებს როგორი საგადასახადო განაკვეთი უზრუნველყოფს. წიგნის ავტორების განმარტებით, ასეთი მიდგომა ლაფერის თეორიასთან ახლოსაა, მაგრამ სრულად ვერ პასუხობს მას. საქმე ისაა, რომ ლაფერის კონცეფცია უფრო ფართოდ განიხილავს საგადასა-ხადო ტვირთის როლს და მიიჩნევს, რომ მისი ცვლილება, წარმოქმნილი დადებითი და უარყოფითი სტიმულებით, გავლენას ახდენს რესურსების არა მარტო გამოყენების ეფექტიანობაზე, არამედ, ასევე გამოყენების მოცულობაზეც. ეს უკანასკნელი მეტად მნიშვნელოვანი ასპექტია და მისი გათვალისწინება შესაძლებელია მხოლოდ ქცევითი ტიპის მოდელების საშუალებით.

წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი იური ანანიაშვილისა და ვლადიმერ პაპავას მიერ შემუშავებული ქცევითი ტიპის ორიგინალური მოდელის ვარიანტის ანალიზისა და პრქტიკული გამოყენების საკითხებს. ავტორები აღნიშნავენ, რომ მოდელის აგებისას მხედველობაში ორი არსებითი მომენტი იქნა მიღებული. პირველი, ნებისმიერ ეკონომიკაში პროდუქციის გამოშვების სიდიდე დამოკიდებულია არსებული ეკონომიკური რესურსების (შრომის, კაპიტალის, მიწისა და სამეწარმეო უნარის) მოცულობაზე, ხარისხსა და გამოყენების ტექნოლოგიის დონეზე. ეს ფაქტორები ეკონომიკის საწარმოო-ტექნოლოგიურ შესაძლებლობას განსაზღვრავს და მათი საუკეთესო განაწილებისა და სრული გამოყენების შემთხვევაში გა-მოშვების მოცულობა მაქსიმალურია, რომელსაც სხვანაირად გამოშვების პოტენციური დონე ეწოდება. მეორე, ეკონომიკაში არანაკლებ როლს ინსტიტუციური გარემო ასრულებს, რომლის შექმნაც სახელმწიფოს ფუნქციაში შედის. იმაზე დამოკიდებულებით, რამდენად სრულყოფილია ინსტიტუციური გარემო, ეკონომიკის ფაქტობრივი გამოშვება პოტენციურ გამოშვებას დაემთხვევა ან განსხვავებული იქნება მისგან. ინსტიტუციური გარემოს შექმნაში, სხვა მრავალ მომენტთან ერთად, მნიშვნელოვან როლს დაბეგვრის არსებული სისტემა ასრულებს. „მოდელის აგებისას გავამარტივეთ სიტუაცია და დავუშვით, რომ სწორედ დაბეგვრის სისტემა არის ინსტიტუციური გარემოს შექმნის მთავარი ფაქტორი და ეკონომიკურ სუბიექტთა ქცევის განმსაზღვრელი. ამ გზით შევძელით პოტენციური გამოშვებისა და საგადასახადო ტვირთის სიდიდის ერთმანეთთან დაკავშირება და მივიღეთ ლაფერის კონცეფციასთან, ჩვენი აზრით, სრულ თანხვედრაში მყოფი მოდელი“, – აღნიშნავს იური ანან-იშვილი.

იმის გამო, რომ სერიოზული კვლევის ჩასატარებლად საქართველოში არ არსებობს სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები, წიგნის ავტორებმა აშშ-ის ეკონომიკის მონაცემებზე დაყრდნობით შეაფასეს ლაფერის ფისკალური წერტილები. „ჩვენი მოდელის გაანგარიშებით აღმოჩნდა, რომ 1970-2008 წლებში აშშ-ის ეკონომიკის საგადასახადო ტვირთის ფაქტობრივი მნიშვნელობა საშუალოდ დაახლოებით 1 პროცენტით ნაკლები იყო იმ ნიშნულზე, რომლის პირობებში მთლიანი შიდა პროდუქტის ფაქტობრივი სიდიდე პოტენციურ მნიშვნელობას დაემთხვეოდა. ასევე საინტერესოა ის გარემოება, რომ ამ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაქსიმიზებისათვის არსებული საგადასახადო ტვირთის თითქმის გაორმაგება იქნებოდა საჭირო, რაც ეკონომიკის 20 პროცენტით შემცირებას გამოიწვევდა. ეს გარემოება ეჭვის ქვეშ აყენებს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის მიზანშეწონილობას, რომლის დროსაც მთავრობისთვის, ეკონომიკური აქტიურობის წახალისების ნაცვლად, პრიორიტეტულია ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაქსიმიზება“, – ამბობს იური ანანიშვილი.

ავტორების აზრით წიგნის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი მეოთხე თავია, რომლის სათურმაც ასახვა ჰპოვა წიგნის სახელწოდებაში „ლაფერ-კენზიანური სინთეზი და მაკროეკონომიკური წონასწორობა“.

„თუ გავაანალიზებთ არსებულ ლიტერატურას, ვნახავთ, რომ თანამედროვე ეკონომიკურ თეორიებში გადასახადების როლი, სამწუხაროდ, ცალმხრივად შეისწავლება. კერძოდ, კეინზიანურ მოდელებში და თეორიაში აქცენტი ძირითადად იმ მექანიზმზე კეთდება, რომლითაც გადასახადები ეკონომიკაზე ერთობლივი მოთხოვნის საშუალებით ზემოქმედებს და მხედველობაში თითქმის არ მიიღება ზემოქმედების მექანიზმი ერთობლივი მიწოდების მხრიდან. გადასახადების პრობლემას ცალმხრივად განიხილავს, აგრეთვე, მიწოდების თეორია, რომელშიც წინა პლანზე საგადასახადო განაკვეთის ერთობლივ მიწოდებაზე ზემოქმედებაა წამოწეული. ბუნებრივია, გადასახადების როლის სრულფასოვანი ახსნა და აღნიშნული თეორიების ცალმხრივობის გადალახვა შესაძლებელია მათი სინთეზის გზით. წიგნში ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ასეთი სინთეზის ილუსტირების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი. იგი ეფუძნება ეკონომისტებისათვის კარგად ცნობილ მაკროეკონომიკური წონასწორობის მოდელს, რომელიც ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების ფუნქციებისგან შედგება. მაგრამ სტანდარტული მოდელისაგან განსხვავებით, რომელშიც ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად, სხვა თანაბარ პირობებში, ფასების დონე განიხილება, ჩვენს მოდელში ასეთ განმსაზღვრელს საშუალო საგადასახადო განაკვეთი წარმოადგენს. ასეთმა მიდგომამ საშუალო საგადასახადო განაკვეთის როლის ახლებურად დანახვის საშუალება მოგვცა“ – აღნიშნავს პროფესორი ვლადიმერ პაპავა. შედეგად პროფესორი იური ანანიშვილი რამდენიმე მომენტს გამოყოფს:

„პირველი, ანალიზმა გვიჩვენა, რომ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ფაქტობრივი, წონასწორული და ოპტიმალური საშუალო საგადასახადო განაკვეთები. წონასწორული საშუალო საგადასახადო განაკვეთი უზრუნველყოფს ეკონომიკის წონასწორობაში მოსვლას, რომლის დროსაც ერთობლივი მოთხოვნა და ერთობლივი მიწოდება ერთმანეთს უტოლდება. ოპტიმალური განაკვეთის დროს კი ეკონომიკაში ადგილი აქვს სრულ დასაქმებას და ერთობლივი გამოშვება პოტენციურ, ანუ მაქსიმალურ დონეზე იმყოფება. როგორც წესი, საგადასახადო განაკვეთის ეს სამი მნიშვნელობა ერთმანეთს იშვიათად ემთხვევა.

მეორე, საშუალო საგადასახადო განაკვეთის სიდიდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკის ზოგად მდგომარე-ობაზე, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ოპტიმალური საშუალო საგადასახადო განაკვეთის შემოღებას თავისთავად არ შეუძლია დასაქმების დონის ზრდა და პოტენციური გამოშვების შესაბამის წონასწორობაში გადასვლის ინიცირება. ლაფერ-კეინზიანური სინთეზის პირობებში ეკონომიკური აქტიურობის ამაღლებასა და სრული დასაქმების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს, დაბეგვრის რეჟიმთან ერთად, ერთობლივი მოთხოვნა ასრულებს.

მესამე, როცა სახელმწიფო დაბეგვრის არსებულ საშუალო საგადასახადო განაკვეთს სტაბილურ მდგომარეობაში ინარჩუნებს, მაშინ ფასების დონის ყოველ ახალ წონასწორულ მნიშვნელობას თავისი ოპტიმალური საგადასახადო განაკვეთი შეესაბამება და ერთობლივი მოთხოვნის გარკვეულ საზღვრებში ცვლილებას თან ახლავს წონასწორული და ოპტიმალური საგადასახადო განაკვეთების დაახლოების პროცესი. აქედან მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი, კერძოდ ის, რომ სახელმწიფო ნაკლებად უნდა ცდილობდეს საგადასახადო განაკვეთის ცვლილებით ეკონომიკის რეგულირებას. როცა ეკონომიკას გადასახადის ცვლილებით «ანერვიულებ», ცუდი შედეგი მიიღება, რაც არ უნდა კეთილი სურვილი გამოძრავებდეს.

დაბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც ლაფერ-კეინზიანური სინთეზის მოდელიდან გამომდინარეობს: წონასწორული საგადასახდო განაკვეთის ყოველ მოცემულ მნიშვნელობას შეიძლება შეესაბამებოდეს ერთობლივი მი-წოდების და ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ფუნქციებისა და მრუდების მთელი ერთობლიობა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეკონომისტებისთვის კარგად ცნობილი ლაფერის მრუდის საწარმოო და ფისკალური ვარიანტები არ წარმოადგენენ მდგრად კონსტრუქციებს და ეკონომიკაში შექმნილი სიტუაციების მიხედვით, განსაკუთრებით კი ფასების დონის ცვლილების შედეგად, შეიძლება შეიცვალონ, რასაც თან სდევს ლაფერის პირველი და მეორე გვარის ფისკალური წერტილების მნიშვნელობათა ცვლილება“.