Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა გავრცელება საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში და პრევენციის თანამედროვე მიდგომები

მედიკოსთა შეფასებით, სომატური დაავადებებიდან (დაავადებები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ფსიქიკურ პროცესებთან), ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება კბილის კარიესი და პაროდონტის (კბილის ირგვლივ მდებარე ქსოვილების) დაავადებებია. მათ განვითარებაში მთავარი ეტიოლოგიური (გამომწვევი პირობები და მიზეზები) როლი მიკრობებს ენიჭება, თუმცა ეს დაავადებები მულტიფაქტორული ხასიათისაა და მათ წარმოქმნასა და განვითარებაზე მრავალი ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორი მოქმედებს.

„ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა მაღალი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების არსებობა და მათი უგულვებელყოფა მრავალ მედიკო-სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას შეუქმნის საქართველოს მოსახლეობას, რაც მოსალოდნელი გართულებების სიხშირითა და ორგანიზმზე ნეგატიური გავლენით გამოიხატება. სწორედ ამიტომ, ამ მაჩვენებლების გამოვლენა, შესწავლა და შეფასება აქტუალური საკითხია. მით უმეტეს, რომ საქართველოში უკანასკნელი 25 წლის მანძილზე არ არსებობს სტომატოლოგიურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რომელთა დამუშავება და შესწავლა საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ სტომატოლოგიურ დაავადებათა პრევენციული ღონისძიებები“. – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი მამუკა (ვლადიმერ) მარგველაშვილი.

კბილის ქსოვილების მნიშნელოვანი დესტრუქციის შედეგად მცირდება ღეჭვითი უნარი (ტკივილის გამო), არასრულფასოვნად დაღეჭილი და გადამუშავებული საკვები კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს და კუჭის და ნაწლავების ლორწოვანში შეუქცევადი ცვლილებებიც კი გამოიწვიოს. კარიესისაგან დაზიანებული კბილების ბასრი კიდეები იწვევენ პირის ღრუს რბილი ქსოვილების ლორწოვანის გაღიზიანებას და გინგივიტის (ღრძილის ლოროწოვანი გარსის ანთება), გლოსიტს (ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით გამოწვეული, ენის ანთებადი დაავადება), სტომატიტს (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებადი დაავადებების საერთო სახელი) და სხვა დაავადებების წარმოშობას. კარიესის გართულება, თავის მხრივ, შეიძლება ორგანიზმის ბაქტერიული დასნებოვნების და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების მიზეზი გახდეს. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს კანის, თვალების, გულის, ფილტვების, თირკმელების და სახსრების მეორადი დაზიანება – აცხადებს მედიცინის აკადემიური დოქტორი ლელა წიტაიშვილი.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, კვლევის მიზანია: საქართველოს მოზრდილ მოსახლეობაში სტომატოლოგიურ დაავადებათა სიხშირისა და გავრცელების დადგენა; მათი თავისებურებების კლიმატო-გეოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური, ჰიგიენური, ქცევითი, მედიკო-ბიოლოგიური და სხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით შესწავლა. ამის საფუძველზე კი პრევენციული ღონისძიებების თანამედროვე მიდგომების ჩამოყალიბება.

კვლევა 2013-2014 წლებში თსუ სამედიცინო ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ბაზაზე ჩატარდა. კვლევაში ჩართული იყვნენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარატამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მანანა კალანდაძე და თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარატამენტის მედიცინის აკადემიური დოქტორი ლელა წიტაიშვილი.

კვლევისათვის საქართველოში შესწავლილია ზრდასრული პოპულაციის 2370 წარმომადგენელი – ქალი და მამაკაცი. მკვლევრებმა ისინი 4 ასაკობრივ ჯგუფად დაყვეს: 20-34 წლის, 35-44 წლის, 45-64 წლის და 65-74 წლის ჯგუფებად. გამოიკვლიეს ქვეყნის 9 რეგიონის (მცხეთა-მთიანეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, აჭარა, კახეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, იმერეთი) და თბილისის მოსახლეობა.

როგორც მიღებული შედეგებით დადასტურდა, კარიესის გავრცელება საქართველოს მოსახლეობაში ძალიან მაღალია და 96-100 პროცენტს აღწევს; კარიესის ინტენსივობა ზომიერია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში და ყველა რეგიონში 11,53±7,69 შეადგენს. დაბალი აღმოჩნდა დაბჟენილი კბილების რაოდენობა, რაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმართ, კერძოდ კი რესტავრაციული მკურნალობის ჩატარებისადმი, ადამიანთა სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. უფრო კონკრეტულად, ეს იმის მანიშნებელია, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სტომატოლოგთან ძირითადად კბილების ამოსაღებად მიდის, ან მიმართავს ძალიან დაგვიანებით, როცა კბილების მკურნალობა და აღდგენა უკვე შეუძლებელია.- აცხადებს ლელა წიტაიშვილი.

სამწუხაროდ, საქართველოს ყველა გამოკვლეულ რეგიონში აღინიშნა მოსახლეობის დაბალი სტომატოლოგიური აქტივობა, თუმცა ამ მხრივ გამოირჩეოდნენ სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და სამეგრელო, სადაც პოპულაციის დიდი ნაწილი (79,1%, 78,0% და 71,4% შესაბამისად) წლის მანძილზე ერთხელაც არ აღნიშნავდა სხვადასხვა მიზეზების გამო სტომატოლოგთან ვიზიტს. დაბალი სტომატოლოგიური აქტივობის მიზეზი საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა აღმოჩნდა: მცხეთის (50,3%), სამცხე ჯავახეთისა (49,2%) და იმერეთის მოსახლეობისათვის (55,3%) ეს მიზეზი სახსრების უქონლობით განისაზღვრა, ქვემო ქართლის (58,3%), თბილისისა (57,2%), შიდა ქართლის (56,1%) პოპულაციის დიდი ნაწილი კი არ თვლიდა საჭიროდ სტომატოლოგთან ვიზიტს გადაუდებელი შემთხვევის, ძლიერი ტკივილის ან სერიოზული დისკომფორტის არსებობის გარეშე.

გამოკვლეულთა შორის კარიესის გავრცელებამ ქალებში შეადგინა 99.1%, მამაკაცებში – 98.1%, პირველ ასაკობრივ ჯგუფში (20-34 წწ) – 96%, სხვა ასაკობრივ ჯგუფებში – 99-100%. როგორც მედიკოსები განმარტავენ, ქალების მამაკაცებთან შედარებით მართალია უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გაზრდილი მაჩვენებელი იმითაცაა გამპირობებული, რომ ქალი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მამაკაცზე მეტ მინერალს კარგავს.

საერთო ჯამში, საქართველოს რეგიონებში კარიესის გავრცელების შემდეგი მაჩვენებლები აღინიშნა: თბილისი – 97%, მცხეთა-მთიანეთი 100%, გურია – 96,5%, სამცხე-ჯავახეთი 100%, შიდა ქართლი – 99,5%, აჭარა – 98,7%, კახეთი – 98,3%, სამეგრელო – 100%, ქვემო ქართლი – 99,2%, იმერეთი – 98,3%.

პაროდონტის დაავადებათა შედეგების ანალიზმა აჩვენა არაჯანსაღი (62%) მდგომარეობის სიჭარბე ჯანმრთელ პაროდონტზე (38%). არაჯანსაღი მდგომარეობა განისაზღვრა ზონდირებისას სისხლდენის არსებობით (41%), პაროდონტალური ჯიბეების არსებობით (44%), კბილ-ღრძილოვანი მიმაგრების დარღვევით (47%). არაჯანმრთელი პაროდონტალური სტატუსი აღინიშნა მამაკაცთა 66,9%-ში და ქალების 57,5%-ში, სისხლდენა პაროდონტალური ზონდით შეხებისას შეინიშნა უმეტესად მამაკაცებში (44,9%), ქალებთან (37,2%), ისევე როგორც პაროდონტალური ჯიბეები და კბილ-ღრძილოვანი კავშირის დარღვევა. აღნიშნული ცვლადები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიხშირით იქნა წარმოდგენილი მეორე და მესამე ასაკობრივ ჯგუფებში, და ყველაზე ნაკლებად – ახალგაზრდებში.

მეცნიერთა განცხადებით, კვლევის მონაცემთა სტატისტიკურმა ანალიზმა გამოავლინა სტომატოლოგიურ დაავადებათა გავრცელების სტატისტიკურად სანდო კორელაცია მოსახლეობის სტომატოლოგიურ აქტივობასთან, სოციალურ-ეკონომიკურ, კლიმატო-გეოგრაფიულ ფაქტორებთან, პირის ღრუს მოვლის ჰიგიენური ჩვევების მიმართ ადამიანთა სხვადასხვა დამოკიდებულებასთან.

დაბალი ფინანსური მდგომარეობით, სხვადასხვა სომატური დაავადებების არსებობით, სტომატოლოგიური მომსახურების და პირის ღრუს ჰიგიენის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით ასაკოვანი ადამიანები სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების უფრო მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან. „სტომატოლოგიური დაავადებების ფართოდ გავრცელება ჩვენს ქვეყანაში უმეტესწილად დაკავშირებულია დაბალ ზოგადსამედიცინო განათლების დონესთან და სტომატოლოგიური დახმარების ნაკლებ ხელმისაწვდომობასთან, რაშიც ფინანსური პრობლემები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსებისა და განათლების დონისგან დამოუკიდებლად, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სტომატოლოგიურ მომსახურებას იღებს მხოლოდ ტკივილისა და დისკომფორტის შემთხვევაში და ნაკლები ყურადღება ექცევა პრევენციას“, – განმარტავს მამუკა მარგველაშვილი.

კვლევაში ჩართულ მეცნიერთა დასკვნით, დაბალი ზოგადსამედიცინო და სტომატოლოგიური განათლების დონე და არასაკმარისი სოციალურ-ეკონომიკური პირობები განსაზღვრავს სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობასა და აქტივობას, პირის ღრუს ჰიგიენის მიმართ ადამიანთა დამოკიდებულებას, კარიესისა და პაროდონტის დაავადებათა მაღალ გავრცელებას და, ამის შედეგად, კბილების დაკარგვას საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში. ეს მეტად აქტუალური პრობლემა საქართველოში სერიოზულ ყურადღებას და აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების გატარებას საჭიროებს, რათა გამოსწორდეს მოსახლეობის დამოკიდებულება პირის ღრუს ჰიგიენის მიმართ, გაუმჯობესდეს მისი ზოგადი სამედიცინო და სტომატოლოგიური განათლების დონე და ამაღლდეს პოპულაციის მიმართვიანობა სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად.

კვლევის შედეგების გამოყენება საშუალებას მისცემს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს განსაზღვრონ პრევენციის ძირითადი მიმართულებები და შემუშავდეს სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის გაიდლაინები.

დისერტაციის ირგვლივ გამოქვეყნებულია 4 სამეცნიერო ნაშრომი.