Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

მედიცინის ფაკულტეტი

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შავი ჭირის ბუნებრივი კერების ეპიზოოტიური აქტივობა

2005-2013 წლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შავი ჭირის ბუნებრივი კერების ეპიზოოტიური აქტივობის“ საკითხს სწავლობდნენ. (ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების საბაზო დაწესებულებაა). რამდენადაც დაავადების მოსახლეობაში გავრცელებას, როგორც წესი წინ უძღვის ეპიზოოტია (დაავადების გავრცელება დაავადების კერაში მობინადრე მღრღნელთა შორის), ამიტომაც მსგავსი კერების გაღრმავებულ შესწავლას დაავადების პრევენციის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია შავი ჭირის ორი ბუნებრივი მეზოკერა: სამხრეთ საქართველოს მაღალმთიანი (ნინოწმინდის, ახალქალაქის, დმანისის, ახალციხის და ასპინძის რაიონები) და აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე-მთისწინა (დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გარდაბნის რაიონები). მაღალმთიან კერაში შავი ჭირის გამომწვევის იზოლაცია ხდებოდა 1979, 1980, 1981, 1982, 1983, 1992 და 1997 წლებში; ვაკე-მთისწინა კერაში ფიქსირებულია – 1966, 1968-1971 წლებში.

 

საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია შავი ჭირის ორი ბუნებრივი მეზოკერა: სამხრეთ საქართველოს მაღალმთიანი (ნინოწმინდის, ახალქალაქის, დმანისის, ახალციხის და ასპინძის რაიონები) და აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე-მთისწინა (დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გარდაბნის რაიონები).

 

 

 

როგორც კვლევის ავტორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნათია (სვეტლანა) ჩუბინიძე აღნიშნავს, კერებზე ზედამხედველობის სისტემა საჭიროებს არსებით სრულყოფას, გაირკვა აგრეთვე ათწლეულების განმავლობაში წარმოებული ეპიზოოტიური პროგნოზირების არასაკმარისი ეფექტიანობა.

ნათია ჩუბინიძის განმარტებით, კერის დახასიათების ქვაკუთხედად რჩება მისი ეპიზოოტიური აქტივობა, მაგრამ აუცილებელია ეპიზოოტიის მცნების უფრო ზუსტი და მკაფიო განსაზღვრა, იმის გათვალისწინებით, რომ ეპიზოოტიისა და ეპიდემიის მონაცვლეობის თეზისი გადასინჯვას არ ექვემდებარება. საჭიროა ასევე ეპიზოოტიის ხარისხის მსაზღვრელი კრიტერიუმების მეტი კონკრეტიზაცია, რადგან კერის აქტივობა არ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ მღრნელების რიცხოვნობის მატებით, აქ გასათვალისწინებელია ბევრი სხვა გარემო ფაქტორიც, კომპლექსურად. საკვანძო საკითხად რჩება ბუნებრივი კერის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პირობების მკაფიო განსაზღვრაც. განსაკუთრებით საჭიროა გარკვეული ტერიტორიის ინფექციის რეზერვუარებით და გადამტანებით ინტენსური კოლონიზაციისას კლასიკური ტრიადის (რეზერვუარი-მღრღნელი, გადამტანი-რწყილი, მიმღები ორგანიზმი – ცოცხალი ორგანიზმი) მთავარი კომპონენტის, შავი ჭირის გამომწვევის – ეკოლოგიის ყველა ნიუანსის დაწვრილებითი შესწავლა. ამ ასპექტში წამოჭრილ საკითხებზე დასაბუთებული პასუხის გაცემის გარეშე მეცნიერს სიტუაციის სარწმუნო პროგნოზირება შეუძლებლად მიაჩნია.

 

 Y.pestis (შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერია)

 ■ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ეპიზოოტიური პაუზის დროს შავი ჭირის გამომწვევის „ეკოლოგიური თავშესაფრის“ საკითხი, ე.ი. იმ ბიოტური (ცოცხალი ორგანიზმი)  ან აბიოტური (გარემო ობიექტები წყლის, ნიადაგის და ა.შ. სახით) ობიექტის დადგენა, სადაც თავს ინახავს ინფექციის გამომწვევი.

 

 

 

როგორც მკვლევარი აღნიშნავს, კერებზე ზედამხედველობის სრულყოფისთვის მიზანშეწონილია მთლიანად ბუნებრივი კერის, როგორც გეოგრაფიული რეგიონის, ეპიზოოტური სიტუაციის პერმანენტული კონტროლი. ეს კი მოითხოვს მოსაზღვრე ტერიტორიების მონიტორინგის მონაცემების რეგულარული გაცვლის აუცილებლობას. აღნიშნულის განხორციელება მხოლოდ მოსაზღვრე სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებთან სათანადო ოფიციალური შეთანხმების გაფორმების გზითაა შესაძლებელი. მსგავსი ოფიციალური დოკუმენტის გარეშე, სამწუხაროდ, თსუ მეცნიერთა მიერ კვლევის განმავლობაში ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მეზობელი სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანიზაციებმა მკვლევრებს მონაცემები არასრული სახით ან საერთოდ არ მიაწოდეს.

ამას გარდა, კვლევის ეფექტიანობისთვის, მეცნიერის აზრით, „აუცილებელია კერაში შავი ჭირის გამომწვევის არსებობა-არარსებობის დამაჯერებელი კრიტერიუმების მოძებნა. კერაზე ზედამხედველობის და ეპიზოოტოლოგიური პროგნოზირების სრულყოფის ეფექტურ მეთოდად უნდა ჩაითვალოს მოლეკულური კვლევის მეთოდი, პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია. მართალია პჯრ არ არის შავი ჭირის ცოცხალი გამომწვევის არსებობის აბსოლუტურ მაჩვენებლი, მაგრამ სარწმუნოდ მიუთითებს გარკვეულ ლოკუსში მისი აქტიური ძიების მიზანშეწონილობაზე“. – აცხადებს ნათია ჩუბინიძე.

მეცნიერის თქმით, ასევე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ეპიზოოტიური პაუზის დროს შავი ჭირის გამომწვევის „ეკოლოგიური თავშესაფრის“ საკითხი, ე.ი. იმ ბიოტური (ცოცხალი ორგანიზმი) ან აბიოტური (გარემო ობიექტები წყლის, ნიადაგის და ა.შ. სახით) ობიექტის დადგენა, სადაც თავს ინახავს ინფექციის გამომწვევი. პროფილურ ლიტერატურაში განხილული კონცეფციებიდან უპირატეს ყურადღებას იმსახურებს „ტელურული შავი ჭირის“ ჰიპოთეზა, რომ ეპიზოოტიათა შორის პერიოდში Y.pestis (შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერია) ინახება ნიადაგში და აგრეთვე მკვლევართა ჯგუფის მოსაზრება Y.pestis-ის ე.წ. არაკულტივირებადი ფორმების არსებობის შესახებ (დაავადების გამომწვევის ისეთი ბიოლოგიური სახეცვლილება, რომელიც მის ჩვეულებრივი მეთოდებით გამოვლენას გამორიცხავს). ორივე პოზიცია დღეისთვის მოკლებულია ექსპერიმენტულ და საველე კვლევებით მოპოვებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.

მკვლევარის აზრით, ასევე საინტერესოა ბუნებრივ კერებში შავი ჭირის გამომწვევის პარალელურად მის მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების ძიების საკითხი. ეს, თავის მხრივ, დღის წესრიგში აყენებს კერაში ფაგებისადმი გამომწვევის მგრძნობელობის შესწავლის საკითხსაც. ბაქტერიოფაგები (ბაქტერიათა მშთანთქმელები) მრავლდებიან მხოლოდ გარკვეული ბაქტერიების ხარჯზე, ე.ი. ფაგის არსებობა უნდა მიუთითებდეს მოცემულ გარემოში შესაბამისი სახეობის ბაქტერიების არსებობაზე.

კვლევის ავტორის შეფასებით, საქართველოში არსებული შავი ჭირის ბუნებრივი კერებიდან იზოლირებული Y.pestis შტამების პათოგენობის ხარისხის დონეზე, ამ კერებში ინფექციის ძირითადი რეზერვუარების შავი ჭირის გამომწვევისადმი მგრძნობელობის საკითხზე ამომწურავი პასუხის გასაცემად მიზანშეწონილია მათი „ჯვარედინი“ ექსპერიმენტული გამოცდა. ანუ იგულისხმება (სამომავლო კვლევის სახით), მაღალმთიან კერაში შტამების ვირულენტობის შესწავლა ვაკე-მთისწინა კერის ძირითადი მატარებლის, წითელკუდა მექვიშიის მიმართ და პირიქით, ვაკე-მთისწინა კერაში იზოლირებული შტამის გამოცდა მაღალმთიანი კერის ძირითად მატარებელზე – ჩვეულებრივ მემინდვრიაზე, რამაც შეიძლება გარკვეულწილად გაარკვიოს Y. pestis შერჩევითი ვირულენტობის საკითხი. დეტალიზაციას საჭიროებს კერაში შავი ჭირის გამომწვევის იზოლირების ან ამა თუ იმ ხარისხის ეპიზოოტიის დადგენის შემთხვევებში ჩასატარებელ ღონისძიებათა კომპლექსიც.

როგორც ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების სრული პროფესორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, მედიცინის აკადემიური დოქტორი პაატა იმნაძე აცხადებს, „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შავი ჭირის მეზოკერებზე ზედამხედველობის სისტემის ეფექტიანობისთვის აუცილებელია საექსპედიციო (საველე) სამუშაოების დაგეგმვისას განვლილი პერიოდის ანალოგიურ სამუშაოთა შედეგების ანალიზის მონაცემთა გათვალისწინება. ბუნებრივ კერაში არსებული სიტუაციის სრულყოფილად შესაფასებლად აუცილებელია საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიაზე წარმოებული პროფილური კვლევების შედეგების რეგულარული გაცვლა, შეჯამება და ერთობლივი ანალიზი. ცალკეულ კერაში გამოყოფილი Y. pestis (შავი ჭირს გამომწვევი ბაქტერია) კულტურების დახასიათებისას მიზანშეწონილია მათი ფაგებისადმი მგრძნობელობის გან-საზღვრა და ასევე ფაგების მეშვეობით გარემოში დაავადების გამომწვევის არსებობაზე მსჯელობის შესაძლებლობის შესწავლა“.

კვლევაში კონსულტანტის სტატუსით მონაწილეობდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადამიკოსი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მრჩეველი გურამ კაციტაძე.

ეპიზოოტიური აქტივობების თავისებურებების მონაცემები უკვე გამოიყენება ცენტრის პრაქტიკაში.

კვლევის პერიოდში დამუშავდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არქივში დაცული მასალები. კერძოდ, განხორციელდა შავი ჭირის კერებში 1960-2008 წწ. ჩატარებული სამუშაოების შედეგების ანალიზი; შესწავლილ იქნა ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნულ საცავში დაცული შავი ჭირის გამომწვევის Y. pestis შტამების ბიოლოგიური თვისებები.

კვლევების შედეგების პრეზენტაცია მოხდა შემდეგ საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარებზე: Угроза Распространения Биоопасности в Грузии и Роль Департамента Биобезопасности и Уменьшения Угрозы Национального Центра Контроля Заболеваний – Seminar on Implementing UNSC Resolution 1540 in Central Asia and the Caucasus, Almaty, Kazakhstan. 2006

Biosafety/Biosecurity in Georgia – Center for Nonproliferation Studies at the Monterey Institute of International Studies , (September 2007) California, USA.

შავი ჭირი საქართველოში – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონფერენცია 22 მაისი 2010, თბილისი.

ასევე გამოქვეყნდა პუბლიკაციები „საქართველოს სამედიცინო მოამბესა“ და „Georgian Medical News“-ში.

კვლევის შედეგები წარმოდგენილია: ასევე „Surveillance on Plague in Natural Foci in Georgia. Emerging and Endemic Pathogens. NATO Science for Peace and Security Series-A: Chemistry and Biology.p.21-28 2010

„Characterization of pPCP1 Plasmids in Yersinia pestis Strains Isolated from the Former Soviet Union“, International Journal of Microbiology, vol. 2010, Article ID 760819, 9 pages, 2010. doi:10.1155/2010/760819.

Genotyping of Yersinia pestis and Yersinia pseudotuberculosis isolates from the Caucasus region“; Journal: BMC Microbiology. და სხვა.