Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

მედიცინის ფაკულტეტი

თსუ მეცნიერები გულის კუნთის დაზიანების განკურნებას ცდილობენ

გულის კუნთის სხვადასხვა სახის დაზიანების დროს პრეპარატ “ზაფირლუკასტის” გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზეგავლენის საკითხებს თსუ მეცნიერები უკვე წლების განმავლობაში სწავლობენ. კვლევა 2000 წელს თსსუ-ის ფარმაკოლოგიის კათედრასა და ახალი ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტში დაიწყო და შემდეგ უკვე თსუ მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ბაზაზე გაგრძელდა.

კვლევის სრული სახელწოდებაა - „ლეიკოტრიენების ანტაგონისტის “ზაფირლუკასტის” კარდიოპროტექ-ტორული მოქმედების ანალიზი ადრენალინით ინდუცირებული (გამოწვეული) მიოკარდიუმის დაზიანების დროს ექსპერიმენტში”. პოპულარული ენით რომ განვმარტოთ, კვლევა გულის კუნთის სხვადასხვა სახის დაზიანების დროს პრეპარატ “ზაფირლუკასტის” გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითი ზეგავლენის დადგენის საკითხებს ეხება.  ამ საკითხს დღეისათვის თსუ მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი თამარ კეზელი, თსუ ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე და შპს ახალი ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, პროფესორი გალინა სუკოიანი სწავლობენ.

როგორც ამ პროექტის მონაწილე მეცნიერები აცხადებენ, საზღვარგარეთ მსგავსი კვლევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის ექსპერიმენტული, მოდელირებული პათოლოგიების და კლინიკური პროექტების სახით ხორციელდება. საქართველოში მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა და შერჩეული პათოლოგიური მოდელების და მათი მედიკამენტური მართვის თვალსაზრისით მსოფლიოში იგი ერთ-ერთი პირველია.

“მეცნიერთა მიერ მორფოლოგიური, ბიოქიმიური, ელექტროფიზიოლოგიური და ფარმაკოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა ცისტეინური ლეიკოტრიენების (სხვადასხვა უჯრედების მიერ გამოყოფილი ძლიერი ანთებითი სახის ჰორმონები) ანტაგონისტის (ნივთიერება, რომელიც ადამიანის სხეულში სხვა სამკურნალო ნივთიერების, ან რომელიმე ქიმიური პროცესის საპირისპიროდ მოქმედებს) _ “ზაფირლუკასტის” დადებითი მოქმედება სისხლის მიმოქცევის რეგულაციაზე და გულ-სისხლძარღვთა პარამეტრებზე მიოკარდიუმის (გულის ყველაზე სქელი გარსი) ექსპერიმენტული სტრესს-ინდუცირებული და მწვავე იშემიით (ადგილობრივი სისხლნაკლებობით) განპირობებული დაზიანებისას. კერძოდ, `ზაფირლუკასტი~ იწვევს იმ უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, რაც თან ახლავს გულის კუნთის სხვადასხვა ფაქტორით განპირობებულ დაზიანებას. იგი აუმჯობესებს გულის კუნთის იმ ბიოქიმიურ და ელექტროფიზიოლოგიურ მაჩვენებლებს, რომელიც გულის კუნთის  დაზიანების შედეგად დაირღვა”, - აცხადებს თამარ კეზელი.

ზოგადად, ამ ეტაპზე ცისტეინური ლეიკოტრიენების ანტაგონისტები კლინიკურ პრაქტიკაში სხვადასხვა ანთებითი და ანთებით-ალერგიული პროცესების დროს გამოიყენება, როგორც ამ დაავადებების სამკურნალოდ, ასევე მათი თანმხლები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არსებული არასასურველი სიმპტომების მინიმუმამდე დასაყვანად. ყველაზე ხშირად “ზაფირლუკასტი” ბრონქული ასთმის შეტევების პროფილაქტიკის,  მისი მკურნალობისათვის ინიშნება.

პროექტის მონაწილეთა ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები პრაქტიკოსი ექიმებისთვის, კერძოდ, კარდიოლოგებისთვის. კვლევის მონაწილე მეცნიერის განცხადებით, ეს რეკომენდაციები გულის კუნთის ანთებითი და ნეკროზული დაზიანების სიმძიმის დადგენის და ლეტალობის შემცირების მიზნით, სისხლში ცისტეინური ლეიკოტრიენების ადრეულ დიაგნოსტიკას გულისხმობს. Aამას გარდა, პერსპექტივაში ცისტეინური ლეიკოტრიენების ანტაგონისტების კლასიკური წარმომადგენლების - “ზაფირლუკასტისა” და “მონტელუკასტის” კლინიკური გამოყენების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

“ამ პრეპარატების გამოყენება მიზანშეწონილია როგორც მონოთერაპიის, ასევე რიგ შემთხვევებში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან და სტეროიდულ პრეპარატებთან კომბინირებით.  ანუ, ჩვენი კვლევა ექიმებს გულის კუნთის დაზიანების ადრეულ დიაგნოსტიკას, აგრეთვე ანთებით განპირობებული გულის კუნთის დაზიანების მკურნალობის ახალ მეთოდს სთავაზობს. ექსპერიმენტული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით, შესაძლოა, ისარგებლონ პრაქტიკოსმა ექიმებმა გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების კომბინირებული დაავადებების დროს, როგორც მათი პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობის მიზნით. პერსპექტივაში ეს რეკომენდაციები ხელს შეუწყობს გულის კუნთის დაზიანებით განპირობებული გართულებებისა და მათთან დაკავშირებული სიკვდილობის სიხშირის შემცირებას” _ განმარტავს თამარ კეზელი.

კვლევების შედეგების პრეზენტაცია საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებზე,  საქართველოს გარდა რუსეთში, ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთსა და დანიაში მოხდა. მათ შორის: 9th Congress of the European Association for Clinical Pharmacology and Therapeutics, Edinburg, 2009, July 12-15; the 8th International Congress on Coronary Artery Disease “From Prevention to Intervention” Prague, Czech Republic, October 11-14, 2009; and WorldPharma 2010, Copenhagen. 2013 წელს ზემოთ აღნიშნული კვლევის ირგვლივ გამოიცა მონოგრაფია.

ნაშრომის შესახებ პუბლიკაცია გამოქვეყნებულია ათზე მეტ, მათ შორის უცხოურ, სამეცნიერო ჟურნალში. კვლევის შესახებ ავტორთა ნაშრომები ციტირებულია საზღვარგარეთ სხვადასხვა იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში.