Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ნაღვლის სადინარების რეაქცია ნაღვლის შეგუბების ადრეულ ვადებზე

ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური პათოლოგიის ცენტრის ბაზაზე ჰისტოპათო-ლოგიური დიაგნოსტიკის (ოპერაციული მასალის მიკროსკოპული დიაგნოსტიკა) პარალელურად, სხვადასხვა კლინიკური თუ ექსპერიმენტული სამეცნიერო პროექტი ხორციელდება.

დღეისათვის აქ მიმდინარე კვლევათა შორის ერთ-ერთი - „ადრეული დუქტულური რეაქციის ფენომენის“ საკითხს ეხება. ეს კვლევა ნაღვლის შეგუბების ადრეულ ვადებზე ღვიძლის მიკროსკოპულ პრეპარატებში ნაღვლის წვრილი სადინარების, იგივე დუქტულების რაოდენობის მომატების მიზეზის გარკვევას გულისხმობს. ეს სამეცნიერო პროექტი თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე 2009 წელს დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის მილაკოვანი სტრუქტურები - ნაღვლის სადინარები, კარის ვენისა და ღვიძლის ვენების ტოტები, არტერიები, ლიმფური ძარღვები - დიდი ხნის შესწავლის საგანია, მათი აგებულების სირთულიდან გამომდინარე, დღეისათვის მაინც ბევრი „თეთრი ლაქა“ რჩება. ამ სტრუქტურების გამოკვლევა, ფუნქციური მნიშვნელობის დაზუსტება და შესაძლო როლის გაშიფვრა პათოლოგიური პროცესების განვითარებაში მეტად აქტუალური პრობლემაა. ღვიძლის ფუნქციური ერთეულის სხვადასხვა მოდელს არ ძალუძს ყველა იმ სურათის ადეკვატური ინტერპრეტაცია, რომელიც კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიების პირობებში ვლინდება.

“ერთ-ერთი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ნაღვლის გზებისა და ღვიძლის წილაკის ფუნქციური სტრუქტურის გაღრმავებული კვლევის სტიმულს იძლევა, დუქტულური რეაქციაა - ნაღვლის სადინრების რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებები” - განმარტავს კვლევის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ მედიცინის ფკულტეტის დეკანის მოადგილე, ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი დიმიტრი კორძაია.

მისი ხელმძღვანელობით, თსუ მეცნიერებმა ადრე ჩატარებული კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ დუქტულური რეაქცია ნაღვლის საერთო სადინარის დახშობიდან უკვე რამდენიმე საათში ვლინდება; ბოლო პერიოდში განხორციელებული სამუშაოების საფუძველზე კი დაადასტურეს, რომ ნაღვლის შეგუბების ადრეულ ვადებზე ხდება უკვე არსებული, მაგრამ „უხილავი“ ნაღვლის დუქტულების სანათურების გაგანიერება და მათი “გამომჟღავნება” და არა ახალი დუქტულების გაჩენა.

დუქტულური რეაქცია სხვადასხვაგვარია. ის ახლავს ღვიძლის სიმსივნის, ჰეპატიტის, ქოლესტაზების (პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ღვიძლში ნაღვლის შეგუბებით) მიმდინარეობას. ამდენად, ამ რეაქციის ადრეული მოდელის შესწავლა მნიშვნელოვანია ყველა ჩამოთვლილი პათოლოგიის არსში გასარკვევად. მაგალითად, ზოგიერთი ღვიძლის უჯრედი სადინარის უჯრედის ფუნქციას ასრულებს, რაც ხშირი განმეორებადობის შემთხვევაში, სიმსივნის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მექანიზად შეიძლება იქცეს. ზოგჯერ, ღვიძლის უჯრედები ჯერ ნაღვლის სადინარის უჯრედებად გარდაიქმნება, შემდეგ კი საბოლოოდ სადინარად ყალიბდება”, _ განმარტავს კვლევის მეორე მონაწილე, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, თსუ მედიცინის ფაკულტეტის ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ჯანგავაძე.

კვლევაში ასევე ჩართული არიან: მაია მჭედლიშვილი და ნანა გოიშვილი - აკადემიური დოქტორები მედიცინაში, თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები.

მიხეილ ჯანგავაძის თქმით, ეს კვლევა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც თსუ მეცნიერთა მიერ მიღებული დასკვნა ღვიძლის მიკროსტრუქტურის არსებულ მოდელს სცილდება: ნაღვლის დუქტულების განლაგების ახლად შემუშავებული სქემა ორიგინალურია.

პროექტის მონაწილე მეცნიერთა განმარტებით, კვლევის შედეგი საფუძვლად დაედო ჰიპოთეზას, რომლის ექსპერიმენტული შემოწმებაც ამჟამად მიმდინარეობს და რომელიც შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: `თეთრი ვირთაგვების ღვიძლი შეიცავს ჯერ კიდევ უცნობი აგებულების კონსტრუქციებს, რომლთა საშუალებითაც ხდება ნაღვლის დრენაჟი (ნაღვლის ღვიძლიდან გამოტანა). ერთ-ერთი ასეთი სტრუქტურა ღვიძლის ვენების სხვადასხვა კალიბრის ტოტების თანმხლები ნაღვლის დუქტულებია, რომლებიც აქ თავიანთი განთავსების კლასიკური ადგილებიდან - კარის ვენის ტოტების ირგვლივი სივრციდან „გადმოადგილდა“ (კარის ვენა ეწოდება ვენურ სისხლის ძარღვს, რომლითაც ნაწლავებიდან მიღებული სისხლი ღვიძლს მიეწოდება). ღვიძლის ქსოვილის იმ უბნებში, სადაც ღვიძლის ვენების წვრილი ტოტების თანმხლები ნაღვლის ასეთი დუქტულები არსებობს, ნაღვლის კაპილარებიდან ნაღვლის დრენაჟი შეიძლება ხდებოდეს არა მარტო კლასიკური, კარის ვენის მიმდებარე დუქტულებით, არამედ მისი საპირისპირო მიმართულებით, ახლად აღმოჩენილი დუქტულებითაც. ნაღვლის ასეთი არასტანდარტული მიმართულებით დრენირებას, შეიძლება, დამატებითი კომპენსაციური მექანიზმის ფუნქცია ეკისრებოდეს, განსაკუთრებით ვირთაგვაში, რომელსაც, ადამიანისგან განსხვავებით, არა აქვს ნაღვლის ბუშტი (ე.წ. რეზერვუარი ნაღველის დასაგროვებლად) და, ამიტომაც, უფრო მგრძნობიარეა ნაღვლის შეგუბების მიმართ.

მიღებული შედეგები და დასკვნები ფუნდამენტური ხასიათისაა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების გაცემა ძნელია. მეცნიერთა მხრიდან, ძირითადი რეკომენდაცია სხვა სახეობის ცხოველებზე და ადამიანებში ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელებაა. კვლევების შედეგების პრეზენტაცია დაგეგმილია სამხრეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის კონგრესზე, 2014 წელს. ამ თემაზე უკვე გამოქვეყნებულია სამეცნიერო ნაშრომები ჟურნალებში: Georgian Med News, Acta morphologica et anthropologica, Acta Biologica Hungarica