დადგენილება №47/2012
20 ივნისი, 2012
ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
14.04.2014, №38/2014 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის
მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტისა და მე–6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (შემდგომში – მედალი) წარმოადგენს უნივერსიტეტის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულ საპატიო ჯილდოს.

2. მედალი შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში, საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში, საზღვარგარეთ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების სამეცნიერო–პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებაში.

3. მედლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს ან უნივერსიტეტის რექტორის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.

4.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი