Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

მედიცინის ფაკულტეტი

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია აქვს

საქართველოს მოსახლეობის 51,3%-ს ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის სხვადასხვა ვარიანტები აღენიშნება. ასეთი აზრი გამოთქვა თსუ-ს მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მორფოეპიდემიოლოგიის საკითხებს  სწავლობს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერების კვლევა „ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის) სტრუქტურული და რეცეპტორული იდენტიფიკაცია საქართველოს რეგიონების ოპერაციულ მასალაზე დაყრდნობით“ წლების განმავლობაში მიმდინარეობს. კვლევაში გამოყენებულია მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, ასევე ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის კლინიკური და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიული (იმუნოფერმენტული, დენსიტომეტრიული) ბაზა.

კვლევის ჩატარების საფუძველზე საუბრისას სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ა. ნათიშვილის ინსტიტუტის ციტოლოგიის ლაბორატორიის გამგე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ზურაბ ცაგარელი შემდეგ არგუმენტებს ასახელებს:

 

ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურა ფუნქციის უკმარისობის დროს

 

საქართველოს რეგიონებში ცვლილებები აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის  დაავადებათა კლინიკო–მორფოლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური პროფილის მხრივ, სახელდობრ, დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვის  სიხშირის კლების ფონზე მოიმატა ჰიპოთირეოზის გამოვლენამ.

 

„დღეისათვის არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის (ფჯ) სიმსივნური (არამარტო ავთვისებიანი) დაზიანების შესახებ. არსებობს მხოლოდ ერთეული მონაცემები რუბრიკით „სხვადასხვა სიმსივნეები“ (იხ. დაავადებათა კონტროლის სტატისტიკური ცნობარი 2007, 2010 წწ.), რაც მონაცემთა ბაზის გაფართოება-გავრცელების რეალურ შესაძლებლობას გამორიცხავს. ამ საკითხში ფუნდამენტური, მეცნიერულ კონცეფციაზე დაფუძნებული გამოკვლევის სიმცირე განაპირობებს ექსპერტიზის ჩატარების და პროგნოზის ოპტიმიზაციის დაბალ ხარისხს“.

თსუ მეცნიერთა მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად გამოვლინდა საქართველოს მოსახლეობაში სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის სხვადასხვა ვარიანტი (დასავლეთ საქართველო) და ტოქსიკური კვანძების სიჭარბე ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ორივე სქესის პირებში (აღმოსავლეთ საქართველო).

კვლევის განმავლობაში შესწავლილია საქართველოს მთიან და დაბლობ რეგიონებში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიფერენციული პროფილი. ჰიპოთირეოზის გამომწვევი ფაქტორების (ეკოლოგია, მათ შორის, სასმელი წყალი, სამშენებლო მასალები, სამედიცინო პროცედურები და სხვა) მაპროვოცირებელი როლი.

საქართველოს რეგიონებში ცვლილებები აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა კლინიკო-მორფოლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური პროფილის მხრივ, სახელდობრ, დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვის სიხშირის კლების ფონზე მოიმატა ჰიპოთირეოზის გამოვლენამ.

 

კვლევის მასალების თანახმად, ჰიპოთირეოზის დროს  25 წლის ასაკამდე პირებში ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაზიანების მალიგნიზაციის (უჯრედების მიერ ავთვისებიანი სიმსივნის დამახასიათებელი თვისებების შეძენა), სიხშირე აღწევს 4%–ს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ჰიპოთირეოზის დროს იზრდება არა მარტო რეპროდუქციული ფუნქციის მოშლის, არამედ ფა-რისებრი ჯირკვლის, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის ონკოლოგიურ დაავადებათა რისკი. იმატა ჰიპოთირეოზის გამოვლენამ მრავალკვანძოვანი ჩიყვის სახით, რომელიც, პრობლემის თანამედროვე გაგებით, ასოცირდება კიბოსწინა პროცესებთან, თირეოიდული დისფუნქცია საქართველოს რეგიონებისთვის წარმოადგენს დემოგრაფიულ, სოციალურ და სამედიცინო-გეოგრაფიულ პრობლემას“. – განმარტავს პროფესორი ზურაბ ცაგარელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამედიცინო-გეოგრაფიული ანომალიების და გარემოს რისკ-ფაქტორების გამოსავლენად 2006 წელს შემუშავდა საქართველოს რადიაციული დაბინძურების რუკა, რომელზედაც ე. წ. „ცხელი წერტილების“ პარალელურად, ნათიშვილის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ მონიშნულია ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების გავრცელების სიხშირე, მოლეკულურ-ბიოლოგიური პროფილი და მალიგნიზაციის პოტენციალი.

„ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ 6 000-ზე მეტ ოპერაციულ და 1700-ზე მეტ ექოსკოპიურ პუნქციურ-ასპირაციული ბიოფსიის მასალაზე ჩატარებული დაკვირვება აჩვენებს, რომ ჰოპოთირეოზი იწვევს პოლიორგანულ (მრავალ ორგანოთა) ცვლილებებს. ამ ცვლილებებს მიეკუთვნება საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმში (მრავალუჯრედოვანი ორგანიზმის ქსოვილის ტიპი, რომელიც ძირითადად დაცვისა და შეწოვის ფუნქციას ახორციელებს) უჯრედთა მოლეკულურ-ბიოლოგიური ატიპია, რაც დაზიანებათა ბიოლოგიური პროგრესიის შეფასების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგნოზული ნიშანია. ჩვენი შეხედულებით, ეს ფენომენი უნდა იყოს ორი წამყვანი ჰორმონული სისტემის ჯვარედინი კომბინაციის შედეგი“. – განმარტავს კვლევის მეორე მონაწილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელ-მძღვანელი, პროფესორი ლიანა გოგიაშვილი.

კვლევის მასალების თანახმად, ჰიპოთირეოზის დროს 25 წლის ასაკამდე პირებში ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაზიანების მალიგნიზაციის (უჯრედების მიერ ავთვისებიანი სიმსივნის დამახასიათებელი თვისებების შეძენა), სიხშირე აღწევს 4%-ს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართა მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის ჩართვას 35 წლის ასაკის ზევით ქალებში, ასევე ამ პათოლოგიით დაავადებულთა საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის მონიტორინგს.

მეცნიერთა განმარტებით, ფარისებრი ჯირკვლის მორფოეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგები, დასკვნები და რეკომენდაციები საფუძვლად უდევს დამზოგველი ოპერაციული ჩარევის ტექნიკის შემუშავებას, ასევე ოპერაციამდე ფჯ კვანძოვან დაზიანებაში ე.წ. მიკროკარცინომის ადრეულ დიაგნოსტიკას, რაც, სადღეისოდ არ აღემატება 10%-ს. მიკროკარცინომა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ქვესახეობაა, რომლის ზომაც 1 სმ-ზე ნაკლებია.

სხვადასხვა პერიოდში კვლევებში ჩართულნი არიან: ელენე გიორგაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი; ვასილ ჩაჩიბაია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ენდოვიდეოქირურგიის განყოფილების გამგე; ნინო ვეფხვაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ პრევენციული მედიცინისა და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მაგული ჩხობაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პათოლოგიური ანატომიის განყოფილების ხელმძღვანელი; მედიცინის დოქტორები, თსუ ა. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები – ელენე ნიკობაძე, მანანა დგებუაძე, თინათინ კვაჭაძე, ეკატერინე მელიქაძე; ნათია რურუა – თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი.

როგორც პროფესორი ლიანა გოგიაშვილი განმარტავს, საქართველოს სამედიცინო საინფორმაციო ველში ანალოგიური კვლევები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არ ტარდება. საზღვარგარეთ (იტალია-სარდინია, სამხრეთ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპირო, აშშ, გერმანია), იკვლევენ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაზიანებებს. სადღეისოდ აქტუალურია ჰიპოთირეოზის კავშირი კიბოსწინარე პროცესებთან. მეცნიერის განმარტებით, მათი კვლევის შემდეგი საფეხურია საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა პოპულაციებში ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაზიანების გენეტიკური მარკერების შესწავლა.

ზურაბ ცაგარელის თქმით, მიღებული შედეგები და დასკვნები ფუნდამენტური ხასიათისაა და ბევრი მათგანი პროფილურ კლინიკებშია დანერგილი.

კვლევის შედეგები სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო: საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე (2009.04.13); შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების საანგარიშო სხდომაზე (2011.09.17); საერთაშორისო კონგრესზე Euro Med-14 (2014.05.06, ჰანოვერი, გერმანია). ამ საკითხზე გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი ჟურნალებში: „Georgian Medical Neus“, „Allergology and Immunology“, „EuroMed“ – Medicine, 2014. ჩატარებული კვლევის საკითხზე წაკითხული მოხსენება კი საერთაშორისო კონფერენციაზე Euro Med- 2014, დიპლომით და რობერტ კოხის სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა.