Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

მედიცინის ფაკულტეტი

ჰიპერთერმია - ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდი

ბოლო 15-20 წლის მანძილზე მედიცინაში მკვლევართა განსაკუთრებულ ინტერესს მაგნიტური თვისებების მქონე ნანონაწილაკების გამოყენება იწვევს. ეს ინტერესი ძირითადად მათი მაგნიტური ველის საშუალებით დისტანციურად მართვის შესაძლებლობით არის განპირობებული. საინტერესოა, რომ დღეისათვის ამ ნაწილაკების გამოყენების ერთ-ერთ აქტუალურ მიმართულებას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავება წარმოადგენს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში ლოკალური ჰიპერთერმია ონკლოგიური პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი გახდება.

კვლევა „ლოკალური მართული ჰიპერთერმიის მეთოდის შემუშავება ექსპერიმენტში მაგნიტური ნანონაწილაკების მდგრადი სუსპენზიის გამოყენებით და შესაბამისი აპარატის შექმნა“, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე 2012 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. იგი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში ხორციელდება. მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების მკვლევარია ჩართული, ამჟამად კანადაში მოღვაწე მეცნიერის ბესიკ სურგულაძის ხელმძღვანელობით. ცნობისათვის, ბესიკ სურგულაძე არის  “მაგნეტიტის“ მაღალდისპერსიული მდგრადი სუსპენზიის (ორი ან მეტი ნივთიერების ნარევი, რომელთაგან ერთ-ერთი უმცირესი ნაწილაკების სახით განაწილებულია მეორეში) - „უნმაგის“ ავტორი, რომლის გამოყენებითაც მიმდინარეობს აღნიშნული კვლევა.

„მედიცინაში მაგნიტური ნანონაწილაკები დიდი წარმატებით გამოიყენება დიაგნოსტიკაში (მათ შორის „ინ ვიტრო“), მიზანმიმართული თერაპიის სახით და ბიოლოგიური ქსოვილების ხელოვნურად შესაქმნელად. ყველა ნანონაწილაკს მისთვის დამახასიათებელი თვისება აქვს და სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა სახით გამოიყენება, ამიტომ მათი მრავალფეროვნება მეტ შესაძლებლობას იძლევა. დღეისათვის მაგნიტური ნანონაწილაკების ფართო სპექტრია სინთეზირებული, რომელთგან ნაერთების მცირე ტოქსიკურობისა და სტაბილური მაგნიტური მახასიათებლების გამო ყველაზე ფართოდ რკინის ოქსიდის ნანონაწილაკები გამოიყენება. ბიოლოგიური ქსოვილების თვისება გაატაროს მაგნიტური ველი, მაგნიტური ნანონაწილაკების სასურველ ორგანოსა თუ ქსოვილში ლოკალური დაგროვების პირობებში, გარედან მიმართული მაგნიტური ველის ცვლილებით ამ ნაწილაკების ქცევის მართვის შესაძლებლობას განაპირობებს. მედიცინაში ნანონაწილაკების გამოყენების ყველაზე აქტუალურ მიმართულებას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავება წარმოადგენს. ნაჩვენებია, რომ სიმსივნური უჯრედების ზოგიერთი ტიპი მეტად მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურების მიმართ. ნანონაწილაკების გამოყენებამ საფუძველი ჩაუყარა ქსოვილებში ტემპერატურის გაზრდის საშუალებით სიმსივნეების მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს - ლოკალურ მართულ ჰიპერთერმიას“,  - აცხადებს თსუ ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის ტრანსლაციური მედიცინის ლაბორატორიის თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი, პროექტის თანახელმძღვანელი გიორგი ფიჩხაია.

როგორც მეცნიერი აღნიშნავს, საქართველოში კვლევა ნანონაწილაკების სტაბილური მაგნიტური სუსპენზიის გამოყენებით ლოკალური ჰიპერთერმიის განხორციელების თემაზე ჯერ არ წარმოებულა. თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: ტაივანი, იაპონია, გერმანია, შვედეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ნანონაწილაკების გამოყენებით ჰიპერთერმიის ეფექტის მიღების საკითხებზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. ბესიკ სურგულაძის ხელმძღვანელობით, თსუ მეცნიერთა მიერ ამ პროექტის შესრულების შედეგად შემუშავდება მართვადი ცვლადი მაგნიტური ველის მოქმედების ზონაში შეყვანილი „უნიმაგის“ გამოყენებით ლოკალური მართული ჰიპერთერმიის მეთოდი.

„თანამედროვე შეხედულებებით, ლოკალური ჰიპერთერმია, პირველ რიგში, განიხილება როგორც სხივური და ქიმიოთერაპიის უნივერსალური მოდიფიკატორი, რომელსაც ძალუძს გაზარდოს ამ მეთოდებით ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ეფექტურობა 1,5-2,5-ჯერ, ხოლო ამ მეთოდებისადმი არსებული უკუჩვენებების შემთხვევაში, იგი განიხილება როგორც მონოთერაპიის მეთოდიც. საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ლოკალურმა ჰიპერთერმიამ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის მეოთხე საბაზისო მეთოდის ადგილიც კი დაიკავოს ქირურგიულ, რადიო და ქიმიოთერაპიულ მეთოდებთან ერთად.

კვლევის განმავლობაში შეისწავლება ლოკალური ჰიპერთერმიის ჯანმრთელ უჯრედებზე მოქმედების ეფექტები ცვლადი მაგნიტური ველის ეპიცენტრსა და მის პერიფერიაზე. დადგინდება მიღწეული ქსოვილოვანი ჰიპერთერმიის ინტენსივობის ზღვრული ციტოლიზური (უჯრედის სტრუქტურის რღვევის და დაშლის პროცესი) და ინდიფერენტული პარამეტრები“, - აცხადებს გიორგი ფიჩხაია.

მისი განმარტებით, ლოკალური ჰიპერთერმიის მეთოდის საკვლევად „უნიმაგი“ კონკრეტული მიზეზის გამო შეირჩა. კვლევის მონაწილეებმა მათთვის ხელმისაწვდომ ლიტერატურაში ვერ აღმოაჩინეს ნანონაწილაკების საფუძველზე დამზადებული ვერც ერთი ოფიციალურად რეგისტრირებული და კლინიკური გამოყენებისთვის დაშვებული სუსპენზია, გარდა პრეპარატ „უნიმაგის“-ა. „ქსოვილში ინექციის შემდეგ, მისი გამოყოფის ერთადერთი გზა ლიმფური სისტემაა. იგი მაკროფაგების (უჯრედი, რომელიც შთანთქავს სისხლში, ან ქსოვილში არსებულ უცხო სხეულებს) მიერ, ლიმფურ კვანძებში ინახება, სადაც ლიმფური კაპილარების საშუალებით მიიტანება. სხვა მსგავსი პრეპარატების საპირისპიროდ, „უნიმაგი“ აქტიურად ავსებს ლიმფურ კვანძებს და აძლევს მათ მუქ შავ შეფერილობას ხანგრძლივი პერიოდის (1 კვირაზე მეტი ხნის) განმავლობაში“.

რაც შეეხება კვლევის ფარგლებში შექმნის პროცესში მყოფ აპარატს, მისი მუშაობის პრინციპი, დაბალი სიხშირის ცვლადი მაგნიტური ველის გამომუშავებაზე იქნება დაფუძნებული. ამდაგვარი ტიპის აპარატები გამოიყენება კბილის ტექნიკების და ოქრომჭედლების მიერ სხვადასხვა ლითონის სადნობად, თუმცა ამ შემთხვევში სხვაა გამომუშავებული ველის სიხშირე და გამოსხივების კონტური. შექმნლია აპარატის სტენდური მოდელი და მცირე ზომის ცხოველებზე (ვირთხა, თაგვი) ზემოქმედებისათვის შესაფერისი ზომის აპარატიც. მიმდინარეობს შემდგომი კვლევები და მუშაობა უფრო დიდი ზომის საცდელ ცხოველებზე ზემოქმედებისთვის. უახლოეს პერიოდში კვლევის შედეგების პრეზენტაცია საერთაშორისო კონფერენციაზე იგეგმება.

კვლევაში, „ლოკალური მართული ჰიპერთერმიის მეთოდის შემუშავება ექსპერიმენტში მაგნიტური ნანო-ნაწილაკების მდგრადი სუსპენზიის გამოყენებით და შესაბამისი აპარატის შექმნა“, ჩართული იყვნენ: სურგულაძე ბესიკი - პროექტის ხელმძღვანელი, Innovative Bio-medical Technologies Inc. Саnada; სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ფიჩხაია გიორგი - თსუ ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის ტრანსლაციური მედიცინის ლაბორატორიის თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი, პროექტის თანახელმძღვანელი, ხოდელი ნოდარი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის კლინიკურიანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი; ჩხაიძე ზურაბ - თსუ მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის განყოფილების უფროსი; მაზაბნაშვილი ბიჭიკო _ თავდაცვის სამინისტროს მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; მიხეილ ჯანგავაძე - თსუ მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ- პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გრიგოლ მამნიაშვილი - თსუ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებული მდგომარეობის ფიზიკის დეპარტამენტის მთავარი მკვლევარი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; ახალკაცი ანატოლი - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; ფილიაშვილი ოთარიb- თსსუ ზოგადი ქირურგიის მე-5 წლის რეზიდენტი.